3 თანამდებობის პირი, რომელსაც ყველაზე მეტი დარღვევა აქვს ქონებრივ დეკლარაციაში - კვირის პალიტრა

3 თანამდებობის პირი, რომელსაც ყველაზე მეტი დარღვევა აქვს ქონებრივ დეკლარაციაში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქონებრივი დეკლარაციების 2020 წლის მონაცემები მიმოიხილა.

მათი შეფასებით, ქონებრივი დეკლარაციების 2020 წლის მონიტორინგის შედეგად იკვეთება-– გაუარესებული შედეგები და არარსებული ფოკუსი კორუფციის გამოვლენაზე.

"2020 წლის 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის 2020 წლის ანგარიში. მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ დეკლარაციების შემოწმების მექანიზმი დანერგვიდან ოთხი წლის შემდეგაც სათანადოდ ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენცია,"-ნათქვამია ანგარიშში.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშის თანახმად, იკვეთება 3 მთავარი პრობლემა, რომელიც მონიტორინგისას ყოველ წელს იჩენს თავს: იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა; არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები და მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, მონიტორინგის პირველი სამი წლის განმავლობაში დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა შთამბეჭდავი კლება ფიქსირდებოდა (2017 წელს 80%-დან 2019 წელს 45%-მდე); თუმცა, 2020 წელს დაჯარიმებულთა წილმა კვლავ მატება დაიწყო და 52%-ს მიაღწია. ანუ თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს, რაც ვერ ჩაითვლება ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხად.

"მეტიც, არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ. 2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა. რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდა არასრულია. ეს კი, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის, მნიშვნელობას და ამცირებს მის ეფექტურობას,"-ვკითხულობთ ანგარიშში.

მათივე ცნობით, ცალკე აღნიშვნის ღირსია შემდეგი 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2020 წლის დეკლარაციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ:

რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა);

ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა);

ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე (8 დარღვევა).

bpn.ge