"რატომ გიყვარს სამშობლოო? და დამიხვრიტეს შვილი... მეზობელ აფხაზს მოუპარავს მისი ცხედარი და დაუმარხავს" - კვირის პალიტრა

"რატომ გიყვარს სამშობლოო? და დამიხვრიტეს შვილი... მეზობელ აფხაზს მოუპარავს მისი ცხედარი და დაუმარხავს"

"მსურს ყველა ბედნიერი იყოს და სიკეთის კეთებაში ვეჯიბრებოდეთ ერთმანეთს. სიყვარულია მთავარი ამ ცხოვრებაში. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, სხვანაირად არაფერი გამოვა", - ამბობს 102 წლის ქალბატონი, ღვაწლმოსილი პედაგოგი თინა ხვიტია, რომლის იუბილეც 20 მარტს აღნიშნეს ოჯახის წევრებმა... ქალბატონ თინას რთული ცხოვრების გზა აქვს გავლილი. ყველა სხვა ტკივილი ალბათ, შედარებით უფერულად გამოიყურება შვილის სიკვდილთან - მას ვაჟი აფხაზეთში მოუკლეს. 10 წელზე მეტხანს უმალავდნენ შვილმკვდარ დედას, რომ საფიცარი ვაჟი აღარ ჰყავდა...

ქალბატონ თინას არათუ წყევლა, საყვედურიც არ დასცდენია აფხაზების მიმართ... ფიქრობს, რომ შურისძიება კარგს არაფერს მოუტანს ადამიანს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს: "იქნებ, ადამიანების გულები ერთხელ ისე გათბეს, რომ აფხაზებმა და ქართველებმა მეგობრობა როგორღაც მოახერხონ..."

ქალბატონი თინა ზუსტად საუკუნის ტოლი რომ გახდა, შინ ვეწვიე და მივულოცე ეს დღე. მადლობა კი გადამიხადა, მაგრამ იქვე დასძინა, არაა საჭირო, რომ ბევრი წელი ვიყოო.

- ასე რატომ ამბობთ, ეს ხომ უფლის წყალობაა...

- კი, მაგრამ მაინც ზედმეტია... 100 წელს რომ გაძლებ, შენზე იმას კი აღარ იტყვიან, როგორ არისო? პირველად ყველას ეს კითხვა უჩნდება: "კიდევ ცოცხალია? არ მომკვდარაო?" (იღიმის).

ქალბატონი თინა 1919 წლის 20 მარტს დაიბადა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში... სამამულო ომის დროს, 1942 წელს დაიწყო მუშაობა სკოლაში...

- ბევრი, ძალიან ბევრი რამ მინახავს და გადამიტანია... იცით, როგორი იყო ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი? მაშინ კოლმეურნეობა არსებობდა. მასწავლებელს უნდა აეკრიფა ხორცი, ყველი, ტყავი და წვრილმან-წვრილმანი რაღაცები. იყო ბრიგადები და თითოეულს მასწავლებელი ჰყავდა მიმაგრებული.

გამოდიოდა საველე გაზეთი, სადაც წერდნენ ყოველდღიურ ამბებს, ინფორმაციას ფრონტიდან, ანუ ჩვენ ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, სად რა ხდებოდა, ვინ რა წარმატებას მიაღწია და რომელ სფეროს შეეტყო უკუსვლა. სანაცვლოდ, თვეში 10 კილოგრამ პურის ფქვილს გვაძლევდნენ... იმ პერიოდში შიმშილი იყო, უბედურება თან გვდევდა. ბრიგადირი, თუ კარგი, მონდომებული ახალგაზრდა იყო და თუ მაგრად ედგა სათავეში ბრიგადას, ჯილდოს იღებდა (იმასაც იმიტომ, რომ სხვებისთვის მუშაობის სტიმული მიეცათ), მაგრამ ეს ჯილდო არარაობა უფრო იყო, ღირებული არაფერი. არ ჩამითვალოთ თავის ქებაში, მაგრამ მეც მოწინავე ვიყავი ჩემს საქმეში, თავდაუზოგავად ვშრომობდი, არ მიყვარდა ტყუილი და საქმისთვის თავის არიდება... მასწავლებლად მუშაობის 55-წლიანი სტაჟი მაქვს...

1958 წელს, ქალბატონი თინა მეუღლესთან - სევერიან ოდიშარიასთან და ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა... მას შემდეგ იქ ცხოვრობდა და დაწყებით კლასებს ასწავლიდა.

- აფხაზეთში დაიწყო ომი და სრულიად უდანაშაულო ხალხი მიასკდა ერთმანეთს. რა იყო ამის მიზეზი, ვინ იცის? აფხაზები და ქართველები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ქორწინდებოდნენ, ბედნიერები იყვნენ... მერე დაიწყო ომი და გავიხლიჩეთ. მერე ქართველების თავით გაგრაში ფეხბურთს თამაშობდნენ, თურმე... მაგრამ რას ვიზამთ? გაბოროტებას კარგი არასდროს არავისთვის მოუტანია...

ჩემი შვილი, რომელიც აფხაზებს არ კლავდა, რომელსაც იარაღი არ უყვარდა, მაინც მომიკლეს. ის ომის დროს ხალხს ეხმარებოდა. როცა სახლებს დაბომბავდნენ, ცდილობდა მათ შეკეთებას... ჩამსხვრეულ ფანჯრებში მინებს ამაგრებდა... მან ცოლ-შვილი სამშვიდობოს გამოუშვა და აფხაზეთი არ მიატოვა, სოხუმში დარჩა ჩემთან ერთად... ჩვენს სახლში დიდი სარდაფი იყო და მთელი სამეზობლო იმ "პადვალში" იყო, ღამითაც არ გამოდიოდნენ... ერთ დღესაც ჰკითხეს თურმე ჩემს ვაჟს: რატომ გიყვარს სამშობლოო? მეზობლებს რატომ ეხმარებიო? და როცა პასუხი მოისმინეს, დამიხვრიტეს ბიჭი... მერე, მეზობელ აფხაზს მოუპარავს მისი ცხედარი და დაუმარხავს კიდეც. მე არ ვიცოდი ეს ამბავი და ძალიან დიდი ხანი, ბევრი წელი ველოდი შვილის დაბრუნებას. ვინ იცის, რამდენჯერ გამივლია იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი იყო დაკრძალული და მისკენ არც გამიხედავს, რადგან ამას ვერც წარმოვიდგენდი... მოგვიანებით გავიგე, რომ მეზობლები, სამი კაცი უვლიდა საფლავს, პატივს სცემდნენ მიცვალებულსაც კი... დაახლოებით 10 წლის შემდეგ გავიგე მწარე სიმართლე... სახლშიც მომისვენეს. ვიტირე და მერე მამამისის გვერდით დავკრძალე...

აფხაზეთის დატოვებაზე არც ამის შემდეგ დაფიქრებულა... ამბობს, რომ ომის შემდეგაც დიდ პატივს სცემდნენ აფხაზი მეზობლები, ძველები და ახალშემოსახლებულებიც, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ყველაზე ახლობელი და ჩემი პატრონი შეიქმნაო...

- როგორც მითხრეს, თქვენ, შვილმკვდარი დედა აფხაზ ბიჭუნას ასწავლიდით წერას...

- ომის შემდეგ, ჩვენს მეზობლად აფხაზი დასახლდა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ისე დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ ორივე ბიჭი მე მოვუმზადე სასკოლოდ. მათ უპირველესად, რიცხვების წერა ვასწავლე. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დღემდე მკითხულობს, წერილებს მწერს. ჩვენ მეგობრები ვართ...

აფხაზსა და ქართველს ასეთი მეგობრობა რომ გვაკავშირებს, ეს ყველას უკვირს. არადა, ჩემნაირად კიდევ ბევრი რომ მოიქცეს, შესაძლოა, შევრიგდეთ აფხაზები და ქართველები... არ გვინდა მტრობა, ეს ჩვენ არ გამოგვადგება... მიუხედავად იმისა, რომ მე მომიკლეს შვილი, აფხაზებმა დამიხვრიტეს ვაჟი, არ ვარ შურისძიების გრძნობით განმსჭვალული. რატომ? რას მიშველის მე, რომ მოვკლა აფხაზი და შური ვიძიო? ამით ჩემი შვილი გაცოცხლდება? არა, მე არ ვმტრობ მათ. დაე, ყველამ იცოცხლოს და შურისძიების გრძნობის გულიდან ამოღება შეძლოს - ეს იქნება ყველაზე კარგი რამ, რასაც ზოგადად ადამიანი შეძლებს იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანია!

- როგორც პედაგოგი, რას მიიჩნევთ თქვენ დიდ გამარჯვებად? - ბავშვებს კი არა, მათ მშობლებსაც ძალიან ვუყვარდი. ისეთი შემთხვევაც მახსოვს, რომ ერთი წელი მიცდიდნენ და მერე შემოჰყავდათ ბავშვი პირველ კლასში - აი, ჩემი მთავარი მიღწევა, გამარჯვება ესაა და კიდევ ის, რომ ერთ მოსწავლეს უთქვამს წლების შემდეგ დედამისისთვის: თუ მე რამეს მივაღწიე კარგსა და კეთილს, მხოლოდ იმის წყალობით, რომ თინა იყო ჩემი მასწავლებელიო...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)