"ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის არავითარი წინააღმდეგ ჩვენება არაა" - კვირის პალიტრა

"ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის არავითარი წინააღმდეგ ჩვენება არაა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება, რომლებსაც კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ვაქცინის გაკეთებამდე ანტისხეულების კვლევის სახელმწიფოს მიერ ჩატარების პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არაა, თუმცა "თუ ადამიანს აქვს ინტერესი გაიგოს, აქვს თუ არა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადატანილი, შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს".

"ამას არავინ დაუშლის. ანტისხეული თუ აქვს და აქვს კორონავირუსი ე.წ. უსიმპტომოდ გადატანილი, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ ტიპის მასობრივი ვაქცინაციების კამპანიების დროს, როცა ათასობით ადამიანი იცრება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევებს წინასწარ არავინ აწარმოებს. როგორც გითხარით, ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის არავითარი წინააღმდეგ ჩვენება არაა", - განაცხადა გამყრელიძემ.