"თუ ვინმეს შეუძლია ძლიერი ოპონირება გაუწიოს "ქართულ ოცნებას", ეს იქნება გახარია" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმეს შეუძლია ძლიერი ოპონირება გაუწიოს "ქართულ ოცნებას", ეს იქნება გახარია"

"თუ გახარია დამოუკიდებლად გამოვა პოლიტიკურ გზაზე, რთული გზის გავლა მოუწევს. ცრუ ბრალდებებიც იქნება, კომპრომატებიც, ტროლებიც და ბოტებიც... გახარიამ ეს უნდა იცოდეს"

"არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის, წარსულში, პასუხები გაეცემა", - ეს იყო პირველი განცხადება, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გააკეთა.

მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა: "განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში და ვმუშაობ შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და რეალური დღის წესრიგის შექმნა ევროპული მომავლისთვის".

"ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია. უფრო საინტერესო და შეიძლება ითქვას, კომიკური ის არის, რომ იმავეს იფიქრებენ კობახიძე-ღარიბაშვილი", - ასეთი ვერსია განავრცო ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. უფრო ვრცლად ვერსიების შესახებ გია ხუხაშვილი და, ასევე, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი: - მე მგონია, რომ გახარიას გარშემო ნაადრევი აჟიოტაჟია ატეხილი. იქნებ, სულაც "ქართულ ოცნებაში" ბრუნდება?! სხვადასხვაგვარად შეიძლება პოლიტიკაში ინტეგრაცია. ერთი მხარე რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტად მოიხსენიებს და ძალიან მალე "ქართული ოცნება" დაიწყებს ლაპარაკს, რომ სააკაშვილთანაა შეკრული, სავსებით ცხადია. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, ამას პროცესი აჩვენებს. მე არ მაქვს ჯერჯერობით საფუძველი, რომ წინასწარ უნდობლობა გამოვუცხადო. ვფიქრობ, რომ საინტერესო ელემენტი იქნება ქართულ პოლიტიკაში. დღევანდელი პოლიტიკა ძალიან "ჩაიხარშა" და ნამდვილად საჭიროებს გადახალისებას. უკვე საკმაოდ დიდია იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომელსაც არც ხელისუფლება მოსწონს, არც ოპოზიცია და თუ გახარია მოახერხებს უფრო გლობალური შეთავაზების გაკეთებას, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა გახარიასთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? - თუ გახარია დამოუკიდებლად გამოვა პოლიტიკურ გზაზე, ნამდვილად რთული გზის გავლა მოუწევს, ორმხრივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდება. ცრუ ბრალდებებიც იქნება, კომპრომატებიც, ტროლებიც და ბოტებიც... ქართული პოლიტიკა ძალიან სასტიკია. გახარიამ ეს უნდა იცოდეს. არ არის გამორიცხული.

- სოციალურ ქსელებში მისი ყოფილი თანაგუნდელები და, ასევე, ყოფილი ოპონენტები გაოცებას ვერ მალავენ მისი პოპულარობის და რეიტინგის გამო. თქვენ როგორ ახსნით ამას? - მე ის მიკვირს, მათ რა უკვირთ? ძალიან მარტივად შეიძლება გახარიას რეიტინგის ახსნა. ბიძინა ივანიშვილი ბოლო დროს "ქართული ოცნების" ძალიან ბევრ ამომრჩეველს აღარ მოსწონდა და ეძებდა ავტორიტეტს, რომლის გამოც ამ გუნდის მხარდამჭერად დარჩებოდა. ეს ავტორიტეტი იყო გახარია. მის გარეშე "ქართული ოცნება", რაც უნდა ემამაძაღლათ, არჩევნებს ვერ მოიგებდა. ხალხი, რომელიც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს, მაგრამ ხმას მაინც ამ პოლიტიკურ გუნდს აძლევს, სულ გახარიას ელექტორატია.

- თუმცა არავის ავიწყდება მისი "ფრთიანი" ფრაზა - "ქართულ ჯიგრულ პონტში მოსულა"... - გასაგებია, ადამიანური შეცდომა ყველას მოგვდის. ეს დეტალია, რომელზე ყურადღების გამახვილება არც კი ღირს. მე მის სხვა შეცდომას ვხედავ. პოლიტიკაში დარჩენას თუ აპირებდა, მაქსიმალური კაპიტალით უნდა აეღო სტარტი.

- რას გულისხმობთ? - 18 თებერვალს კი არ უნდა გადამდგარიყო, გომელაურისთვის სპეცოპერაციის ჩატარება უნდა აეკრძალა. თუ არ დაემორჩილებოდა, უნდა გაეთავისუფლებინა. ასევე, უნდა გაეთავისუფლებინა თავდაცვის მინისტრი და დაეყენებინა პროკურორის საკითხი. ძალიან მაინტერესებს, როგორ გადააყენებდნენ. ინსტიტუციურად მისი გადაყენების უფლება, პარლამენტის გარეშე არავის აქვს, მაგრამ პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას დაემორჩილა, რაც პოლიტიკოსისთვის ნამდვილად დიდი შეცდომა იყო. ახლა გაცილებით რთული სასტარტო პირობები აქვს, ის შეცდომა კომპლექსით იყო განპირობებული, თუ სხვა რამით, ამას დრო აჩვენებს.

ლადო ბოჟაძე: - გახარიამ პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება. რადგან 18 თებერვალს მან პრემიერ-მინისტრის პოსტი და პარტია "ქართული ოცნება" დატოვა, ბუნებრივია, იგი "ქართულ ოცნებაში" არ და ვერ დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს შეუძლია ძლიერი ოპონირება გაუწიოს "ქართულ ოცნებას", ეს იქნება გახარია. გარდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერის პოსტზე დაგროვილი გამოცდილებისა, მას აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი და ჰყავს პოლიტიკური გუნდი, რომელთა ნაწილი დღეს პარლამენტშიც არის წარმოდგენილი. იქნება თუ არა ის წარმატებული ოპოზიციურ ფლანგზე, ეს დამოკიდებულია თავად მასზე და მის პარტნიორებზე. თუმცა, გახარიამ რომ "ქართული ოცნება" აკრიტიკოს 18 თებერვლის შემდგომ მოვლენებზე, ეს შესაძლოა ამომრჩეველს ცოტა უცნაურად მოეჩვენოს. რატომ? იმიტომ, რომ მანამდე ის პრემიერ-მინისტრი იყო. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვის აირჩევს პარტნიორებად და როგორი დამოკიდებულება ექნება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. რადგან ვიცით, რომ ნიკა მელიას გამო წავიდა პოსტიდან. ის მოერიდა რეაქციებს, რაც შესაძლოა, მელიას დაპატიმრებას მოჰყოლოდა. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა, მან მაშინვე აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც არათუ სისხლისღვრა, უბრალო დაპირისპირებაც კი არ მოჰყოლია. ფაქტია, ის ნიკა მელიას გამო წავიდა. გახარიამ, თავისი წასვლით ნამდვილად დააზიანა "ქართული ოცნება", ახლა ვნახოთ, რამდენად დააზიანებს დაბრუნებით. თუმცა, მე ასე არ მგონია... ჩემი აზრით, გახარია თუ ვინმეს დააზიანებს, ეს იქნება სწორედ ოპოზიცია. ის ოპოზიცია, რომელმაც ხალხი მოატყუა.

- რას გულისმოხბთ? - იმას, რომ ხალხმა ხმა მისცა მათ პარლამენტში შესვლას, მაგრამ ისინი არ შევიდნენ და ღიად აღმოჩნდნენ "ნაციონალების" ორბიტაზე. ეს განსაკუთრებულად ეხება "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს". უფრო ნაკლებად ეხება "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას", რომლებმაც არანაკლებ გაუცრუეს იმედი თავიანთ ამომრჩეველს.

ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ოპონირების გარეშეა დატოვებული. ოპოზიციისგან კვალიფიციურ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ოპონირების ნაცვლად, ჩვენ გვესმის უმიზნო კრიტიკა, ვითომდა, გაყალბებულ არჩევნებზე, საუბრობენ იმაზე, თუ ვინ რამდენ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში და ვინ როდის შევა კარავში ან გამოვა იქიდან. ამ ფონზე, ახალი, ძლიერი ოპოზიციური პარტიის გამოჩენა ამ ოპოზიციისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

- ე.ი. სწორედ ეს არის ის კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელზეც ივანიშვილი პარტიიდან წასვლისას საუბრობდა? - კონსტრუქციული იქნება თუ არა, ეს ისევ გახარიაზეა დამოკიდებული. თუმცა მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ის ვერ იქნება რადიკალური, არ იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაზე წინ, პარტიულ და პირად ინტერესებს დააყენებს.

შესაბამისად, არ მგონია, რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლოს. რამდენად მოესწრება ეს ყველაფერი 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ ვიცით, მაგრამ 2024 წლამდე საკმარისი დროა დარჩენილი, რომ 5%-იანი ბარიერის გადასალახად კარგად მოემზადოს პარტია. შესაბამისად, 2024 წელს ვინც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, დამოუკიდებლად გადალახავს ბარიერს, ეს იქნება გიორგი გახარია და მისი პარტია.

- თქვენი ვერსიით, კახა კალაძესაც მის გვერდით ხომ არ ვიხილავთ? - რამდენადაც კალაძის განცხადებებიდან ვაკეთებ დასკვნას, მან უკვე დაიწყო მეორე ვადისთვის საარჩევნო კამპანიის მზადება და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ისევ ის იქნება. მგონია, რომ ის მეორე ვადით არჩეული, თბილისის პირველი მერი იქნება.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)