"იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა" - ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის - კვირის პალიტრა

"იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა" - ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

"დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება.

"დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.

დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს",-აცხადებს უდუმაშვილი.

"ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთს უარი ღიად უთხრა.

"ხშირად გაიგონებთ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სასოწარკვეთილ გამოძახილს, რომ ეს კაცი ასე არ წავა. ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, ეს განცდა, რომ ივანიშვილი ასე ჩვეულებრივად არ წავა, კიდევ უფრო გამძაფრდა ჩვენს თანამოქალაქეებში. მაშინ როგორ უნდა წავიდეს ივანიშვილი? თუ ჩვენ არ გავმოძრავდებით, თითოეული ჩვენგანი, თუ მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები ერთად არ დავირაზმებით, ერთი იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს - მოძრაობას საქართველოსთვის. პრაქტიკულად, ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს, უარი უთხრა დასავლეთს და ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ დარჩება და რომც არ უნდოდეს ვიღაცებს "ქართულ ოცნებაში", ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია - ეს ადამიანი წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით, წავა აუცილებლად და ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს. ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს, იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებში, იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა, ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, ჩვენ უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ ის, თუ რა ხდება აქ, რუსთაველზე, რატომ დგას კარვები, იმიტომ რომ დღეს როდესაც პანდემია მძინვარებს, როდესაც ხელისუფლებამ ბოლომდე ჩააფლავა ვაქცინაცია და უამრავი ადამიანი გაწირა, ბედის ანაბარა დატოვა, ადამიანებს აინტერესებთ, რას აკეთებს ქართული ოპოზიცია", - განაცხადა უგულავამ.