"სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვაქცინის მიმართ უპრეცედენტო პასიურობაა, ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება" - კვირის პალიტრა

"სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვაქცინის მიმართ უპრეცედენტო პასიურობაა, ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

ცერცვაძემ ბრიფინგზე ორი ფაქტორი დაასახელა, რის გამოც დღევანდელი ეპიდვითარება საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდა, მოსახლეობის უპრეცედენტო პასიურობაა, ამასთან შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელი.

"საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით მოსვლა, ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა 400-ზე მეტი არ არის. ასევე გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო. ორი ძირითადი ფაქტორია - პირველი ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და კიდევ უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინის მიმართ და უდიდესი სკეპტიციზმი. ფაქტობრივად მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია",- განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასშტაბური ვაქცინაციის შემთხვევაში, დასტაბილურდება ეპიდვითარება და მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის "კომენდანტის საათიც".

მისი განცხადებით, ადამიანებმა კვლავ უნდა გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.

"საქართველო დღეს გზაგასაყარზე დგას. უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი. პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოვებთ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში, ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, ისეთი, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს.

ეს არის ის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის "კომენდანტის საათის". ბიზნესი და ეკონომიკა ღია იქნება, ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. თითოეული ჩვენგანი იგრძნობს თავის თავზე, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც გასულ წელს იყო. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, პირბადეების ტარება. მეორე გზა, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ვადგავართ, გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ავიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ჩავატარებთ. დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა. იცით, რომ ხვალ "ფაიზერი" შემოდის. გარდა ამისა, მასობრივად უნდა დავუფრუნდეთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე, რაც ამ ბოლო დროს ასე გახშირდა",-განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არ ჩატარდება "ფაიზერით" ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში.

როგორც ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს "ფაიზერის" ვაქცინას, სახელმწიფო სიფრთხილეს იჩენს და ამ ვაქცინით მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკებში აიცრებიან. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოშო მოსახლეობის აცრა "ასტრაზენეკას" ვაქცინით გაგრძელდება.

"მულტიპროფილური კლინიკები იქნა შერჩეული, ინფექციური არ არის მულტიპროფილური. ვემსახურებით ინფექციურ ავადმყოფებს. ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან. ჩვენები ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავიდნენ.

ჩვენთან "ასტრაზენეკას" აცრა გრძელდება, რამეთუ მის შესახებ ყველაფერი ვიცით და ჩვენი რესურსი აბსოლუტურად საკმარისია, "ფაიზერისთვისაც" საკმარისია, მაგრამ სახელმწიფო სირთხილეს იჩენს. ჯერ ცნობილი არ არის, რა გართულეები აქვს "ფაიზერს", ამიტომ აირჩიეს მულტიპროფილური კლინიკები. ამასთან, "ფაიზერი" ცოტაა, სულ 15 ათასი ადამიანის დოზაა. ის რომ ძალიან დაეფანტათ, არაეფექტური იქნებოდა. ამასთან, მას შენახვის სხვა სისტემა უნდა, ყველაფერი ამის გამო საბჭომ ოპტიმალურად მიიჩნია, რომ 6-7 კლინიკა იყოს ჩართული "ფაიზერით" აცრაში, რაც სრულიად საკმარისია",- განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი" იხილეთ ვიდეო: