"ჯაბამ იმხანად სააკაშვილზე მითხრა, ეგ გაუწონასწორებელი ადამიანია, ეტყობა, პრეზიდენტობა სურს და ნახეთ, რა ცუდ რაღაცებს ჩაიდენსო" - კვირის პალიტრა

"ჯაბამ იმხანად სააკაშვილზე მითხრა, ეგ გაუწონასწორებელი ადამიანია, ეტყობა, პრეზიდენტობა სურს და ნახეთ, რა ცუდ რაღაცებს ჩაიდენსო"

"ჯაბას ბევრი რამ დააბრალეს, თუმცა სასამართლოზე მოწმეები ვერაფერს ადასტურებდნენ. 11 წელიწადი მიუსაჯეს და 6 წელიწადს იჯდა. ჩვენმა ვედრებამ იმოქმედა, თორემ არ გამოდიოდა, - არაფერი დამიშავებია და რად მინდა შეწყალებაო?", - ამბობდა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში ძმაზე, ჯაბა იოსელიანზე მისი და, აკადემიკოსი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პროფესორი, ელენე (ლილი) იოსელიანი. გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან:

"მე და ჩემმა დამ, ნათელამ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ერთდროულად ჩავაბარეთ. ის სამსახიობოზე, ეროსი მანჯგალაძის ჯგუფში სწავლობდა. ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ, საუბედუროდ, მეორე კურსზე გადადიოდა, ტუბერკულოზით რომ გარდაიცვალა. ყველასგან მაინც ჩვენი უმცროსი ძმა - მერაბი გამოირჩეოდა. საოცარი ბავშვი იყო, ვუნდერკინდს უწოდებდნენ და სწორედ მან დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი - 5 წლისა გარდაიცვალა. ჯაბაც ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ 15 წლისა უკვე ციხეში იჯდა. არ მავიწყდება, შევარდნაძემ რომ დააპატიმრა. გორში პირველად ვდგამდი მის პიესას - "ეთერიანს" და პრემიერის წინა დღეს რადიოთი შევიტყვე შევარდნაძეზე ტერაქტის მომზადებისთვის ჯაბას დაპატიმრების ამბავი. პრემიერა მაინც შედგა, მაგრამ მეტჯერ აღარ გვითამაშია. ჯაბას ბევრი რამ დააბრალეს, თუმცა სასამართლოზე მოწმეები ვერაფერს ადასტურებდნენ. 11 წელიწადი მიუსაჯეს და 6 წელიწადს იჯდა. ჩვენმა ვედრებამ იმოქმედა, თორემ არ გამოდიოდა, - არაფერი დამიშავებია და რად მინდა შეწყალებაო?

არც ვიცოდი, თურმე, დაჭერამდე გასცნობია მას მიხეილ სააკაშვილი - ჯაბა სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე რომ იყო, შევარდნაძე კი - ქვეყნის მეთაური. ჯაბასთან მისულა, მისაღებში მუჯლუგუნებით რიგი გაურღვევია. ჯაბას დაცვის უფროსი ხელით გვერდზე გაუწევია და კაბინეტში შევარდნილა. დაცვის უფროსი დადევნებია, მაგრამ მაინც შეუსწრია კაბინეტში. სააკაშვილს უთხოვია, იურიდიული განათლება მაქვს, კოლუმბიის უნივერსიტეტში მინდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე წასვლა და გამიშვითო. ჯაბას უფიქრია, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდაა, უნდა გავუშვათო და საგარეო საქმეთა სამინისტროში, ალექსანდრე ჩიკვაიძესთან უშუამდგომლა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჯაბასთვის მიუკითხავს, - ჩამოვედი და მუშაობის დაწყება მინდა - ან პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გამიშვით, ან რომელიმე ქვეყნის ელჩადო. გაოგნებულ ჯაბას კვლავ ჩიკვაიძესთან გაუგზავნია. ისიც აღშფოთებულა, - არ გიცნობ, სად გაგიშვაო და უარით გაუსტუმრებია. სააკაშვილი რაღაც გზებით მაინც მოხვდა იურიდიულ კომიტეტში და, პირველ რიგში, ომის მონაწილე "მხედრიონელების" ოჯახებს მოუხსნა პენსიები. შემდეგ წინ წავიდა და იუსტიციის მინისტრი გახდა. დანარჩენი თქვენც კარგად იცით. იმხანად ჩემმა ძმამ მითხრა, ეგ გაუწონასწორებელი ადამიანია, ეტყობა, პრეზიდენტობა სურს და ნახეთ, რა ცუდ რაღაცებს ჩაიდენსო. თვითონ ვერ მოესწრო სააკაშვილის გაპრეზიდენტებას, თუმცა მისი სიტყვები კი გამართლდა..." იხილეთ სრულად