ხურვალეთში დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ხურვალეთში დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სოფელ ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე დილიდან იკრიბებიან, როგორც ოჯახის ახლობლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, დათა ვანიშვილის სახლი ადგილია - ოკუპაციის შეუგუებლობის.

„ეს ადგილი არის, სადაც კარგად ჩანს, თუ რამდენად ვერაგი და ველურია რუსული სახელმწიფო, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქის ეზოში გაიყვანა მავთულხლართები და მეორე მხრივ, ესაა ადგილი შეუგუებლობის, როდესაც ამ მოხუცმა ადამიანმა თქვა, რომ "მე არ შევეგუები ოკუპაციას", ეს ჩემი მიწაა და საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, ფაქტიურად გმირობის მაგალითი გვაჩვენა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას ხვალ,22 მარტს დაკრძალავენ.

ფოტო: მოძრაობა "სირცხვილია".