"რა გგონიათ, მთაწმინდა სტაბილურია? ან ვაკე და ბაგები? მთელი ვერეს ხეობა პრობლემაა!" - ემუქრება თუ არა თბილისს საფრთხე?!
"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება, ამიტომ სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს"
თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, სადაც ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მთის ფერდზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მიწაა დაძრული. გაჩენილი ნაპრალი, სპეციალისტების თქმით, იმის მანიშნებელია, რომ პროცესი სწრაფად ვითარდება. თბილისის მერიამ გელოვანი-მაჭავარიანის დამაკავშირებელი ბეტონის გზის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია. მერიას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთი ნებართვა აქვს გაცემული - მთის ქედზე საცხოვრებელი და სხვა ნაგებობები შენდება.
16 მარტიდან მერიამ ორმხრივად ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე საქმიანობის გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. კახა კალაძის განაცხადებით, ნაპრალის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. ვითარებას გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან, ქართველი სპეციალისტების ნაწილი კი ამბობს, რომ ჯებირი, რომელსაც მერია ფერდობის ქვემოთ აშენებს, ჩამოშლის შემთხვევაში მიწის მასას ვერ დაიჭერს და მისი აგება ფულის უაზრო ხარჯვა იყო. გამოსავალი არც ფერდის მოჭრა იქნება, რადგან მეწყერსაშიშ ზონაში ეს უფრო დიდ რისკს გამოიწვევს.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის თქმით, მეწყრული პროცესების მონიტორინგი პირველივე წუთიდან მიმდინარეობს:
"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.…შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც 24-საათიანი რეჟიმით აკვირდება მეწყრულ პროცესს, შემოგვიერთდებიან გერმანელი ექსპერტებიც... დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, იყო რეკომენდაციები, რომ ეს არ იყო მოსახლეობისთვის სახიფათო, თუმცა, როდესაც მეწყრის მასშტაბი ისე გაიზარდა, რომ უკვე შეიძლებოდა მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, ქუჩა ჩაიკეტა. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება და უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები, რა ღონისძიებებია გასატარებელი... ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებსაც თბილისის მერია ახორციელებს, წინ უსწრებს კვლევა, რომელშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. დღეს ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც მათ თითქოს ექსკლუზიურად მოიპოვეს. სინამდვილეში ეს დოკუმენტი ხელშეკრულების ნაწილია და არის საჯარო. ის შეეხება მაჭავარიანი-გელოვანის გზის სამუშაოებს და არა - ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს... მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესი მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ზედა ფერდობზე, ხოლო საგზაო სამუშაოები, რომლებზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩის ქვედა ნაწილში".
"ასეთი მძიმე მდგომარეობა ჩვენს გეოლოგიას არ ახსოვს"
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გეოფიზიკის პროფესორი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ძნელი სათქმელია, რა სისწრაფით გაღრმავდება ნაპრალები და როდის შეიძლება მიწა დაიძრას.
- ვიზუალურად ეს მასა ნახევარ მილიონ კუბამდეა, მაგრამ შეიძლება მეტიც იყოს. არ ვიცით, სიღრმეში რა ხდება და რა შეიძლება დაძრულ მასას გამოჰყვეს.
- უპირველესად რა უნდა გაკეთდეს? - მე ჯერ სამუშაოებს გავაჩერებდი, რადგან ვიბრაცია, გაზაფხულის წვიმები განსაკუთრებით საშიშია. ითქვა, 15-მილიონიანი პროექტი როგორ გავაჩეროთო. ორი ადამიანის სიცოცხლედ არ მიღირს შენი 15-მილიონიანი პროექტი! გერმანელი სპეციალისტები ახლა მოჰყავთ?! ჩამოეყვანათ სექტემბერში, როცა პრობლემა შენიშნეს. ახლა აზრი არ აქვს, მთელი მთა დაძრულია და როგორ უნდა გააჩერო?
- რა არის გამოსავალი? - გამოცდილმა ადამიანებმა უნდა მოუძებნონ გამოსავალი საინჟინრო გადაწყვეტილებას. კონსულტანცია გავიარე ამ დარგის ბევრ სპეციალისტთან, გეოლოგებთან და ასეთი მძიმე მდგომარეობა ჩვენს გეოლოგიას არ ახსოვს. მეწყერსაშიში ადგილი თბილისში ძალიან ბევრია და მერია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთ ადგილებში ნებართვის გაცემას.
რა გგონიათ, მთაწმინდა სტაბილურია? ან ვაკე და ბაგები? მთელი ვერეს ხეობა პრობლემაა!
უნდა შემუშავდეს განაშენიანების პროგრამა, რომელიც უნდა ემყარებოდეს სამეცნიერო კვლევებს, რეკომენდაციებს, მერე კი ამას მწყობრად უნდა მიჰყვეს სახელმწიფო.
- რაც ჩამოწვა, იმ მასის მოჭრა რატომ არ შეიძლება? - ეს პრობლემა უმაღლესი კლასის ინჟინრებმა უნდა გადაწყვიტონ, აქ კი მეორეხარისხოვანი გეოლოგები არიან. მერიას კედელი აუშენებია იმ ადგილას! საინტერესოა, ვის ჰგონია, რომ ეს იმ მასას შეაკავებს? მშენებლობები ისეთი მასშტაბური, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა - ყველა ხვრელში კორპუსი ჩადგეს!
სადაც ახლაა პრობლემა, იმის მიმდებარედ იგივე პრობლემა შექმნა "თიბისის" სათავო ოფისის მშენებლობამ. იქ მიმდინარე სამუშაოების დროსაც მთლიანი ფერდი მოიჭრა, შუა მეწყერზე ფერდის მოჭრა შეიძლება?! ეს ქაოსი ამ ქვეყნის გადაუჭრელი პრობლემაა. ვისაც სადაც მოუნდება, იქ ჭრის კლდეს და არ ფიქრობს, რა შეიძლება მოჰყვეს.
"საგანგაშო არაფერია და კატასტროფაც არ მოჰყვება"
პრობლემის გადაწყვეტის განსხვავებული მოსაზრება აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ირაკლი გუჯაბიძეს.
- მაჭავარიანის #20-ში 2005 წელს კორპუსი აშენდა და იქ კლდის მოჭრამაც ანალოგიური მეწყერი გამოიწვია. მაშინ მერიამ სასწრაფოდ დახმარება გვთხოვა და ჩვენ პრობლემა მოვაგვარეთ - მივაკერეთ ის დაძრული ფერდობი ისე, რომ მიწა არ მოგვიშლია. 15 წელი გავიდა და არაფერი დაძრულა. იქაც 500 000 კუბური მეტრი იყო და გავაჩერეთ. ქანებსაც ანალოგიური წყობა ქონდა, სრიალის ადგილებიც ისეთივე იყო, დახრაც მსგავსი. მაშინ ნამდვილად იყო საფრთხე, კორპუსი იყო აშენებული და რამდენიმე ოჯახიც - შესახლებული. დაახლოებით 7-8 მეტრ სიღრმეზე ჩანდა ზედაპირი. შემადგენლობა რომ ვნახეთ, შევარჩიეთ შესაბამისი ნივთიერება და შევუშვით შიგნით სპეციალური შესაშხაპუნებელი, რომელიც რამდენიმე წუთში გაყინა და კედელიც გამკვრივდა. კედლები დავბურღეთ, დავაანკერეთ. შემდეგ ზედა დარღვეულ მასას გავუკეთეთ მსუბუქი ცემენტი ძალიან დაბალი წნევით და მივიღეთ მონოლითური ფერდობი, რომელიც ძირითად მასებთან ორმაგად შეიკრა. ბოლოს, საყრდენი კედელი ავაშენეთ, რადგან იქ მოსახლეობა მანქანებსაც აჩერებს.
- ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე გაჩენილი პრობლემა გზის მშენებლობამ გამოიწვია? - როცა ყველაფერი შესწავლილია, წონასწორობა არ ირღვევა. მერწმუნეთ, საგანგაშო არაფერია და კატასტროფაც არ მოჰყვება, ოღონდ საჭიროა სწრაფად მუშაობა. ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება, ამიტომ სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით დროულად უნდა დაიწყოს.
- სხვა სპეციალისტების შეფასებები უფრო მწვავეა... - თუ ამ საკითხზე კითხვას ექიმს ან სეისმოლოგს დაუსვამ, გეტყვის, რომ წარღვნაა მოსალოდნელი...
- ამ ტერიტორიაზე მერიას გზის მშენებლობის შეჩერება მოუწევს? - თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, არაფრის შეჩერება არ მოუწევს, გზის მშენებლობაც დამთავრდება, ოღონდ მერიამ თანხა უნდა გაიღოს, რომ ასეთი ზონები წინასწარ გამოვიკვლიოთ...
ეტყობა, ზოგადი იყო გეოლოგების დასკვნა, რომელიც მაშინ ამ უბანზე გაიცა, თორემ სხვა უბნებზეც ჩააჭრეს კლდე და ქანი თავის თავს იტანს. არ ვიცი, ვინ გასცა დასკვნა, მაგრამ მშენებელს რომ სცოდნოდა, რა იყო იქ, რა თქმა უნდა, ყველაფერს წინასწარ გაითვალისწინებდა.
- რა მეთოდით შეიძლება ამ პროცესის შეჩერება? - ასეთ დროს საყრდენი კედლის აგება ყველაზე იოლია, მაგრამ ახლა ეს დაგვიანებულია.
- გამოითქვა მოსაზრება, რაც წამოსულია, უნდა მოიჭრას, თუმცა ამ დროსაც არის საფრთხეო. მოჭრა შეიძლება?
- არის ასეთი მეთოდი - მეწყრული სხეულის წონის შემცირების მიზნით მას ჭრიან ტერასებად, საფეხურებად და მოძრაობა ჩერდება, მაგრამ აქ ეს არ გამოვა, რადგან ქანი უკვე დაშლილია და გადატანა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე მისი მიანკერება და მიკერება.
არ სჭირდება ამ პრობლემას ველოსიპედის გამოგონება, ასეთი რამ უკვე გავაკეთეთ და არც ახლა გვაქვს პანიკის საფუძველი. თუმცა მერიამ ახლა მაინც უნდა დაიწყოს ასეთი უბნების წინასწარ შესწავლა, განსაკუთრებით - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.