"დათა პაპა არის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"დათა პაპა არის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ცნობისთვის, დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

"აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო", - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის მეუღლემ ვალია ვანიშვილმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

ვალია ვანიშვილის თქმით, მისი მეუღლე დათა ვანიშვილი საკუთარ კარ-მიდამოს ოკუპაციის მიუხედავად არ ტოვებდა.

"დღეს უნდა წაგვეყვანა საავადმყოფოში. მითხრა, შენ სახლიდან არსად წახვიდეო. ქართველები დაგეხმარებიან, არ დაგტოვებენ მშიერსო. აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო. ვიწვალეთ, ბევრჯერ მშივრები ვიყავით", - აცხადებს ვალია ვალიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუერთდები ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობას დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

"სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუერთდები ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობას დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაცო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი", - აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, დათა ვანიშვილი იმ უმძიმეს ხვედრს განასახიერებს, რომელსაც დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი, როგორც ცხინვალის რეგიონებში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა.

"სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, როგორც არის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და თავისუფალი გადაადგილება, რაც იწვევს ოჯახების გაყოფას. საკუთრებაზე, მათ მიწაზე და სახლებზე წვდომის დაკარგვას. ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, ყველა შესაძლო რესურსის და მექანიზმის გამოყენებით. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ენიჭება საერთაშორისო პარტიორების გაძლიერებულ ძალისხმევას და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე მცხოვრები ადამიანების ურთულეს ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დათა ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს", - განაცხადა ახვლედიანმა.