"ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული" - კვირის პალიტრა

"ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული"

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაიას მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, წარმოდგენილ საქმეზე არსებობს უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა და არამხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, არამედ საქმეშია წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

"მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ამასთან ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ბრალდების მხარე არ ეყრდნობა, არამედ წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვიდეომასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა მას შემდეგ რაც გოგი წულაიამ განახორციელა სავარაუდოდ 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღდმეგო და ბრალეული ქმედება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულები, რომელიც ადასტურებს რომ შემთხვევის დღეს და დროს გოგი წულაიამ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, როცა წარვადგენთ სასამართლოში აღნიშნულ საქმეს, იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა",- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გოგი წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც შსს-ს ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

"ინტერპრესნიუსი"