"თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდება, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება" - კვირის პალიტრა

"თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდება, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება"

თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, თუ ოპოზიციამ განაგრძო რადიკალური დღის წესრიგის მიყოლა, ხოლო მმართველმა ძალამ არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები, ასოცირების დღის წესრიგს რეალურად პრობლემა შეექმნება, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს.

ბოძაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მიშელის ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შეჩერებაზეც დაიწყეს საუბარი.

"დღის წესრიგი მუშავდება და დგება ბრიუსელში, ევროკომისიაში და მისი განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკომისია. შესაბამისად, დღის წესრიგის განხორციელების დაყოვნება პრაქტიკული თვალსაზრისით ასოცირების შეთანხმების შეჩერებაა. ეს ბუნებრივია, იქნება უაღრესად მძიმე დარტყმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის. ამიტომაც, გარდა სხვა ეროვნული პრობლემებისა, პოლიტიკურმა ძალებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ მედიაცია წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში კი იგულისხმება შემდეგი: ოპოზიციურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან რადიკალურ მოთხოვნებზე, პრინციპზე - ან ყველაფერი ან არაფერი და მედიაციის შედეგად მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში. მედიაციისას, მათ ფოკუსირება უნდა ამოხდინონ 2 მთავარ საკითხზე - იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და რეალური საარჩევნო რეფორმა. მხოლოდ ამ ორ საკითხში მათ ექნებათ ევროპისა და ამერიკის სრული მხარდაჭერა. დანარჩენი საკითხები, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, სრულიად საფუძველს მოკლებულია და ამ საკითხზე გაჯიუტება შედეგს ვერ მოიტანს და ეს იქნება ხელოვნურად ასოცირების დღის წესრიგის ჩაგდების პროვოცირება და შესაბამისად, რუსული დღის წესრიგის გატარება.

ამავე დროს, მმართველმა პარტიამ, რეალურად უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემისა და საარჩევნო რეფორმა და მოახდინოს იუსტიციის საბჭოში წარმოდგენილ ძალთა დეცენტრალიზაცია/გადანაწილება. ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება არც ამერიკის და არც ევროპის მხრიდან. ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხი, რომლის მოუგვარებლობა აფერხებს ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყველა პარტიამ უნდა მოახდინოს საკუთარ ინდივიდუალურ დღის წესრიგიდან დისტანცირება ამ საკითხის მოგვარებისათვის",- განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა მეორედ ჩამოვა. როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პირველად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.