"თბილისი ანკარასაც და ბაქოსაც საკუთარ პოზიციას მკაფიოდ აჩვენებს, შევხედოთ დღეს როგორი გეოპოლიტიკური სურათი იხატება" - კვირის პალიტრა

"თბილისი ანკარასაც და ბაქოსაც საკუთარ პოზიციას მკაფიოდ აჩვენებს, შევხედოთ დღეს როგორი გეოპოლიტიკური სურათი იხატება"

"თურქეთი ასევე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისათვის... ეს ყველაფერი არის მანამ, სანამ ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესები ითხოვს"

სომხეთის რუსულენოვან გაზეთ "რესპუბლიკა არმენია"-ში ("Республика Армения", 19 მარტი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ერევნის კვლევითი ცენტრის "ორბელის" ანალიტიკოსთან, პოლიტოლოგ ჯონი მელიქიანთან სათაურით "როგორ იცვლება სამხრეთ კავკასია არცახის ომის შემდეგ". პუბლიკაციაში, ჟურნალისტ გაიანე მოვსესიასთან საუბრისას, პოლიტოლოგი რეგიონის გეოპოლიტიკურ სიტუაციას აანალიზებს და, ბუნებრივია, საქართველოში შექმნილ სიტუაციასაც ეხება, ხაზს უსვამს თბილისის პერსპექტიულ როლს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკაში.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ომმა, რომელიც გასულ შემოდგომაზე აზერბაიჯანულ-თურქულმა ტანდემმა არცახის [მთიანი ყარაბაღის] წინააღმდეგ გააჩაღა, გავლენა სამხრეთ კავკასის ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზეც მოახდინა. აქვს თუ არა მომხდარ სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტთან კავშირი საქართველოში შექმნილ საშინაოპოლიტიკურ მდგომარეობას?

- არა. იმიტომ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ახალი არ არის. ჩვენი მეზობლის შიდაპოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ 2018-2019 წლებიდან იწყება, როცა პოლიციამ, თვითმხილველთა აზრით, არაპროპორციული ზომები გამოიყენა ახალგაზრდულ კლუბებში და შემდეგ - ანტირუსული საპროტესტო აქციის დაშლის დროს. მოგვიანებით ამას მოჰყვა ოპოზიციის უკმაყოფილება საპარლამენტო არჩევნების შედეგებით... სიტუაცია გაამწვავა მიხეილ სააკაშვილის პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებამ. კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირის წარმომადგენლების ჩარევის მიუხედავად, სიტუაცია ისევ რთული რჩება.

საქართველოსთვის გასული წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემიის გამო. რადგანაც ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზეა ორიენტირებული, ტურისტების ნაკადის შეწყვეტამ მასზე ძალიან სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა, დიდი დანაკარგები განიცადა. (...) დღეს, როცა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიდის, როცა ჰორიზონტზე ახალი გამოწვევები მოჩანს, თბილისის ინტერესებშია დროულად დაასრულოს შიდაპოლიტიკური კრიზისი და რეფლექსი გამოავლინოს, მიმდინარე რეგიონული პროცესები გაანალიზოს, რათა მინიმუმადე დაიყვანოს რისკები და მაქსიმალურად ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით.

- რამდენად მტკიცედ არის საქართველო ჩართული ანკარა-თბილის-ბაქოს ღერძში, რომლის მეშვეობით თურქეთი დიდი ხანია ცდილობს რეგიონში რუსეთის გავლენა შეამციროს? - მე ვიტყოდი, რომ "ღერძი" შედარებით უფრო მტკიცე იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ჩემი დაკვირვებით, 2012 წლიდან, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, "ღერძმა" ნელ-ნელა შესუსტება დაიწყო. დიახ, არის ეკონომიკური პროექტები, არის სტრატეგიული პარტნიორობა... ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოსთვის თურქეთი მხოლოდ უბრალო მეზობელი ქვეყანა არ არის, საქართველოსთვის ეს ქვეყანა ნატოს მსხვილ რეგიონულ წევრს წარმოადგენს და [თბილისის] უსაფრთხოების საკითხებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას თურქეთიც ხელს უწყობს. გარდა ამისა, თურქეთი ასევე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისათვის... ეს ყველაფერი არის მანამ, სანამ ამას საქართველოს საგარეოპოლიტიკური ინტერესები ითხოვს. თბილისს ძალიან ჭირდება, რომ ნატოელი და საერთოდ, დასავლელი პარტნიორები რთულ დროს მასთან იყოს და გვერდში ედგნენ.

პარალელურად, თბილისი ანკარასაც და ბაქოსაც საკუთარ პოზიციას მკაფიოდ აჩვენებს. აი, შევხედოთ დღეს როგორი გეოპოლიტიკური სურათი იხატება: არცახის ომის შედეგების ფონზე თურქეთი კიდევ ერთხელ გამოვიდა კავკასიური თანამშრომლობის პლატფორმით რეგიონში (ფორმულა "3+3"), რომლის მიზანს რა წარმოადგენს, ჯერ კიდევ გაუგებარია - ეკონომიკა თუ რაღაც სხვა. საინტერესო მომენტია: საგარეოპოლიტიკური ვექტორების განსხვავების მიუხედავად, ეს პლატფორმა მიუღებელია როგორც სომხეთისათვის, ასევე საქართველოსათვის. თბილისი თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ რუსეთი ოკუპანტია და სადაც მოსკოვი იქნება, იქ თბილისის ადგილი არ არის, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამ პლატფორმაში დასავლეთი რატომღაც არ ჩანს. საქართველოსთვის ასევე მიუღებელია თურქულ-აზერბაიჯანული კავკასიური პლატფორმა კიდევ ერთი მიზეზით: აღნიშნული ფორმულის ("3+3") მინიმუმ ორ ქვეყანას აქვს პრობლემები დასავლეთთან - რუსეთს და ირანს, პლუს თურქეთსაც, რომელიც დასავლეთისთვის არაკეთილსაიმედოს წარმოადგენს.

რაც შეგვეხება ჩვენ - სომხეთს, ამას კომენტარი არ სჭირდება, თუ რამდენად საზარალოა ერევნისთვის კავკასიურ პლატფორმაში მონაწილეობა. ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ, რომელშიც ირანს განსაკუთრებული სტატუსი აქვს...

გარდა ამისა, არსებობს ჩინეთის ფაქტორიც. სომხურ მასმედიაში, როგორც ჩანს, ჩინური ფაქტორის გავლენას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, კერძოდ საქართველოში. ჩინური კორპორაციები ბოლო 5-10 წლის განმავლობაში საქართველოში იმყოფებიან, იქ არის ბანკი ჩინური კაპიტალით, სამშენებლო კომპანიები, თავისუფალი ეკონომიკური ზონები თბილისსა და ფოთში... სხვათა შორის, საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ჩინური კორპორაციის შვილობილი კომპანიის ტოპ-მენეჯერი იყო.

საქართველოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იანვრის მდგომარეობით, თურქეთმა ვაჭრობაში, 2007 წლის შემდეგ, პირველად დაიკავა მეორე ადგილი, პირველი კი ჩინეთმა. არ ვიცი, რამდენად მუდმივი იქნება ეს ტენდენცია, მაგრამ ახლავე აშკარაა, რომ ჩინური კორპორაციები თურქულთან სერიოზულად კონკურირებენ და მათ ქართული ბაზრიდან აძევებენ. თავის მხრივ, ქართული ექსპორტიც მნიშვნელოვნად არის ორიენტირებული აღმოსავლეთზე: ღვინის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის, წიაღისეულის ექსპორტი ჩინეთში აქტიურად ხდება. ასე რომ, ჩინეთი სამხრეთ კავკასიურ რეგიონში ტავისი პოზიციების განმტკიცებას გააგრძელებს. ვფიქრობ, რომ შორეული ჩინეთი ახლო მეზობელ თურქეთს კვალდაკვალ მისდევს და "ქუსლებში ურტყამს". შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის საპირწონე რეგიონში ჩინეთიც ხდება და ეს სულ უფრო შესამჩნევი იქნება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ