"ჩვენმა ვედრებამ იმოქმედა, თორემ ჯაბა ციხიდან არ გამოდიოდა, - არაფერი დამიშავებია და რად მინდა შეწყალებაო?" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა ვედრებამ იმოქმედა, თორემ ჯაბა ციხიდან არ გამოდიოდა, - არაფერი დამიშავებია და რად მინდა შეწყალებაო?"

"პრემიერის წინა დღეს რადიოთი შევიტყვე შევარდნაძეზე ტერაქტის მომზადებისთვის ჯაბას დაპატიმრების ამბავი"

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი მას უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებდა და იხსენებს. იმასაც ამბობენ, ეს ტანდაბალი, სათნო ქალბატონი იმჟამინდელი თეატრალური ინსტიტუტის (წლების განმავლობაში ასე ერქვა ამ სასწავლებელს) დერეფანში რომ გაივლიდა, კედელს ვეკვროდითო. ძველი თაობის მსახიობებს პირველი შთაბეჭდილებაც კი გამოჰყვათ - კარგად ახსოვთ საგამოცდო კომისიაში, განაპირას მჯდომი პატარა, ნაწნავიანი გოგონა, რომელიც სკოლის მოსწავლეს უფრო აგონებდათ, ვიდრე - გამომცდელს... ყოფილი სტუდენტები, თურმე, მუდამ აკითხავდნენ ხოლმე შინ, მაშინაც კი, კარგა ხნის წამოსული რომ იყო უნივერსიტეტიდან.

მე რომ გავიცანი, იგი უკვე 87 წლის იყო და მაინც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. კეთილად მოუბარი და უნიკალური მეხსიერების მქონე - ასეთად დამამახსოვრდა პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პროფესორი, "ხელოვნების ქურუმი" ელენე (ლილი) იოსელიანი.

სხვათა შორის, მაშინდელი ჩვენი საუბარი მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ურთიერთობა აღმოჩნდა ჟურნალისტებთან. იგი 2014 წლის 14 მაისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა...

მასთან შეხვედრა ჩემთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა. ძალიან უშუალო იყო და - თბილი, ამიტომ ვერაფრით წარმოვიდგინე შიშით კედელს აკრული მისი სტუდენტები. ვგრძნობდი, თავისი ცხოვრების ამბებს რომ მიყვებოდა, აშკარად ძალიან გულწრფელი იყო. ვინც მას იცნობდით, შეხვედრიხართ, ვინ იცის, მის ამ, გულწფელ მონათხრობში შეიძლება თქვენთვის უცნობი ლილი იოსელიანიც კი აღმოაჩინოთ...

ნაწნავიანი პატარა გოგონა მამის წინააღმდეგ

მახსოვს, ქალბატონმა ლილიმ საუბრისას მამა მოიგონა, - ხელოვნება ძალიან უყვარდაო. მას ლამაზი ტენორი ჰქონია და, თურმე, ვანო სარაჯიშვილთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, ცეცილია წუწუნავას რეჟისორ ძმასთან და კიდევ ბევრ ცნობილ მოღვაწესთან მეგობრობდა. მიუხედავად ასეთი წრისა, ქალიშვილის არჩევანს, რეჟისორი გამოსულიყო, მამა უარით შეხვედრია, - ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობს, თანაც ქალი ხარ, მორცხვი და მორიდებული. შენი ბუნება ვერ გაუძლებს იმ ატმოსფეროს, სადაც ინტრიგა და ინტერესთა კონფლიქტია გამეფებულიო. ამიტომ ქალბატონმა ლილიმ თავდაპირველად უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე, გერმანულის განხრით ჩააბარა, მაგრამ ისე უნდოდა რეჟისორობა, მშობლებს წერილი დაუტოვა, დაგროვებული სტიპენდიით მოსკოვში მატარებლით გაიპარა და "გიტისიში" (მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში) ჩააბარა. ნაწნავიანი პატარა გოგონა გამოცდაზე, თურმე, "დეტსკი სადად" (იგულისხმება საბავშვო ბაღის აღსაზრდელი - ი.ხ.) წარმოიდგინეს და, ვიდრე პუშკინის "ბესი" არ წაუკითხა, სერიოზულად ვერც აღიქვეს...

- მძიმე დღეები გავიარე მოსკოვშიო, - მიამბო, - დიდი სამამულო ომი დაწყებული იყო. მალე მამამ ჩამომაკითხა და თბილისში დამაბრუნა. საბედნიეროდ, იმ წელიწადს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტი გაიხსნა და იქ ჩავაბარე, ამჯერად გალაკტიონის "მერი" წავიკითხე...

ძალიან გამიმართლა, რომ ცნობილი რეჟისორი, იმხანად ახალგაზრდა გიორგი ტოვსტონოგოვი, ომის დროს ევაკუირებული მსახიობი და "გიტისის" პედაგოგი იაკუბოვსკაია, აგრეთვე, რეჟისორი ნემიროვიჩ-დანჩენკო მასწავლიდნენ.

სარეჟისორო ფაკულტეტის მე-5 კურსზე ვსწავლობდი, თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორმა აკაკი ფაღავამ კაბინეტში რომ დამიბარა: ამხანაგო ლილი, გიორგი ტოვსტონოგოვმა მითხრა, თუ გინდათ ინსტიტუტი ჩვეულ სიმაღლეზე დარჩეს, ხოლო სწავლება იმ ხელოვნების შესაფერისი, რომელსაც ვემსახურებით, ლილი იოსელიანი ინსტიტუტში უნდა დატოვოთო. ასე გავხდი მეხუთეკურსელი პატარა გოგონა დოდო აბაშიძის, გივი თოხაძის, კარლო საკანდელიძისა და გივი ძნელაძის პედაგოგიო.

არ მავიწყდება, რა სითბოთი და სიყვარულით მიამბობდა თავის პირველ ჯგუფზე - "ომგამოვლილ ბიჭებზე": გივი თოხაძე ძალიან მომხიბვლელი გახლდათ, მაგრამ სულ დაძაბული იყო. არადა, მისნაირი წარმოსადეგი ბიჭები გაცილებით თავდაჯერებულები ჩანდნენ. ბევრს ვცდილობდი, მისთვის ეს დაძაბულობა მომეხსნაო; კარლო და დოდო უნიჭიერესები, დიდი დიაპაზონის მსახიობები იყვნენ. სტუდენტობისას დოდოს ეტიუდებს რომ ვაძლევდი, ბავშვივით წამში გაითავისებდა როლს და ისე ბუნებრივად თამაშობდა, ხანდახან მეშინოდა კიდეც... რომ მეთქვა, გატიტვლდიო, დაგიჯერებდა.

საერთოდ, მსახიობს გულუბრყვილობა უნდა ახასიათებდეს, სხვაგვარად ის ხელოვნური იქნება. დოდო კი სწორედ დიდი გულუბრყვილო ბავშვი იყო. ინსტიტუტის შემდეგ რუსთაველის თეატრში დატოვეს, თუმცა მერე თვითონ წავიდა თეატრიდან. იქ ცოტა ამაღლებული, დეკლამაციური სტილი ჰქონდათ, დოდო კი ძალიან ბუნებრივი იყო. ატმოსფეროსაც ვერ შეეგუა და კინოში გადაინაცვლა. ძალიან მეწყინა, მაგრამ ყველაფერი ამიხსნა და მეც გავუგე (არადა, სწორედ კინომ შეგვაყვარა ყველას დოდო აბაშიძე! - ი.ხ.). ვფიქრობ, კიდევ უკეთესი იქნებოდა თეატრშიო...

ქალბატონ ლილის ჩავეკითხე, მსახიობებიდან მაინც ვინ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება-მეთქი და უყოყმანოდ მიპასუხა: უდიდესი შთაბეჭდილება ჩემზე და, სხვათა შორის, გიორგი ტოვსტონოგოვზეც ლენა ყიფშიძემ დატოვა. გამორჩეული იყო. გული მწყდება, რომ ეს უნიჭიერესი ქალი უპრეტენზიო აღმოჩნდა, არადა, სწორედაც პრეტენზიული უნდა ყოფილიყო... რეჟისორებიდან კი დაუვიწყარია მიშა თუმანიშვილი. პირველად ინსტიტუტში რომ შევხვდი, ახალი ჩამოსული იყო ფრონტიდან, დაჭრილი და სახენაიარევი. ამ უნიჭიერეს კაცსაც ბევრჯერ ატკინეს გულიო.

წლების განმავლობაში ლილი იოსელიანი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში მუშაობდა, ასევე, დიდხანს იმუშავა გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ძალიან ცოტა ხანს - რუსთაველის ეროვნულ თეატრში... სხვათა შორის, გამომიტყდა, - ხშირად მახსენდება მამის ნათქვამი, რატომაც არ სურდა ჩემი რეჟისორობა და დღეს ვეთანხმები მას, მაშინ კი არ დავუჯერეო...

გადასაღებ მოედანზე

ვიცოდი, რომ ქალბატონი ლილი რამდენიმე ფილმშიც იყო გადაღებული, ამიტომ კინოზეც ვთხოვე საუბარი. მომიყვა, - თეატრსა და ინსტიტუტში ძალიან დაკავებული ვიყავი და კინოსთან იშვიათად მქონდა ურთიერთობა. რამდენჯერმე კონსულტანტად მიმიწვიეს. მოგვიანებით კი, ჩემი ყოფილი სტუდენტი ბიძინა ჩხეიძე, რომელიც ჩემი ნათესავიცაა, წურბელასავით შემომიჩნდა, ფილმში "დები წყვდიადში" ბერნარდა ალბას როლს მთავაზობდა. არ მეგონა, ასეთი ჯიუტი თუ იქნებოდა. ხან ტიროდა, ხან მეხვეწებოდა, მე კი სხვა კანდიდატურებს ვთავაზობდი. იმასაც ვუხსნიდი, რომ უამრავი საქმე მაქვს, ვერ მოვასწრებ, თანაც ჩემი გარეგნობის ადამიანი რისთვის გამოგადგება-თქო. მაგრამ არაფერმა გაჭრა და, საბოლოოდ, დავთანხმდი. არადა, ახალი გამოწერილი ვიყავი საავადმყოფოდან, რევმატიული პოლიართრიტი მქონდა. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური, ლავსანის ქსოვილისგან შეკერილი გრძელმკლავიანი, ტანზე მოტმასნილი შავი კაბა უნდა მცმოდა - ესეც ბიძინას ახირება იყო. წარმოგიდგენიათ? - პაპანაქება სიცხეში ყელამდე შეკრული მხუთავი კაბითა და თავსაბურავით უნდა ვყოფილიყავი. როგორ ვთხოვე, ვერ გავუძლებ-მეთქი, მაგრამ ჭირვეული ბავშვივით ფეხების ბაკუნი დაიწყო. ისიც ვუთხარი, ამ მდგომარეობაში ბუნებრივი ვერ ვიქნები-მეთქი, მაგრამ არაფერი დაიჯერა. რა გაეწყობოდა? ბიძინასთვის ეს ფილმი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო და ანგარიში გავუწიე... ლილი იოსელიანი, დავით ჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი

კიდევ რამდენიმე ფილმში გადამიღეს: გიორგი შენგელაიამ - "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში", დარია ხოჯავამ - "წყაროში" და გუგული მგელაძემ - "ფესვებში". სხვათა შორის, "ფესვების" გადაღებაზე ყველაზე კარგად ვიგრძენი თავი. ფრანგი ქალის როლს ვასრულებ, თუ გახსოვთ, ტაქსიში გაუთავებლად დე გოლზე რომ ლაპარაკობს. საინტერესო დიალოგები მქონდა გერმანელებთან - მძღოლს გააჩერებენ გასაჩხრეკად და მის გამოსაქომაგებლად გერმანელებს ვეჩხუბები. იმ ეპიზოდიდან მოსკოვმა ამოჭრა ის, რისთვისაც ამ როლის შესრულებას დავთანხმდი. ჩემი კინომსახიობობაც ამით ამოიწურაო...

და-ძმა

ვერ მოვითმინე და ვიდრე დავემშვიდობებოდი, ქალბატონ ლილის და-ძმაზეც ვკითხე, უფრო კონკრეტულად - მის ძმაზე, ჯაბა იოსელიანზე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, ვისთვის - ცუდი და ვისთვის - კარგი... ჯაბა, ნათელა და ლილი იოსელიანები მშობლებთან ერთად

- მე და ჩემმა დამ, ნათელამ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ერთდროულად ჩავაბარეთ. ის სამსახიობოზე, ეროსი მანჯგალაძის ჯგუფში სწავლობდა. ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ, საუბედუროდ, მეორე კურსზე გადადიოდა, ტუბერკულოზით რომ გარდაიცვალა. ყველასგან მაინც ჩვენი უმცროსი ძმა - მერაბი გამოირჩეოდა. საოცარი ბავშვი იყო, ვუნდერკინდს უწოდებდნენ და სწორედ მან დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი - 5 წლისა გარდაიცვალა. ჯაბაც ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ 15 წლისა უკვე ციხეში იჯდა. არ მავიწყდება, შევარდნაძემ რომ დააპატიმრა. გორში პირველად ვდგამდი მის პიესას - "ეთერიანს" და პრემიერის წინა დღეს რადიოთი შევიტყვე შევარდნაძეზე ტერაქტის მომზადებისთვის ჯაბას დაპატიმრების ამბავი. პრემიერა მაინც შედგა, მაგრამ მეტჯერ აღარ გვითამაშია. ჯაბას ბევრი რამ დააბრალეს, თუმცა სასამართლოზე მოწმეები ვერაფერს ადასტურებდნენ. 11 წელიწადი მიუსაჯეს და 6 წელიწადს იჯდა. ჩვენმა ვედრებამ იმოქმედა, თორემ არ გამოდიოდა, - არაფერი დამიშავებია და რად მინდა შეწყალებაო? არც ვიცოდი, თურმე, დაჭერამდე გასცნობია მას მიხეილ სააკაშვილი - ჯაბა სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე რომ იყო, შევარდნაძე კი - ქვეყნის მეთაური. ჯაბასთან მისულა, მისაღებში მუჯლუგუნებით რიგი გაურღვევია. ჯაბას დაცვის უფროსი ხელით გვერდზე გაუწევია და კაბინეტში შევარდნილა. დაცვის უფროსი დადევნებია, მაგრამ მაინც შეუსწრია კაბინეტში. სააკაშვილს უთხოვია, იურიდიული განათლება მაქვს, კოლუმბიის უნივერსიტეტში მინდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე წასვლა და გამიშვითო. ჯაბას უფიქრია, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდაა, უნდა გავუშვათო და საგარეო საქმეთა სამინისტროში, ალექსანდრე ჩიკვაიძესთან უშუამდგომლა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჯაბასთვის მიუკითხავს, - ჩამოვედი და მუშაობის დაწყება მინდა - ან პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გამიშვით, ან რომელიმე ქვეყნის ელჩადო. გაოგნებულ ჯაბას კვლავ ჩიკვაიძესთან გაუგზავნია. ისიც აღშფოთებულა, - არ გიცნობ, სად გაგიშვაო და უარით გაუსტუმრებია. სააკაშვილი რაღაც გზებით მაინც მოხვდა იურიდიულ კომიტეტში და, პირველ რიგში, ომის მონაწილე "მხედრიონელების" ოჯახებს მოუხსნა პენსიები. შემდეგ წინ წავიდა და იუსტიციის მინისტრი გახდა. დანარჩენი თქვენც კარგად იცით.

იმხანად ჩემმა ძმამ მითხრა, ეგ გაუწონასწორებელი ადამიანია, ეტყობა, პრეზიდენტობა სურს და ნახეთ, რა ცუდ რაღაცებს ჩაიდენსო. თვითონ ვერ მოესწრო სააკაშვილის გაპრეზიდენტებას, თუმცა მისი სიტყვები კი გამართლდა...

პ.ს. მიხეილ თუმანიშვილის პირადი არქივიდან:

"ლილი იოსელიანი მესიზმრა. ახალგაზრდა, ძალიან აქტიური, პარტერში ზის და ვიღაცას რაღაცას უხსნის, რაღაცის მიღწევა სურს მსახიობისგან, მოწაფისგან თუ უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანისგან. გაშლილი თმით, ანთებული თვალებით მას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვს სცენური სიმართლისთვის, სცენური ცხოვრებისთვის გამართული. მერე, თანდათან, პარტერი ქრება და ყველაფერი სადღაც, ზემოთ მიექანება. იქ, ზემოთ, სადაც ღრუბლები და ვარსკვლავებია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ იქ, ამის გარდა, არაფერია. იქ ჩვენი წინაპართა სულებია. ისინი სცენაზე გადმოვიდნენ და ყველაფერმა ფერი იცვალა. ყველაფერმა, რაც სცენაზე ხდებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

და მოვიდნენ მასთან მოწაფენი მისნი და მის წინაშე მუხლი მოიდრიკეს, რადგან ირწმუნეს ის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სამარადჟამოა... იგი აღელვებული, უკმაყოფილო გამოდის დარბაზიდან. მას გარს ეხვევიან მოწაფეები: ნინო, რუსიკო, გოგა, გია..."

(სპეციალურად საიტისთვის)