"რომ ნახა, მისი გაცნობის გარდა, არაფერი მინდოდა და არც სათხოვარი მქონდა..." - როგორ გაიცნო ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა გია ყანჩელი - კვირის პალიტრა

"რომ ნახა, მისი გაცნობის გარდა, არაფერი მინდოდა და არც სათხოვარი მქონდა..." - როგორ გაიცნო ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა გია ყანჩელი

დაჩი ხასაია 2012 წლიდან ბელგიაში იმყოფება. პროფესიით ეკონომისტი და ერთ-ერთი ლოჯისტიკური კომპანიის ადმინისტრატორია. ამჟამად ქალაქ გენკში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს ოთხი ძაღლი, მათ შორის ერთ-ერთი თავშესაფრიდან აიყვანა და ფიქრობს, რომ შინ ცხოველის ყოლა აუცილებელია. გენკში ახლახან გადაბარგდა. ამბობს, რომ კულტურული ცენტრების სიმრავლის თვალსაზრისით, ის მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე გამწვანებული ადგილია მთელ ბელგიაში. დაჩიც მუსიკოსი გახლავთ, სასცენო სახელით "ადამიანი სამყარო". მისი მესამე ალბომი "თბილისი" მისი დაბადების დღეს, 2020 წლის 19 ივლისს გამოიცა. კორონავირუსის პანდემიამ დაჩი ხასაიას მუსიკალური კარიერაც შეაფერხა, თუმცა ინტენსიურად მაინც აგრძელებს მუშაობას და მისი მოსმენა ინტერნეტსივრცეშია შესაძლებელი.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია კონცერტები, დახურულია თეატრები. ერთხანს კონცერტები ონლაინრეჟიმში იმართებოდა, მაგრამ ხალხი შეჩვეულია ცოცხალ შესრულებას და ონლაინკონცერტში ფულის გადახდა არ უნდა. ეს ბუნებრივია. ონლაინრეჟიმში ფესტივალი თუ სპექტაკლი წარმოუდგენელია, აბსოლუტურად არ ამართლებს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, ბელგიამ საზღვრების დაკეტვა და რეგულაციების დაწესება დააგვიანა. საქართველოში ძალიან კარგად დაიწყო ყველაფერი, კარგად იმუშავეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა..."

"არ შეიძლება შეთქმულების თეორიებითა და მსგავსი თემებით დაიბინძურო გონება, რადგან ეს გაგაგიჟებს, არასწორია. ჩემს თავზე გამოვცადე, რა საშინელებაცაა. 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსი გადავიტანეთ მე, დედამ და მამამ... სახსრებისა და ყელის ტკივილით დაიწყო. დავკარგე ძალა, აღარ მქონდა ენერგია და საოცრად დაღლილი ვიყავი. სიცხე არ მქონდა, არც მახველებდა. ექიმს რომ მივმართე, პისიარტესტი ჩავიტარეთ და კორონავირუსი დამიდგინეს, მანამდე გაიგო მამამაც და 2 კვირით შინ ჩავიკეტეთ. მერვე დღეს დავკარგე ყნოსვის შეგრძნება. 2 კვირის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი. ფაქტობრივად, ვერ დავდიოდი..."

"მაშინ ერთსა და იმავე ქალაქში ვცხოვრობდით მე და ბატონი გია ყანჩელი. ერთ დღესაც ელფოსტაზე მივწერე, თავი გავაცანი. ვწერდი, რომ მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მისი ყველა ალბომი მაქვს მოსმენილი... მეორე დღესვე მივიღე პასუხი და ვერ აღგიწერთ, როგორ გამიხარდა (იღიმის). თავისი ნომერი მომწერა და მიმიპატიჟა. შინ რომ ვესტუმრე და ნახა, მისი გაცნობის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა და არც სათხოვარი მქონდა რამე, ეს წმინდა სიყვარული რომ დაინახა, ძალიან ესიამოვნა... ის არა მხოლოდ არაჩვეულებრივი მუსიკოსი, არამედ შესანიშნავი ადამიანი იყო, რომელსაც ხალხის შეცნობის ნიჭი და უნარი ჰქონდა..."

"ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლის დადგმის საკითხთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრსაც მივწერე (მანამდე ამ თხოვნით მივმართე ანტვერპენის მერს). ძეგლისთვის ადგილი უნდა გამოიყოს კომპოზიტორის საყვარელ ადგილას, მიდელჰეიმის პარკში, რომელიც აგრეთვე მუზეუმიც გახლავთ. მინისტრის აპარატიდან საპასუხო წერილი მივიღე, რომ პანდემიის გამო ყველა ღონისძიება თუ პროექტი შეჩერებულია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დასრულდება, აუცილებლად შემეხმიანებიან და განიხილავენ, თუ როგორ სცენ პატივი გია ყანჩელის ხსოვნას..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე