"ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის" - კვირის პალიტრა

"ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის"

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ძალიან საინტერესო და ემოციური მოსაუბრეა. მისი ცხოვრების მთავარი აფორიზმია "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". თვლის, რომ ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, გამონათქვამები, ლექსები ხშირად უნდა გავახსენოთ მკითხველს და რომ ეს რუბრიკა ამისთვის კარგი გზაა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გეტყვით, რა ცუდია დედური ეგოიზმი და რატომ შეიძლება ამან შვილი დაღუპოს. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. დედა განიცდის და ტირის, ვთქვათ, იმიტომ, რომ მისი შვილი ნარკოდამოკიდებულია. ზოგჯერ ვერც ხვდება, რა დააშავა თვითონ ან ოჯახის სხვა წევრმა; ვერ ხვდება, რომ ზედმეტმა სიყვარულმა შეიძლება უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანოს. ჯერ მარტო რამდენი ოჯახია დანგრეული დედის ეგოისტობის გამო. ვცდილობ, ეგოისტურად არ მიყვარდეს ჩემი შვილი და მას ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს ის, რაც და ვინც თვითონ უნდა და არა ის, რაც მე მომწონს..."

"ადრე ვწუწუნებდი, ვამბობდი საყვედურს ჩემი ყოფის გამო. ყოველდღიურობა რთულია. ამას წინათ მკითხეს, თუ წაგირთმევიათ ვინმესთვის როლი და პირიქით, ვინმეს თუ წაურთმევია თქვენთვისო? ადრე შეიძლება ხდებოდა მსგავსი რამ, დღეს რაღაა წასართმევი - ან მე რა უნდა წავართვა სხვას, ან სხვებმა რა უნდა წამართვან? ცოტა არ იყოს, მრცხვენია, ადამიანებს ველაპარაკო იმაზე, როგორ და რა მიჭირს, მით უმეტეს დღეს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დავდივართ..."

"რთულია მოთმინების გამომუშავება. სწავლობ მოთმინებას, სხვა გზა არ გაქვს. რომ ვთქვა, არ მოვითმენ-მეთქი, რას მოვიგებ? ბევრჯერ არ მომითმენია, გამწყდარა ძაფი და გადავსებულა ფიალა, მაგრამ - აზრი?.. თუმცა, არის შემთხვევები, როცა არ უნდა მოითმინო, უნდა თქვა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი