რას პასუხობენ ამერიკელი სენატორების განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" - კვირის პალიტრა

რას პასუხობენ ამერიკელი სენატორების განცხადებებს "ქართულ ოცნებაში"

"სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათ მხრიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში."გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები.

1. 2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა;

2. ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს როგორც თავისუფალს, დემოკატიულს და კონკურენტულს;

3. ყველა თანმხდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს;

4. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის პოლიტიკურმა ლიდერებმა;

5. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს, გადადონ მოკლე ვადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;

6. საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათ მხირიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად. შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო "ქართულმა ოცნებამ", როგორც პროდასავლურმა ძალამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ბუნებრივია, გამოხატული იქნა წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა დაიცვან.

"ქართული ოცნება" იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები", - განაცხადა კუჭავამ.

"ერთმნიშვნელოვნად, რაც გზავნილებიდან იკვეთება, ეს არის, რომ ოპოზიციას ყველა შემთხვევაში მოუწევს საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოლაპარაკების პროცესში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს საკითხზე სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირევით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები, პირველ რიგში კი ოპოზიციამ.

"ერთმნიშვნელოვნად დგინდება ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან უკვე არსებული, საერთაშორისო პარტნიორების და ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს რაიმე შესაძლებლობას, რომ კიდევ იყოს მტკიცება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ყოველგვარი საფუძველი ეკარგება ამასზე საუბარს და ეს ერთ- ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომლის საფუძველზე ალბათ, მოუწევს ოპოზიციას, გადახედოს საკუთარ გეგმებს, გადახედოს თუნდაც მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ უნდა შეივსოს პარლამენტში ადგილები და შეუვსებელი ადგილები ოპოზიციის მხრიდან არის ის, რაც ემსახურება რუსეთის ინტერესებს ჩვენს სახელმწიფოში. ეს ავალდებულებს ოპოზიციას, რომ მოვიდეს მოლაპარაკებაზე არა იმ განწყობით, რომ მოლაპარაკებებში მხოლოდ მონაწილეობა არის მათი მხრიდან დასაშვები კომპრომისი. ასევე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ კარგად ფლობენ ინფორმაციას, ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ის პატიმრობა, რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ. ძალზედ მნიშვნელოვანია გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ და ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ნიკანორ მელიამ დაარღვია კანონი და რაც მნიშვნელოვანია, ითქვა, რომ სამართლის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი. იყო მოწოდება, რომ ყველამ პატივი სცეს კანონს, სამართლის უზენაესობას. ესეც ალბათ, მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს უნდა იძლეოდეს. საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ ეს გზავნილები, ერთმნიშვნელოვნად რაც იკვეთება, ეს არის, რომ ოპოზიციას ყველა შემთხვევაში, ამის შემდეგ მოუწევს საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოლაპარაკების პროცესში," - განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სენატში გამოთქმულ მოსაზრებას, შეუთანხმებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეთანხმებისთვის მონდომებულია და გამოთქმული მოსაზრებები ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.

"რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შეუთანხმებლობამ შეიძლება გარკვეული პროცესების ესკალაცია გამოიწვიოს და უარყოფითი შედეგები მათ შორის, ფინანსური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, საამისოდ საკმარისი წინაპირობა არ არსებობს და ვფიქრობ, გადაჭარბებულია ეს შეფასება იმ ფონზე, როცა გამოითქვა არაერთი მოსაზრება და მკაფიოდ გამოითქვა შეჯამებული დასკვნის სახით, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ არასდროს გადაუხვევია იმ კურსისგან, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის და გამოხატულება უზარმაზარი მხარდაჭერისა," - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.