"ამ ერთ წელიწადში ისეთი რაღაცები გამოვცადე, რისიც მანამდე არ მჯეროდა" - კვირის პალიტრა

"ამ ერთ წელიწადში ისეთი რაღაცები გამოვცადე, რისიც მანამდე არ მჯეროდა"

"არ შეიძლება ყველაფერზე პრეტენზია გქონდეს, ყველას აკრიტიკებდე "ფეისბუკიდან" და თავად არაფერს წარმოადგენდე"

"მეამაყება ყველა ქართველი ახალგაზრდა", - მეუბნება მსახიობი დავით კვირცხალია, რომელსაც პანდემიაზე, მონატრებულ მაყურებელსა და ვაქცინაციის თემაზე დავუსვი რამდენიმე კითხვა. მოგეხსენებათ, აპრილიდან თეატრებში სპექტაკლების ჩვენება განახლდება და ჩვენც ამ სასიამოვნო თემით დავიწყეთ საუბარი...

- მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერას დავესწრები. მართალია, მასში დაკავებული არ ვარ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება... პირადად ჩემი მონაწილეობით მხოლოდ ერთი სპექტაკლია შემორჩენილი რეპერტუარში, მაგრამ "12 განრისხებულ მამაკაცს" ჯერ, მგონი, ვერ წარვადგენთ, რადგან სცენაზე ერთროულად 12 კაცის გაყვანას ერიდებიან. ხომ იცით, ეს პანდემია ყველაფერს ცვლის, არ არის იოლი საქმე...

- ბატონო დავით, პანდემიამ პირადად თქვენ, რა გასწავლათ?

- პირველ რიგში, ის მასწავლა, რომ ბევრ რამეს დისტანციიდან უნდა შეხედო, უფრო უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ ერთმანეთი. ხომ იცით, მარტო ჩვენ არ ვართ ამ ქვეყანაზე. უჩინარ ვირუსსაც კი, რომლის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით თუა შესაძლებელი, შეუძლია, საერთოდ გაგვაქროს ამ ქვეყნიდან. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ნურავინ დაიტრაბახებს, რომ ყველაფერი მისია და საკუთარი უკვდავობის სჯერა. ღმერთმა ნუ ქნას, ვირუსი მოგვერიოს. ამ ერთ წელიწადში ისეთი რაღაცები გამოვცადე, რისიც მანამდე არ მჯეროდა. ვირუსების გავრცელებაზე, პანდემიაზე გადაღებულ ფილმებს რომ ვუყურებდი, ერთგვარი ფანტასტიკასავით იყო ჩემთვის და ვინმეს რომ ეთქვა, მსგავს რამეს მალე გამოვცდითო, არ დავუჯერებდი. არადა, ამ ვირუსმა ბევრი საყვარელი ადამიანი წაგვართვა და ვინ იცის, რამდენია კიდევ განსაცდელში. ვფიქრობ, პანდემიამ უფრო მეტად დაგვაფასებინა გარშემო მყოფები და მეც, როცა სანთელს ვანთებ, სულ ვამბობ: "მაპატიე უფალო, თუ ცოტას ვფიქრობდი მოყვასზე". ახლა ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ყველაზე მაგარი ვარ. არა, მეც ისეთივე ცოდვები მაქვს, როგორიც ბევრ სხვას, მეც ბევრი დრო გავანიავე, მაგრამ ახლა, უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი განცდები და შეხედულებები აგიხსნათ.

- ვაქცინაციაზე რას ფიქრობთ? როცა შემოგთავაზებენ, აიცრებით? - აბა, მითხარით, რატომ არ უნდა გავიკეთო? მე მჯერა პროფესიონალების, ისინი კი ამბობენ, რომ ამაზე უკეთესი ვაქცინა არ არსებობს. რა თქმა უნდა, მესმის რატომაც მისვამთ ახლა ამ შეკითხვას, ქვეყანაში არის ცუდი პრეცედენტი, ახალგაზრდა ექთანი გოგონას გარდაცვალების სახით, ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ რა ვქნათ, როგორღაც ხომ უნდა დავამარცხოთ ეს უბედურება?! ჰოდა, თუ არა ვაქცინაციის გზით, სხვაგვარად ეს როგორ მოხდება? ახსნან ამ ანტივაქსერებმა, რატომ არ უნდათ ვაქცინაცია? კი, ბატონო, ერთ-ერთი ძველი და ჩვენი ისტორიით გამორჩეული ერი ვართ მსოფლიოში, დიდი ტრადიციებით, მაგრამ ასე პატარა ბავშვივით გაჯიქება და გაჯიუტებაც არ შეიძლება. რამე არის უკეთესი და არ გვაძლევენ? გვითხარით ჩვენც! იცით, რა მიკვირს? დააგვიანდათ შემოტანა და ერთი ამბავი ავტეხეთ, სად არისო? შემოიტანეს და, - არ გავიკეთებთო. თუ არ გაიკეთებ, კი, ბატონო, იყავი შენთვის. რა საჭიროა ტელევიზიით გამოსვლა და მთელი საქართველოს გასაგონად ამაზე ლაპარაკი? რად უნდა ამას აფიშირება?

- ბატონო დავით, ქვეყნის მმართველი რომ იყოთ, ახლა რას ეტყოდით ხალხს? - ვეტყოდი: არ შედრკეთ, ხალხო, დროებითია ეს განსაცდელი და მალე კარგად იქნება ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს-მეთქი და მერე შევეცდებოდი, სიტყვა საქმედაც მექცია... საერთოდ, ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ყველაზე ნაკლებს ვფიქრობ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე. რა ვიცი, შეიძლება ეს ჩემი მინუსია. ჩვენს ქვეყანაში ყოველ წუთში იცვლება პირობები, მოცემულობები. რა თქმა უნდა, მინდა მშვიდობა, ჩემი ქართველების ბედნიერება და რომ ამ ქვეყანაში ყველა იცინოდეს, მაგრამ არ გამოდის, სამწუხაროდ...

- ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემად რა მიგაჩნიათ? - ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია ბავშვების უხასიათობა. ქუჩაში მათი ჟივილ-ხივილი რომ არ ისმის, ეს მიკლავს გულს. ჩვენს ბავშვობაში სულ წივილ-კივილი იყო, ყველგან მშობლების ხმა ისმოდა, შვილებს რომ ეხვეწებოდნენ, ეზოდან ამოდითო. ახლა მეტყვით ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ ბავშვებს კომპიუტერები, პლანშეტები აქვთ და ეზოში გართობისთვის დრო არ რჩებათო. არა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ. აი, სკოლაშიც რომ მიდიან და ხელში ტელეფონი არ უჭირავთ, მაშინაც ჩაფიქრებულები ჩანან. მეჩვენება, რომ მეტად დარდიანია ახალგაზრდობა, ვიდრე მათ ასაკში ჩვენ ვიყავით. ეს ცუდია...

- შეგიძლიათ მათ რჩევები მისცეთ? - აუცილებლად უნდა უყვარდეთ სამშობლო, მიუხედავად ყველაფრისა. წარსული, წინაპრები არასდროს უნდა დაივიწყონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ ცხოვრებისეული კრიზისი დაძლიონ, ამისთვის კი რაც შეიძლება მეტი განათლების მიღებაა საჭირო, სხვა არაფერი გვიშველის, ასე ვფიქრობ.

- ბატონო დავით, სერიალში "მეგრელების კლანი" როდიდან გამოჩნდება? - თუ არ ვცდები, მეშვიდე სერიიდან გამოვჩნდებით. საამაყო მეგრელია გრიშა კაკაჩია, არა (იცინის)?!

- საამაყოა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კი შეგვიყვარდა... შეგიძლიათ მითხრათ, როგორ ემზადებოდით ძველ დროში სპექტაკლებზე, ფილმების პრემიერაზე დასასწრებად? - ძველად, თეატრალური ცხოვრება უკეთესი იყო. თეატრს ჰქონდა მდიდარი რეპერტუარი, მარტო ორშაბათს ისვენებდა. სპექტაკლზე დასასწრებად ხალხი წინასწარ ემზადებოდა და პრემიერისთვის ახალ სამოსსაც კი იკერავდნენ... მაგრამ ამასაც თავის ახსნა აქვს: სხვა არაფერი იყო. მერე ტელევიზია მომაგრდა და კინოსკენ გადაიხარა ხალხი. ამბობდნენ, თეატრი მალე მოისპობაო, მაგრამ ვხედავთ, რომ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ახლა თეატრი ისევ დაფასებულია. კინო და ტელევიზია შედარებით ერთფეროვანი გახდა - ასე იქნება სულ, ერთი მეორეს შეცვლის. ახლა ტელევიზიაც საფრთხის ქვეშაა, ინტერნეტმა დაუკარგა ფასი...

- გაიხსენეთ სპექტაკლი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე და მსახიობობაზე დაგაფიქრდათ. - რუსთაველის თეატრში ვნახე რობერტ სტურუას დადგმული "მზიანი ღამე", რომლის გმირები მაშინვე შემიყვარდნენ; შემდეგ მიხეილ თუმანიშვილის "ჭინჭრაქამ" დამატყვევა. ამ ზღაპარმა ჩემი გონება მოიცვა, დაიმორჩილა და მე უკვე სხვა პროფესია არც მინდოდა, გარდა მსახიობობისა. მერე ბედმაც ისე შემიწყო ხელი, რომ გავხდი თუმანიშვილის მოწაფე და პირველი სპექტაკლი ვითამაშე რობერტ სტურუას დადგმაში.

- ალბათ, ძალიან მოგენატრათ მაყურებელი... - რა თქმა უნდა! არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა სპექტაკლის შემდეგ, მსახიობს ტაშს გიკრავენ. როდესაც "პაკლონზე" გამოდიხარ და მაყურებელს თავს უკრავ, უკვე გრძნობ, რამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს; ყურს უგდებ, როგორ მოიმატებს შენი გამოსვლისას აპლოდისმენტის "გრადუსი" და, - აი, ამით ხარ მსახიობი ბედნიერი, აღარ ფიქრობ, რომ ტყუილად გიცხოვრია ამ ქვეყანაზე. ვერავინ მეტყვის, რომ მსახიობობით ადამიანმა, განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში ან საბჭოთა პერიოდში, ქონება დააგროვა, ცხოვრება მოიწყო. აქ ამით ვერ გამდიდრდები, მაგრამ თუ სახელს მოიხვეჭ, ბევრ რამეში უბრალოდ, ფული არ დაგეხარჯება. აი, სხვა პროფესიის ადამიანმა ის სითბო რომ მიიღოს, რასაც ჩვენ ხალხისგან ვიღებთ, უნდა დაპატიჟოს ადამიანები სადმე, გაუმართოს მათ დიდი სუფრა და ა.შ. მსახიობი კი ამას იღებს თავისი ნიჭის წყალობით და ამ დროს ამაყია, თავაწეული დადის.

- ქართველ კაცზე ამბობენ, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაციაო. ეთანხმებით ამ ნათქვამს? - კორონოპანდემიის დროს ბევრი ქართველი უცხოეთიდან - ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან და ა.შ. გვესაუბრებოდა ტელეეკრანიდან. ნახეთ, რამდენი ჩვენებურია საზღვარგარეთ წარმატებული და შემდგარი თავის პროფესიაში. ჰოდა, როგორ უნდა თქვა ქართველ კაცზე, რომ ზარმაცია და მხოლოდ ვიღაცის ხელშეწყობით აღწევს მიზანს? კი, ვიღაცებმა საზღვარგარეთ ვერ დაიმკვიდრეს თავი და უკან მობრუნდნენ, ვიღაცები სასწავლად ან კარიერის მოსაწყობად კი არა, სხვა რამისთვისაც წავიდნენ, მაგრამ კარგი და ცუდი ხომ ყველა დროში და ყველგან არის... არ შეიძლება ყველაფერზე პრეტენზია გქონდეს, ყველას აკრიტიკებდე "ფეისბუკიდან" და თავად არაფერს წარმოადგენდე. სხვისგან რომ ითხოვ, შენ თვითონ ვინ ხარ, დაფიქრდი, აბა? სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)