"ერთი რამ ცალსახაა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ფასილიტაციით და მედიაციით საუბარი საკმარისი არ არის" - კვირის პალიტრა

"ერთი რამ ცალსახაა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ფასილიტაციით და მედიაციით საუბარი საკმარისი არ არის"

"მედიატორებმა უნდა გაასაჯაროვონ, რა ხდებოდა სინამდვილეში 9-საათიან შეხვედრაზე, რადგან აქ ხალხი პოლიტიკოსებს არ ენდობა"

18 მარტს "ქართული ოცნებისა" და "ოპოზიციის" 9-საათიანი შეხვედრა შეთახმების გარეშე დასრულდა, ევროპელი მედიატორი - კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში ხელცარიელი დაბრუნდა. "პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული, სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს", - განაცხადა დანიელსონმა.

მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება პოლიტიკურ აქტორებს საშუალებას მისცემდა ყურადღება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაემახვილებინათ. "მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და შემოთავაზების შემდეგ, ევროკავშირს მედიაციის როლი რომ შეესრულებინა. ევროკავშირმა და აშშ-მა დიდი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდპანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ - ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას", - აღნიშნა მედიატორმა.

ვინ არის პასუხისმგებელი იმ მთავარი საკითხების მოგვარებაზე, რომლისთვისაც ახლა არ სცალიათ და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ მოიცლიან, როგორ შეაფასებს დასავლეთი დღეს საქართველოში განვითარებულ პროცესს და შეიცვლება თუ არა მათი დამოკიდებულება ჩვენდამი? - ამ საკითხებთან დაკავშირებით ანალიტიკოსები, თორნიკე შარაშენიძე და ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრებიან.

თორნიკე შარაშენიძე: - ამ ამბავს ჰქონდა სრულიად ლოგიკური დასასრული. ოპოზიციაში წამყვან როლს თამაშობს ოპოზიცია, მეორე მხარეს, გასაგებია, ვინც არის -"ქართული ოცნება". ორივე მხარეს აქვს ხისტი პოზიცია და რადიკალური მიზანი. "ნაციონალური მოძრაობა" იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" სადღაც ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს და, როგორც მიშა სააკაშვილი ამბობს, საბოლოოდ ჩამოიშლება. "ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესს გაწელავს და ამასობაში ოპოზიცია დაიშლება.

- ოპოზიცია ამბობს, რომ დანიელსონის წასვლით პროცესი არ დასრულებულა. რას უნდა ველოდოთ ახლა დასავლეთისგან?

- სავაჭრო საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებულ ხელშეკრულებას არავინ აუქმებს, უვიზო მიმოსვლას არავინ აუქმებს, ევროკავშირში და ნატოში ისედაც არ გვიღებენ. არც სანქციები იქნება. ასეთსაც არაფერს აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ სანქციები დაადონ. შეეგუება ამ ყველაფერს საზოგადოება, ჩვეულებრივად გააგრძელებს ამ რეჟიმში ცხოვრებას.

- გამოსავალი რა არის, მესამე ძალის კონტურებს ისევ ვერ ხედავთ?

- ნამდვილად ვერ ვხედავ. ამ არჩევნებმა კიდევ უფრო გაამძაფრა პოლარიზაცია და ეს გაგრძელდება, ვიდრე ოპოზიციაში წამყვანი ძალა "ნაციონალური მოძრაობა" იქნება.

- რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლმი "ტვიტერით" საქართველოში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლას გამოეხმაურა, თავის გვერდზე აშშ-ის უმაღლესი პირები მონიშნა და მოუწოდა, მეტად ჩაერიონ საქართველოს კრიზისში: "არ არის კარგი, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა. საჭიროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანი უფრო მეტად ჩაერიონ საქართველოს პოლიტიკაში", - ეს ფაქტი რას გვეუბნება? შესაძლოა, ამერიკა უფრო აქტიურად და ქმედითად ჩაერთოს პროცესში? - განცხადებები კეთდება, მაგრამ ადმინისტრაცია ჯერჯერობით საქმეში არ ერევა. ფიქრობენ, რომ მათი ჩაურევლობით არ დაიქცევა დღეს საქართველო. გარდა ამისა, რომც ჩაერიოს, ხომ უნდა დაინახოს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კომპრომისებზე წამსვლელი პოლიტიკოსები არსებობენ. ამას ვერ ხედავენ და რაში ჩაერიონ, რატომ დახარჯონ თავიანთი დრო ტყუილად?!

ვახტანგ ძაბირაძე: - დღეს ჩვენს რეგიონში ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა და იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი ვართ დასავლეთისთვის, რომ არ მგონია, ამ ერთი წარუმატებელი შემთხვევის გამო, ევროპამ ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს. საქმე ის არის, რომ დანიელსონს მოუწია კარგად გარკვეულიყო ქართული პოლიტიკური სპექტრის სპეციფიკაში. მგონია, რომ ეს მოახერხა კიდეც, გარკვეული აზრიც ჩამოუყალიბდებოდა და შესაბამის ინფორმაციასაც ჩაიტანდა ბრიუსელში.

იმედი მაქვს, რაღაც დროის შემდეგ მოიძებნება ფორმატი, რომლის მიხედვითაც, არა მხოლოდ ერთი დანიელსონი, არამედ - დიპლომატთა მთელი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში და იმუშავებენ, როგორც ხელისუფლებასთან, ისე - ოპოზიციასთან. მანამდე აქ პოლიტიკური ძალები კიდევ ერთხელ მოსინჯავენ თავიათ შესაძლებლობებს. ახლა ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, ჰგონია, რომ ძალიან სწრაფად ააგორებს საპროტესტო ტალღას, რაშიც მე ეჭვი მეპარება...

ძალიან მნიშვნელოვანია, სენატში როგორ განიხილავენ საქართველოს თემას. წინასწარ შემიძლია ვივარაუდო, რომ არჩევნების შეფასების საკითხი ეუთო/ოდირის და "აირაის" დასკვნებს დაეყრდნობა და არა იმას, თუ რას ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი ან სხვა ოპოზიცონერი ლიდერი. ერთი რამ უკვე ცალსახაა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ფასილიტაციით და მედიაციით საუბარი საკმარისი არ არის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისეთი ჯგუფი გვჭირდება, რომელიც მინიმუმ მომრიგებელ-მოსამართლის ფუნქციას იკისრებს. მხოლოდ ელისაშვილისგან გავიგეთ, რომ, თურმე, "ქართული ოცნება" წასულა კომპრომისზე, ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით გადაეწყვიტათ, ჩატარდებოდა თუ არა რიგგარეშე არჩევნები.

სხვა დანარჩენის შესახებ, თუ რა ხდებოდა იქ, არაფერი ვიცით. ჩემი აზრით, მედიატორებმა უნდა გაასაჯაროვონ, რა ხდებოდა სინამდვილეში იქ. მესმის დასავლელი პარტნიორების, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკების დეტალების გახმაურება ხელს უშლის მოლაპარაკებას. ეს მათთან, ევროპასა და ამერიკაშია აპრობირებული მეთოდი. იქ კარგად მუშაობს, იმიტომ, რომ ხალხი ენდობა პოლიტიკოსებს, ჩვენ არ ვენდობით. საუბრის დასაწყისში ამიტომაც გავაკეთე აქცენტი ქართული პოლიტიკის სპეციფიკურობაზე. ჩვენ არც ხელისუფლების გვჯერა და არც ოპოზიციის, უნდა ვიმკითხაოთ, ახლა ვინ რა თქვა, ვის ჰქონდა ხისტი პოზიცია და ვინ ჩაშალა მოლაპარაკება. როდესაც პროცესს მეტი საჯაროობა ექნება, ქართული პოლიტიკური სპექტრიც მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)