"დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი - მეგი ბაქრაძეს კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - კვირის პალიტრა

"დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი - მეგი ბაქრაძეს კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთანი ვაქცინაციის მომენტისთვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ჰქონდა რეანიმაციული განყოფილება, სადაც უზრუნველყოფილი იყო ის საჭირო დახმარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტისთვის ესაჭიროებოდა.

"იქ ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გაგზავნა ადგილზე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა.

როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დააკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება," - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, რეგიონებში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კლინიკის ხარისხი გაუმჯობესდეს და რეგულირების სააგენტოს მხრიდან მოხდეს უფრო მკაცრი აღრიცხვა ყველა საჭირო დანადგარის, აღჭურვილობისა და მედპერსონალის და ასევე, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და არა რეანომობილების რაოდენობრივ ზრდაზე.

"ყველა რეგიონზე გადანაწილებულია შესაბამისი რაოდენობის რეანომობილი. ამასთანავე, ხდება მუდმივად ანალიტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის გადმოყვანა ხდება ხოლმე რეგიონიდან და ამის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რამდენი რეანომობილი სად არის გადანაწილებული. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რეანომობილები ძირითადად არიან მოძრაობაში და ეს არ მიუთითებს სისტემაში არსებულ რომელიმე ხარვეზე და ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაახლებთ და ხარისხობრივად ვაუმჯობესებთ, ასევე, რაოდენობრივადაც ვაუმჯობესებთ იმ ავტოპარკს, რომელიც სახელმწიფოს აქვს.

ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ქმედებას იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანომობილებით ტრანსპორტირება," - განაცხადა ტიკარაძემ.