"ყველას, ვისაც აქ იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა" - კვირის პალიტრა

"ყველას, ვისაც აქ იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა"

ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც "კოვიდ 19"-ისგან თავის დასაცავად ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული, ოქსფორდის უნივერსიტეტში ბრიტანულ-შვედურ კომპანია "ასტრაზენეკას" მიერ წარმოებული ვაქცინა შეიტანა სახელმწიფოში, თუმცა მალევე შეაჩერა მისი გამოყენება. კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად საქართველოშიც სწორედ ეს ვაქცინა შემოიტანეს. 15 მარტიდან დაწყებული ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის 3 ათასზე მეტი წარმომადგენელი აიცრა, რამდენიმე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა და, სამწუხაროდ, ერთი ტრაგიკულად დასრულდა - 18 მარტს ახალციხის კლინიკა "იმედში" 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, საქართველოში "კოვიდთან" ბრძოლა კვლავ "ასტრაზენეკას" ვაქცინით გრძელდება და, პრინციპში, პანდემიის წინააღმდეგ, ამჟამად ქვეყანაში სხვა ალტერნატივა არც გაგვაჩნია, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან.

დღეს ევროპაში საკმაოდ საფუძვლიანად იკვლევენ ამ ვაქცინას და ძირითად კვლევებს ნორვეგია უძღვება. რატომ თქვა ნორვეგიამ უარი "ასტრაზენეკას" პრეპარატით ვაქცინაციაზე, რა ფაზაზეა დღეს მისი კვლევა და კიდევ რა დასკვნები კეთდება? - გვესაუბრება ნორვეგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, დიპლომირებული მედიკოსი და კომპანია "აიანე კონსალთინგის" ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის მიმართულებათა კონსულტანტი ქალბატონი მარიანა ტოკვი აიანე.

- ქალბატონო მარიანა, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ჩვენი წინა ინტერვიუდან, დაახლოებით, 2 თვე გავიდა, ცოტა დროა, მაგრამ რაღაცები მაინც შეიცვალა - ნორვეგიამ "ასტრაზენეკას" ვაქცინაცია შეაჩერა, საქართველომ "ასტრაზენეკა" შემოიტანა და ვაქცინაცია დაიწყო, რასაც ვაქცინირებულის გარდაცვალება მოჰყვა. რას გვეტყვით, როგორ მიდის ნორვეგიაში "ასტრაზენეკას" კვლევები?

- მოგესალმებით და მადლობას გიხდით ინტერესისთვის, რადგან ეს საკითხი მიმდინარე და აქტუალურია, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინფორმირებულობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ნორვეგია ამ შემთხვევაში სწორედ იმიტომ არის საინტერესო, რომ მეორე ქვეყანა გახლდათ მსოფლიოში, რომელმაც "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და, მიუხედავად EMA/ WHO-ის (ევროპის წამლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ი.ხ.) განცხადებისა, დღემდე არ აახლებს მის გამოყენებას. იგი, ასევე, "ასტრაზენეკას" პრეპარატით გამოწვეულ შესაძლო მძიმე გართულებებსა და შესაძლო ლეტალობაზე ძირითადი კვლევის მწარმოებელი ქვეყანაა დღეისთვის...

დღესდღეობით გამიჭირდება მტკიცებითი ფორმით ლაპარაკი, რადგან მდგომარეობა არის დინამიკური, ფაქიზი და მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. ამიტომ ინფორმაციას გაწოდებთ იმაზე დაყრდნობით, რაც დღეს ოფიციალურ ადგილობრივ წყაროებში მოიპოვება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება ჯერ დანიამ შეაჩერა, ერთი ლეტალობის ფაქტის გამოვლენის საფუძველზე. დანიის გადაწყვეტილებას დაეყრდნო ნორვეგია და სიფრთხილის პრინციპის გათვალისწინებით, მანაც შეაჩერა პრეპარატის გამოყენება. მეორე დღეს კი უკვე დაფიქსირდა ადგილობრივი ლეტალობის ფაქტიც. დღეს მოკვლევაშია 2 გარდაცვალება და 5 კრიტიკული მდგომარეობა, ასევე, 50 მძიმე გართულება. მონაცემები, რასაც გაწვდით, ამოღებულია ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის პუბლიკაციიდან.

იმ ეტაპზე, როდესაც "ასტრაზენეკას" ვაქცინაცია დროებით შეჩერდა, ნორვეგიას უკვე გააჩნდა "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინათა დოზები. თუმცა, მოთხოვნის მასშტაბის გათვალისწინებით, ეს დოზები აქაც ძალიან მცირეა. მიწოდების შეფერხება, მსოფლიოს მასშტაბით, აქტუალური საკითხია. "ასტრაზენეკას" ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის იყო განკუთვნილი და მოესწრო 121 820 ადამიანის ამ პრეპარატით აცრა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინაზე გამოვლენილი სავარაუდო ლეტალობისა და მძიმე რეაქციების გამოკვლევის პრეროგატივა ჯერ გადაეცა "რიქსეჰოსპიტალს", სადაც ეს შემთხვევები იყო დაფიქსირებული. კვლევაში მონაწილეობენ ადგილობრივი ექიმები და ოსლოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი პოლ ანდრე ჰოლმე.

ბატონმა ჰოლმემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მუშაობს გარდაცვალების ფაქტებსა და "ასტრაზენეკას" შორის კავშირის ჰიპოთეზაზე და გვერდით ეფექტებს უწოდა მწვავე იმუნორესპონსული რეაქციები. გააგრძელეთ კითხვა