"მერაბი მეგობარიც იყო, მეუღლეც, შვილის მამაც და კოლეგაც, მაგრამ ჩემთვის ურთულეს პერიოდში კიდევ სხვანაირი მერაბი აღმოვაჩინე" - კვირის პალიტრა

"მერაბი მეგობარიც იყო, მეუღლეც, შვილის მამაც და კოლეგაც, მაგრამ ჩემთვის ურთულეს პერიოდში კიდევ სხვანაირი მერაბი აღმოვაჩინე"

დაუვიწყარი რესპონდენტი

30 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ, უამრავი რესპონდენტი მყოლია... ბევრმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე, ზოგმა გულწრფელობით დამამახსოვრა თავი, ზოგმა იუმორით, ბრწყინვალე განათლებით ან განვლილი არაჩვეულებრივი ცხოვრებით... ზოგმაც, უბრალოდ, გაიელვა და მორჩა... ინტერვიუს ჩაწერისას ყოფილა ემოციებიც - სიხარული, ცრემლი, ბედნიერების გამოსხივება. რუბრიკით "დაუვიწყარი რესპონდენტი" სწორედ ასეთები მინდა გავიხსენო; რესპონდენტები, რომლებიც მემახსოვრება, სანამ ცოცხალი ვარ.

მაშ, ასე! დაუვიწყარ რესპონდენტებს შორის ჩემი ფავორიტი იზა გიგოშვილი, იგივე ლეგენდარული გრუშე გახლავთ, რომელიც "კავკასიური ცარცის წრიდან" გავიცანი და პირველივე წუთიდან უსაზღვროდ შევიყვარე. ხშირად ისეც ხდება, რომ ეთაყვანები მსახიობს (ან ხელოვნების რომელიმე თვალსაჩინო ადამიანს), მაგრამ მასთან ინტერვიუთი ვერ იხიბლები, რადგან ან გულწრფელობა აკლია, ან უბრალოდ, სიტყვაძუნწია და იმას ვერ გადმოსცემს, რასაც განიცდის და ფიქრობს. პირველად, როცა ქალბატონ იზასთან მისვლა გადავწყვიტე, გულის სიღრმეში ამის მეშინოდა - საოცრად არ მინდოდა განვხიბლულიყავი... პირველი ნაბიჯი და მოთელვა რესპონდენტთან შეთანხმებაა და რა თქმა უნდა, სატელეფონო ზარით იწყება. როდის დაგიბარებს რესპონდენტი, მაშინვე დაგთანხმდება თუ განსაზღვრული დროით გადაგივადებს ინტერვიუს - ეს ყველაფერი დადებითი განწყობის და კარგი სტატიის წინა პირობაა. როცა ქალბატონ იზას თავი წარვუდგინე, საკმაოდ თავაზიანად მელაპარაკა, ფოტოებსაც დამპირდა და მეორე დღესვე სამეფო უბნის თეატრში მიმიწვია. ძველთაძველ უბანში, ადრე რომ კალოუბანს ეძახდნენ, სინაგოგასთან ახლოს ერთი შენობაა, რომელიც წელთა სიმრავლემ საკმაოდ დააზიანა. ვიცოდი, ქალბატონ იზას და მის მეუღლეს, მერაბ თავაძეს ეკუთვნოდათ იდეა, ამ შენობაში გახსნილიყო თეატრი და კულტურის ცენტრი. ისიც ვიცოდი, დიდი ბრძოლა და ქარტეხილები გადაიტანეს ამ იდეის განხორციელებისთვის. იქ ჯერ კიდევ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ ამის პარალელურად, სცენაც უკვე მოწყობილი ჰქონდათ და სპექტაკლებიც იდგმებოდა...

პირველი შეხვედრა-ინტერვიუ 1999 წლის ოქტომბრის მიწურულს შედგა. საღამო ხანი იყო. სამეფო უბნის თეატრი მთელი თავისი დიდებულებით (ათას საიდუმლოს რომ ინახავს) წარდგა ჩემ წინაშე. დიდ დარბაზში შესულს ღიმილიანი იზა მელოდა. იქვე იყო მისი მეუღლეც, მერაბ თავაძე. ქალბატონმა იზამ ყავა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი. სანამ ჩემი რესპონდენტი დიასახლისობდა, დიდი დარბაზი მოვათვალიერე. წრიულად დაედგათ სკამები, სცენა ოდნავ აემაღლებინათ. სივრცე საკმაოდ დიდი იყო, ამიტომაც აკუსტიკა ბუნებრივად მაღალი გამოდიოდა.

იზა გიგოშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 1938 წლის 16 თებერვალს დაიბადა, თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათესავმა მინსკში წაიყვანა სწავლის გასაგრძელებლად. იქ გაიცნო აკადემიკოს პროკოპჩუკის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტური, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ქართველი გოგონა და მალევე შეირთო... ეს და კიდევ სხვა მრავალი ეპიზოდი ლეგენდარული გრუშეს ცხოვრებიდან შეგროვილი მქონდა და რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, თავად რას მოჰყვებოდა პირადზე... მალე ყავის არომატული სურნელი დიდ სივრცეში დატრიალდა და კითხვა- პასუხის ე.წ. სტანდარტულ რეჟიმს რომანტიკული ელფერი შესძინა. ქალბატონი იზა საოცარი რესპონდენტი გამოდგა. არც ერთ კითხვას არ გაჰქცევია, პირიქით, ცდილობდა, ყველაფერზე გულწრფელი პასუხი გაეცა.

იზა გიგოშვილი: "რამდენიმე წლის წინ ძალიან ცუდი დიაგნოზი დამისვეს. სიარულს ვეღარ ვახერხებდი. ნერვიულობა და სტრესი, ადრე თუ გვიან, თავის კვალს ტოვებს და ჩემზეც ამდაგვარად აისახა. დიდი ხნის მერე ყავარჯნებით წამოვდექი, მაგრამ დამოუკიდებლად ვეღარ ვბედავდი სიარულს. მერაბი ყოველთვის ჩემს მეორე ნახევრად მიმაჩნდა, იგი მეგობარიც იყო, მეუღლეც, შვილის მამაც და კოლეგაც, მაგრამ იმ ჩემთვის ურთულეს პერიოდში კიდევ სხვანაირი მერაბი აღმოვაჩინე - საოცრად მოყვარული, მზრუნველი და უღალატო. ერთხელ, ქუჩაში ყავარჯნებით გამოსულს, მეგობარი შემხვდა და ისეთი "ლექცია" წამიკითხა, გადავწყვიტე, ბოლომდე მებრძოლა ჩემი ჯანმრთელობისთვის. მან მითხრა: შენ ძლიერი ხარ და შეგიძლია ამ საშინელი ყავარჯნების გარეშე სიარულიო... და მართლაც, მეორე დღესვე შევუდექი "მეცადინეობას"... თუკი ადრე, თავს ძალას ვატანდი და მხოლოდ სცენაზე გავდიოდი მათ გარეშე, ახლა უკვე ყველგან ვცდილობდი ყავარჯნების გარეშე მემოძრავა და მოხდა სასწაული... გამოვჯანმრთელდი".

ფრაზას, რომლითაც გულწრფელად გამოვხატე ჩემი სიყვარული და აღტაცება, ვერც ამ სტატიაში ჩავაგდებ, რადგან ჩემს რესპონდენტს ამის მოსმენისას საოცარი ღელვა დაეტყო. ვუთხარი, - პატარა მიხეილს ისე აღარავინ მოჰფერებია, როგორც თქვენ და აღარც თქვენსავით გულში ჩამწვდომად უთქვამს ვინმეს: "ნუ ტირი, ჩემო მიხეილ, მე შენთან ვარ, არ მიგატოვებ". თვალში ცრემლი გაუკრთა ლეგენდარულ გრუშეს, სულ მცირეოდენი ხნით იმ პერიოდს და რუსთაველის სცენას დაუბრუნდა თითქოს, მერე სევდიანად, მაგრამ ძალიან მომხიბვლელად გაიღიმა და ისევ განაგრძო მოყოლა:

"...90-იანი წლები როგორი იყო, ხომ გახსოვთ?! დაინგრა თბილისი, სამაჩაბლო-აფხაზეთის ომების მერე რომელ სპექტაკლებზე ან მაყურებელზე იყო ლაპარაკი? თითქოს სიცოცხლე ჩაკვდა. სწორედ ამ დროს, გერმანიიდან ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები და მე და მერაბს გერმანიაში "ოიდიპოს მეფის" დადგმა შემოგვთავაზეს. სიამოვნებით მივიღეთ ეს წინადადება. ოიდიპოსის როლზე რეზო ჩხიკვიშვილი დავამტკიცეთ და წავედით. საკმაოდ წარმატებული გამოდგა სპექტაკლი. გასტროლების მერე რომ დავბრუნდით, რუსთაველის თეატრი ოვაციებით არ დაგხვედრია, პირიქით, გამოგვიცხადეს, რომ აღარ ვიყავით საჭირო. მძიმე პერიოდი იყო, საზოგადოება ორად გახლეჩილი გახლდათ, მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა არასასურველ მსახიობთა სიაში აღმოვჩნდით და... მოკლედ, გამოგვიშვეს. არც გამკვირვებია, მაგრამ ისეთი სტრესი მივიღე, ეს ყველაფერი ცოტა ხანში ჩემი მძიმე დიაგნოზით დაგვირგვინდა... როცა მთხოვენ, გავიხსენო ის პარტნიორები, რომლებთანაც მითამაშია, უპირველესად დიდი ეროსი დამიდგება თვალწინ. ის მარტო უბადლო მსახიობი კი არა, უპატიოსნესი და დიდი გულის ადამიანი გახლდათ. ერთხელ, გასტროლებზე მივდიოდით ევროპაში. თვითმფრინავით ვმგზავრობდით და სადილი რომ ჩამოარიგეს, ეროსის ქათმის პატარა ნაწილი შეხვდა. თავისი ბუბუნა ხმით დაიწყო ხუმრობა, - ამხელა კაცს ეს პატარა ნაჭერი მეყოფაო? გულწრფელად შევთავაზე ჩემი წილი, - ბატონო ეროსი, ჩემს ფრთას მოგიტეხავთ-მეთქი. მომიბრუნდა და, - ჩემო იზა, მაშინ მოკვდეს ეროსი, შენ რომ ფრთა მოგტეხოსო. ბევრი რამ იგულისხმა. სამწუხაროდ, ისიც თეატრის ინტრიგებს შეეწირა. ვერ დააფასეს ასეთი ბუმბერაზი მსახიობი".

მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა, რომლისთვისაც იზა გარკვეული პერიოდი მუზასაც კი წარმოადგენდა, ხაზგასმით იტყვის: იზას ბევრ ჩემს სპექტაკლში უთამაშია, მაგრამ სხვა როლები რომ არ შეესრულებინა, მარტო გრუშეთი დარჩებოდა უბადლო მსახიობადო.

რაღა თქმა უნდა, სიყვარულსა და პირად ცხოვრებაზეც ვისაუბრეთ: "ჩემი პირველი ქმარი, არტური, თავისებურად მიყვარდა. ჩვენ საერთო შვილი, ია გვყავს, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ეს უფრო გატაცება იყო. მალე მივხვდი, სხვადასხვა მენტალობა, შეხედულებები გვქონდა. ვეღარ ვძლებდი მინსკში, ჩემთვის აკადემიკოსის პედანტური ოჯახის წესები მოსაწყენი აღმოჩნდა. ფერწერა მიტაცებდა, კარგად ვხატავდი და მეუღლეს ვუთხარი, რომ სამხატვროში მინდოდა სწავლის გაგრძელება, თანაც, აუცილებლად თბილისში. მისგან არც თანხმობა მიმიღია, არც უარი. მოვკიდე შვილს ხელი და წამოვედი, მაგრამ მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, რომ სწავლა გამეგრძელებინა არა სამხატვროში, არამედ თეატრალურში. ჩემს ჯგუფში აღმოჩნდნენ მერაბ თავაძე და ლია გუდაძე, რომლებსაც დავუმეგობრდი".

ქალბატონმა იზამ ინტერვიუს დროს ფოტოებიც დამათვალიერებინა. საოცრად მომეწონა ერთი ფოტო, სადაც იზა, ლია გუდაძე, მერაბ თავაძე და კიდევ ერთი მეგობარია. ძალიან ახალგაზრდები და ლამაზები არიან. მორიდებით ვითხოვე, თუ შეიძლება, ამას წავიღებ და წერილისთვის გამოვიყენებ-მეთქი. ესიამოვნა, - მეც ძალიან მიყვარს ეს ფოტო, აქ ბაკურიანში ვართ, მიზნებითა და ოცნებებით სავსენი, ასეთი კიდევ მაქვს და ამას გაჩუქებთ, რახან მოგეწონათო.

მერაბ თავაძეს დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა გიგოშვილი, მაგრამ ვერ ამჟღავნებდა, რადგან იზა გათხოვილი იყო.

მან გულში ჩაიკლა უცებ მოსული გრძნობა, მეგობრობით შეფუთა, მერე თვითონაც შეირთო ცოლი, ირმა გურიელი და ორი ვაჟი შეეძინათ. როცა იზას მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, დარდობდა, განიცდიდა, ვერ გადაეწყვიტა, დაბრუნებულიყო მინსკში თუ დარჩენილიყო თბილისში და გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. მუდამ გვერდში ედგნენ და გულშემატკივრობდნენ ლია გუდაძე და მერაბ თავაძე. რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ორივეს დაეძაბა ოჯახში ურთიერთობა. მალევე მიხვდნენ, რომ მეგობრობა აუცილებლად სიყვარულით და საერთო ოჯახით უნდა დაეგვირგვინებინათ...

დადებითად დამუხტული და უსაზღვროდ კმაყოფილი წამოვედი პირველი ინტერვიუდან... მიხაროდა, რომ განხიბვლის შიში გამიქარწყლდა და რეალობაშიც ისეთივე ღრმა, ფაქიზი და დიდებული იყო იზა გიგოშვილი, როგორიც სცენაზე. ამის მერე 4 წელი გავიდა და კვლავ გავრცელდა უსიამოვნო ინფორმაცია, იზა ძალიან მძიმედ არისო. გადავწყვიტე, შევხმიანებოდი ჩემს დაუვიწყარ რესპონდენტს. ტელეფონზე ბატონმა მერაბმა მიპასუხა. გაბზარული ხმით მითხრა, - იზა ძალიან ცუდადაა, თუმცა, მაინც ვკითხავ, იქნებ, უნდოდეს თქვენთან საუბარიო... მალევე მობრუნდა და, - გელოდებათ ხვალ 2 საათზეო. გული გამალებით მიცემდა, წინდაწინ განვიცდიდი, რომ ჩემი სათაყვანებელი იზა მწოლიარე უნდა მენახა. ბატონმა მერაბმა შესვლისთანავე გამაფრთხილა: ტკივილები აქვს, ბევრი არ ელაპარაკოთ, საათ-ნახევარში ნემსი უნდა გავუკეთოო... იზა იწვა. ოთახში თაფლის სანთლის, სუნამოსა და წამლების ერთობლივი ტკბილ-მწარე სუნი იგრძნობოდა. ჩემი რესპონდენტი ჩვეული ღიმილით მიმზერდა. ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი და ნორმალურად მისალმებაც ვერ მოვახერხე. ჩამოვჯექი და მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში ეს იქნებოდა ყველაზე მძიმე ინტერვიუ. იმასაც მივხვდი, რომ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელსაც გამორჩეული ადამიანისგან წილად მხვდა საოცარი ნდობა. ეს იყო ინტერვიუ-მონოლოგი, რომელზედაც იზამ მთელ თავის ცხოვრებაზე, ტკივილზე, სიხარულზე, წარმატებაზე, იმედგაცრუებაზე, ცრემლზე სვენებ-სვენებით მელაპარაკა. თითქმის სამი საათი დავყავი მის ოთახში. ბატონმა მერაბმა რამდენჯერმე შემოაღო კარი, იზა კვლავ იხსენებდა წარსულს... ბოლოს, ცოტა განერვიულებული შემოვიდა, - არ შეუძლია ამდენი ლაპარაკი, ნემსი უნდა გავუკეთო, ვატყობ, რომ ტკივილი დაეწყოო... ქალბატონმა იზამ უხერხულად გამიღიმა, მის მეუღლეს ალბათ ეგონა, რომ კითხვების კორიანტელი დავაყენე და ისიც იძულებით მპასუხობდა, არადა, ერთადერთი კითხვა დავუსვი: "როგორ ხართ?" და ამის მერე ინტერვიუს სადავეები ჩემმა გრუშემ აიღო, მე უბრალოდ, ვუსმენდი...

იზა გიგოშვილი: "არის პერიოდი, როცა რეჟისორიც და მსახიობიც გმირულ სულს ატარებენ და მას ყველაფერში, განსაკუთრებით კი, სცენურ სამყაროში გამოხატავენ. მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი ხანაც დგება, როცა ხელოვანი დროს მოერგება, მისი სული კნინდება, სადღაც იმალება. ასეთი სამარცხვინო პერიოდი სულ ახლახან, ახლო წარსულში გვქონდა, როცა ის დღეები მახსენდება, გული მტკივა, არადა, ხელოვანმა დროს უნდა გაუსწროს. ასე იყო რუსთაველის თეატრშიც. რეჟისორი თავისი სათქმელით დროს უსწრებდა, მაგრამ მერე, როცა ქვეყანა აირია, ჩვენთანაც უკუღმა დატრიალდა ყველაფერი. არ შეიძლება თავისუფლება თასით მოგართვან. ასეთი თავისუფლება თავის ხიბლსა და ღირსებას კარგავს, მის სიდიადეს ვერასოდეს იგრძნობ... გერმანიიდან, სადაც ანშლაგით მიდიოდა ჩვენი სპექტაკლი, იმედითა და რწმენით დავბრუნდით, რომ მალე ჩვენი ქვეყანა დამშვიდდებოდა და თეატრი მიმდინარე მოვლენებზეც თავის სათქმელს იტყოდა. ოვაციების ნაცვლად კი, ხელმძღვანელობა პირქუშად დაგვხვდა, არადა, წასვლამდე, ჩვენი გასტროლები მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ოფიციალური ხელმოწერით დაადასტურა. ძნელია გადმოგცეთ ის გრძნობა, რაც მაშინ განვიცადე... ჩემთვის ხშირად უკითხავთ, რა გეჯავრებათ ყველაზე მეტადო? სამი რამ არ მიყვარს ამქვეყნად: ტყუილი, უმადურობა და უზრდელობა. ეს სამი რამ არასოდეს ყოფილა ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი, მაგრამ დრომ მაინც მოიტანა ეს უკეთური თვისებები. დღემდე მიკვირს, ქართველმა საკუთარი ტყავის გადასარჩენად რატომ მოირგო ეს საშინელი ნიღაბი? თუ ადამიანს სინანულის გრძნობა არ გააჩნია, იგი არარაობაა. ასე მგონია, ქართველობა თავის ღირსებას მაშინ დაიბრუნებს, როცა სინდისი შეაწუხებს და სინანული დაეუფლება... ბოლო ხანს, როცა ავადმყოფობამ შინ გამომკეტა, უფრო ხშირად ვიხსენებ წარსულს, მეგობრებს. მე და ლია გუდაძე საუკეთესო მეგობრები ვიყავით, დრომ ვერაფერი ავნო ჩვენს ურთიერთობას. ძალიან მიყვარდა გია ფერაძე, რომელიც ტრაგიკული პიროვნება იყო. მის გარეშე ვერც კი წარმომედგინა "კავკასიური ცარცის წრე". მუდამ ფაქიზი გრძნობითა და მოწიწებით მახსენდება ბატონი ეროსი, მის გვერდით თითქოს შენც ღირსება გემატებოდა, მაღლდებოდი და ისეთივე კეთილშობილი ხდებოდი, როგორიც თავად იყო. მეამაყება, რომ ეროვნულ გმირებს, ზვიადსა და მერაბს ახლოს ვიცნობდი, მეცხრე კლასიდან. ერთი ჩემი ახლობელი მსახიობი მარჯანიშვილზე, რუსულ ეკლესიასთან ცხოვრობდა. მის ოჯახში ვიკრიბებოდით, ვეცნობოდით აკრძალულ ლიტერატურას. ზვიადი და მერაბი ისეთი ანთებულები იყვნენ, ისეთი გზნებით ლაპარაკობდნენ თავისუფლებაზე, ეროვნულ სატკივარზე, ყოველივე ქართულზე, რომ ხშირად მიტირია კიდეც. დიახ, ამ მოგონებებით, ჩემი წარსულით მე დღეს ბედნიერი ქალი ვარ. ყველაფერი, რაზეც შეიძლება ქალმა, ისიც მსახიობმა იოცნებოს, შემსრულებია და არ მომკლებია არც მაყურებლის სიყვარული, არც ტაში და ოვაციები, ერთგული მეგობრები, კარგი მეუღლე, მისი სიყვარული და პატივისცემა, შვილების ალერსი, მყავს ძალიან კარგი და თბილი რძალი, უსაყვარლესი შვილიშვილები... ერთი სიტყვით, სამდურავი ნამდვილად არ მეთქმის არაფერსა და არავისზე. მერე რა, რომ ავადმყოფობამ ხელი დამრია, იმედი მაინც მაქვს, ისევ დავდგები ფეხზე".

ინტერვიუს დროს ხმა რამდენჯერმე გაებზარა, შევატყვე დაიღალა, მაგრამ ვერ გავბედე შემეჩერებინა. იგი ცდილობდა, ბოლომდე ამოეთქვა ის, რაც დიდი ხანია აწუხებდა. დამშვიდობებისას, კვლავ მისთვის დამახასიათებელი ღიმილით გამომიტყდა, ამდენი ვილაპარაკე და მაინც ბევრი რამ დამრჩა სათქმელიო. დავპირდი, ისევ გინახულებთ და იმ დარჩენილზეც ვისაუბროთ-მეთქი. წამოვედი მხრებჩამოყრილი, გულდამძიმებული. ვგრძნობდი, დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა ლეგენდარული გრუშე... ეს მანაც იცოდა დ ალბათ, ამიტომაც დამთანხმდა ინტერვიუზე, დიდი ტკივილების თმენით გულის ნადები გამიზიარა. ხუთი დღის მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზა "ვარდისფერ გზას" დაადგა... წავიდა ამ ქვეყნიდან, სადაც დიდი სიხარულიც იგემა და ტკივილიც, ცრემლიც და ღიმილიც, დამარცხებაც და გამარჯვებაც, სიყვარულიც და ღალატიც...

მე კი, ის ჟურნალისტი აღმოვჩნდი, რომელმაც იზა გიგოშვილი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლოჯერ ჩაწერა.

მარინა ბაბუნაშვილი ჟურნალი "გზა"