"სულ ველოდი, რომ გახარია დაბრუნდებოდა... "ქართულ ჯიგრულ ამბავში" "ნაციონალებსაც" ბევრი რამე აქვთ ნაკეთები, ყველამ თავის "ჯიგარს" მიხედოს!" - კვირის პალიტრა

"სულ ველოდი, რომ გახარია დაბრუნდებოდა... "ქართულ ჯიგრულ ამბავში" "ნაციონალებსაც" ბევრი რამე აქვთ ნაკეთები, ყველამ თავის "ჯიგარს" მიხედოს!"

"ივანიშვილი ახლა გაფუჭებული სათამაშოსავით ცდილობს ამ გუნდის მოშორებას და ახლით მის ჩანაცვლებას"

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენლები თავიანთ შეხედულებას აქტიურად გამოთქვამენ, თემას kvirispalitra.ge-სთან მომღერალი ირმა სოხაძე, პროდუსერი ნატო დუმბაძე და მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ეხმაურებიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არსად აპირებს წასვლას. "რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განაცხადა გახარიამ.

ირმა სოხაძე, მომღერალი:

- არ ვიცი, გახარია დამოუკიდებლად ბრუნდება პოლიტიკაში, თუ ვინმე უმაგრებს ზურგს, თუმცა, ძალიან მომწონს, რაც ხდება. მივესალმები მის დაბრუნებას. რაც უფრო მრავალფეროვანი და კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მით უკეთესი. დღეს გვაქვს განცდა, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლებაზე მტრად გადაკიდებული. დროა, ოპოზიციამ, ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყანაზე და ხალხზე იფიქროს. ეს ქვეყანასაც წაადგება და მათაც. გახარია ჩემში ყოველთვის ნდობას, სიმპათიას იწვევდა. გამორჩეული პიროვნებაა, თავისი ქარიზმით და პასუხისმგებლობით. კრიტიკულ ვითარებაში არც ბოდიშის მოხდა ეთაკილებოდა და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ერიდებოდა. მთელი რიგი მომენტებია, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ თითქოს, 20 ივნისის ღამეს გახარიამ ბრძანება გასცა, დამიზნებით ესროლეთ აქციის მონაწილეებს და თვალები დასთხარეთო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რა მოხდა სინამდვილეში, ამას, ალბათ, ოდესმე გავიგებთ.

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი, დირიჟორი:

- ეს ყველაფერი "ჭორვილის კარის თამაშებია". არც გიორგი გახარია წასულა სადმე და არც მისი ბატონი - ბიძინა ივანიშვილი. წყალწაღებულები ხავს ეჭიდებიან, ნახეს, რომ "ქართულ ოცნებას" აღარავინ ენდობა, ყველანაირად გაკოტრდა ეს პოლიტიკური ძალა, როგორც მკვდარს ვერ გააცოცხლებ, ისე მაგას აღარაფერი ეშველება. ივანიშვილი ახლა გაფუჭებული სათამაშოსავით ცდილობს ამ გუნდის მოშორებას და ახლით მის ჩანაცვლებას. ყველაფერს გააკეთებს, თავისი პოზიციებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ათასნაირი "ტრიუკით" გაგვანებივრებს. საღად მოაზროვნე ადამიანებს მისი ზღაპრების აღარ სჯერა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისედაც ჩამოშლილ, ინსტიტუციებდაზიანებულ ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებენ. ჩამოშლილი, დაზიანებული, სახელმწიფოებრიობა დაკარგული საქართველო კი მხოლოდ კრემლის "ქართული ოცნებაა".

ლაპარაკობენ, რომ თითქოს გახარია რეიტინგულია. როგორ შეიძლება ის რეიტინგული იყოს, 20 ივნისის ღამის ან თუნდაც, იმ ფრაზის გამო - "ქართულ ჯიგრულ პონტში მოსულაო"?! კაცი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ჯიგრულ პონტში ანიავებს, როგორ შეიძლება ხალხს მოსწონდეს?! როგორც ჩანს, თავად "ქართული ოცნება" მუშაობს მის რეიტინგზე, ისევ მათ მხარდამჭერებს შორის იქნებიან გახარიას მხარდამჭერებიც. მე არ მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანები ამ იაფფასიანი "ტრიუკით" მოტყუვდნენ

ნატო დუმბაძე, პროდუსერი: - სულ ველოდი, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში. ძალიან მომწონდა და განვიცადე, როდესაც პრემიერის თანამდებობა დატოვა. რატომ მომწონს? იმიტომ, რომ არასდროს ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს, ჟურნალისტებთანაც ყოველთვის კორექტულია, არასდროს ერიდება დიალოგს, მათ შორის - არც ოპოზიციასთან. ასეთი პოლიტიკოსი ახლა ძალიან აკლია ქართულ პოლიტიკურ ველს. მე არ მჯერა, რომ მას რუსული "ბექგრაუნდი" აქვს. მისი ახალგაზდობისას ხალხი რუსეთში მიდიოდა განათლების მისაღებად, დრო იყო ასეთი. ჩემმა შვილმა პრაღაში დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ პრაღელებთან კი არა, ქართველებთან მეგობრობდა. პატარა საქართველო ყველგან არის - რუსეთშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც. რუსეთში უმაღლესი განათლების მიღებას არც ხელისუფლების წარმომადგნლებს ვუთვლი ნაკლად და არც - ოპოზიციონერებს. ახლა ვის თამაშს თამაშობს, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში ჯანსაღი ოპოზიციით შემოვა. როგორია ჯანსაღი ოპოზიცია? დელიკატური, დღევანდელი რეალობისთვის შესაფერისი, დაბალ ტონში მოლაპარაკე და ინტელიგენტური.

რას ვფიქრობ მის ფრთიან ფრაზაზე "ქართულ ჯიგრულ პონტში"? - ძველი, თბილისური ნათქვამი იყო. მე, როგორც რიგითმა ქართველმა, ასე მივიღე, ალბათ, ვიღაცამ ვიღაცას ხელი გაუმართა "ქართულ ჯიგრულ ამბავში", რა მოხდა მერე? "ქართულ ჯიგრულ ამბავში" "ნაციონალებსაც" ბევრი რამე აქვთ ნაკეთები და სხვებსაც. ამიტომ ყველამ თავის "ჯიგარს" მიხედოს!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)