"ბრალდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზეა აგებული, ანალოგიურ საქმეებზე კი გირაოა გამოყენებული" - კვირის პალიტრა

"ბრალდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზეა აგებული, ანალოგიურ საქმეებზე კი გირაოა გამოყენებული"

ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ბრალდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზეა აგებული.

გელბახიანი სასამართლოში გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, ალერტნატივის სახით კი, გირაოს შესთავაზებს.

"მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, ბრალდება აგებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე. ანალოგიურ საქმეებზე გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო და ეს სასამართლო გამონაკლისს ვერ დაუშვებს, თუ გამონაკლისს დაუშვებს, ეს პოლიტიკური დევნაა", - განაცხადა გელბახიანმა.

რამდენიმე წუთში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგი წულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გოგო წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია ორი დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.