"მხედავდნენ" იქ, სადაც არ ვყოფილვარ... ერთ დღეს, ავისმომასწავებელი განცდა ჰქონდა" - დები მესამე ტყუპისცალს ეძებენ - კვირის პალიტრა

"მხედავდნენ" იქ, სადაც არ ვყოფილვარ... ერთ დღეს, ავისმომასწავებელი განცდა ჰქონდა" - დები მესამე ტყუპისცალს ეძებენ

"მირანდაა გვანცას ბიოლოგიური ტყუპისცალი, ხანდახან უსაფუძვლოდ აფორიაქდება ხოლმე"  - დები მესამე ტყუპისცალს ეძებენ

"მოკლედ დავწერ ჩვენს, ჩემი და ჩემი ტყუპის ამბავს. 1986 წლის 1-ლ აგვისტოს დავიბადეთ 3 ტყუპი გოგო: გვანცა, მე - ნათია და მირანდა. ბავშვთა II სამშობიაროში, თბილისში (კამოს ქუჩაზე). დაბადებიდან ორ კვირაში უთხრეს ჩვენს მშობლებს, რომ გვანცა (უფროსი ტყუპი და ჩვენ შორის ყველაზე ჯანმრთელი) გარდაიცვალა. მამას მართლაც გამოატანეს ნაჭერში გახვეული ჩვილის ცხედარი, რომელიც დაასაფლავეს. ეს ამბავი ასე უყურადღებოდ არ ჩაივლიდა, რომ არა ოჯახში მოულოდნელად მომხდარი უბედურება, რამაც მთელი ყურადღება გადაატანინა ჩემს ოჯახს სხვა რამეზე. მამას ერთადერთი ძმა, რომელიც მისთვის მამასავით იყო, დიაგნოზის დასმიდან 2 კვირაში გარდაიცვალა (მე-4 სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა). ჩვენი დაბადებით გამოწვეული სიხარული გაუნახევრდა ოჯახს...

გავიდა დრო და წლების მერე (დაახლოებით 15-17 წლის ვიყავი მაშინ), "მხედავდნენ" იქ, სადაც არ ვყოფილვართ. ერთ დღეს, მეგობარმა დამირეკა საყვედურით, - გვერდით რომ ჩამიარე, რატომ არ მომესალმეო?

ამასთან, ეჭვი იმან გაამძაფრა, რომ ერთხელ, ზაფხულის პერიოდში (როდესაც ჩვენ საგამოცდო ციებ-ცხელებაში ვიყავით ჩართული), ვაკის აუზზე "დამინახა" ჩემმა ახლო ნათესავმა (ცოტა ხისტი ხასიათის ადამიანმა). მიყვებოდა, რომ თურმე, დაქალებთან ერთად "ვიყავი". როდესაც ვკითხე აღწერილობა, ჯერ გაუკვირდა და მერე მითხრა, კაცო, მოკლედ შეჭრილი თმა გქონდა. გვერდით ჩავიარე და მომერიდა მესაყვედურა, ამხელა ხმაზე რას ხარხარებო და თან სიგარეტს ეწეოდაო (ახლა არავის უკვირს სიგარეტი, ხომ ასეა). წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, მოკლედ შეჭრილი თმით, შენი ხმის ტემბრით ლაპარაკობდა ზუსტად შენნაირი გოგოო. სტუდენტობის დროის ფოტოები რომ ვნახე, მოკლედ არასდროს მქონია თმა შეჭრილი... რამდენიმე წლის შემდეგ, მეგობრის მეუღლემ მანქანის ყიდვა მომილოცა (მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ საჭესთან არ ვზივარ). თურმე გვერდით, ახლო მანძილზე გაუჩერებია მანქანა ე.წ. წითელზე და გვერდით პატარა ბიჭი, სავარაუდოდ, შვილი ეჯდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, მგონი უნდა გვქონდეს საფუძლიანი ეჭვი, რომ გვანცა ცოცხალია. სავარაუდოდ, საზღვარგარეთ გაიზარდა. ჩვენი მახასიათებელი ნიშანია სიმაღლე: 181-182 სმ. სისხლის ჯგუფი-II და ხვეული თმა.

თუ მითითებულ სურათში ამ გოგონებს ვინმეს მიამსგავსებთ, პირობას გაძლევთ, 100% დაცული იქნება თქვენი ვინაობა. მთავარია ვიპოვო", - წერს ნათია სოციალურ ქსელში. როცა ინტერვიუ ვთხოვე, თავიდან უარზე იყო, რადგან მისი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ნათია დას თუ ეძებდა. არ უნდოდა ენერვიულათ. თუმცა, საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტა ჩემთან საუბარი, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი.

- სავარაუდოდ, ძალიან პატარა წონის იყავით, რადგან ორ კვირაზე მეტხანს რომ გაგაჩერეს სამშობიაროში. ასეა? - დავიბადეთ 8 თვისა და 2 კვირის, არც ისე მცირე წონის ვიყავით: უფროსი, გვანცა იყო 3.600 კგ, მე - 3 კგ და მირანდა 2.700 კგ. გარემოებებიდან გამომდინარე, მოგვიწია ინკუბატორში ყოფნამ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით და მიუხედავად ამისა, დაგვემართა სეფსისი, მთელს სხეულზე ჩირქოვანი წარმონაქმნი გვქონდა, მაგრამ არ იყო უიმედო მდგომარეობა, განსაკუთრებით გვანცასთვის. თუმცა, ექიმების თქმით, საჭირო გახდა გვანცას სხვა კლინიკაში, ახლანდელ ბავშვთა მეორე საავადმოფოში გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენზე ჯანმრთელი და ბრძოლისუნარიანი იყო. ჩვენ სახლში გამოგვიყვანეს, მაგრამ იმ დღესვე მიგვაბრუნეს იგივე საავადმყოფოში. 13 აგვისტოს თქვეს, რომ გვანცა გარდაიცვალა და ჩვენ გადავრჩით.

- დედისთვის ალბათ გიკითხავთ, როცა გნახულობდათ, როგორები იყავით. გვანცას გარდაცვალების მიზეზად სეფსისი დაასახელეს? - კი, ეს მიზეზია მითითებული გვანცას გარდაცვალების სამოქალაქო აქტში, მიზეზის გრაფაში.

- თქვენ რამდენ ხანში გამოგწერეს? - აგვისტოს ბოლოსკენ, ზუსტი თარიღი უცნობია.

- დედას ოდესმე თუ გამოუთქვამს ეჭვი, იქნებ ცოცხალიაო?.. - არასოდეს უთქვამს, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. მას ყოველთვის ჰქონდა მაღალი ნდობა მისი კოლეგების მიმართ. ახლაც რომ ვისაუბრეთ, ზოგადად გაყიდულ ჩვილებზე, თქვა, - ისინი თავის ნებით ტოვებდნენ ბავშვებსო. მას აქამდე ჰქონდა ნდობა კოლეგების მიმართ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შეფიქრიანდა...

- რატომ გგონია, რომ საზღვარგარეთ გაიზარდა, მით უმეტეს, თუ თბილისში ხედავდნენ შენნაირი გარეგნობის გოგონას? - ეს უბრალოდ ეჭვია: თუ საზღვარგარეთ არა, მაშინ ბავშვის ბიოლოგიური დედისგან შორს, საქართველოს უკიდურეს რაიონში გაზრდიდნენ ბავშვს. როგორც შემდეგ გავიგე, მშვილებელი ოჯახები თბილისიდან დაშორებული რაიონებიდან ჩამოდიოდნენ და ყიდულობდნენ პატარებს, რომ მერე, მოშორებით წაეყვანათ და იქ გაეზარდათ, ბიოლოგიური დედისგან შორს. ამასთან, იმაზე ლაპარაკი, რომ თბილისში ჩემნაირი გარეგნობის გოგო დაინახეს, ეს უკვე დაიწყო ჩვენი გარდატეხის პერიოდში. ჩვენნაირი-მეთქი ვამბობ და პირველ რიგში, იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის ასაკზე მეტად მაღლები ვიყავით, ახლაც ვართ 182 სმ სიმაღლის.

- რადგან ინტერვიუზე დამთანხმდი, მშობლებს ალბათ უკვე ესაუბრე შენი ეჭვების შესახებ. როგორი რეაქცია ჰქონდათ? - დედა თავიდან შეფიქრიანდა, მოვლენებს გადახედა და თქვა, რომ გვანცას ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც არ იძლეოდაო მისი გარდაცვალების პროგნოზს. მამას

ძალიან გაუხარდა. გამოგვკითხა, რა გვაძლევდა ეჭვის საფუძველს. თქვა, თუ იპოვით, იცოდეთ, რომ ათი წლის სოცოცხლეს მომიმატებთო. 20 წუთში ეს ასაკი 40-მდე აწია (იცინის).

- ტყუპი ერთმანეთის სიხარულს და გასაჭირს გრძნობსო, ასე ამბობენ. საინტერესოა, ოდესმე უსაფუძვლოდ თუ აფორიაქებულხართ დები? - მირანდას ემართებოდა ასე და ვფიქრობ, რომ ის არის გვანცას ბიოლოგიური ტყუპისცალი; ასე ფიქრობენ ის ასტროლოგებიც, ვისთანაც ამ თემაზე ვისაუბრეთ. დაახლოებით 12-13 წლისები ვიყავით, როცა მირანდამ დედას და მამას მიმართ დაიწყო თქვენობით საუბარი. ახლაც რომ ვკითხე, აეხსნა მიზეზი, მითხრა, - ასე თავს კომფორტულად ვგრძნობდიო, მაგრამ ფიქრობს, რომ გვანცამ სწორედ ამ ასაკში გაიგო, რომ სხვისი ბოლოგიური შვილია; ასევე, დაახლოებით 2010-2011 წელს (ზუსტად არ ახსოვს) იყო თბილი სეზონი, სავარაუდოდ, მაისი-ოქტომბრის პერიოდი და მირანდას ჰქონდა ძალიან ცუდი წინათგრძნობა, რომელსაც უკავშირებდა დედას და მამას. ეს მდგომარეობა გაგრძელდა 2 კვირა. ერთ დღეს ავისმომასწავებელი განცდა იგრძნო. მთელი დღე ველოდი, რომელიმე დამირეკავდა და მეტყოდა, რომ დედა ან მამა გარდაიცვალაო. არადა, დედ-მამა სრულიად ჯანმრთელი იყვნენ. დეპრესია გაუგრძელდა კიდევ 2 კვირა. არ ვიცი, ასე რატომ ფიქრობდა. ახლა ასე ხსნის, რომ გვანცას ერთ-ერთი გამზრდელი გარდაიცვალა ავადმყოფობით. შემდეგი დეპრესიაც ასე ახსნა.

თუ ნებას დამრთავთ, ორიოდე წინადადებით ვიტყვი: ბოლო ათწლეულის მანძილზე ასტროლოგიამ მნიშნელოვნად წინ წაიწია. გვყავს ძალიან ძლიერი ასტროლოგები. მათაც დამიდასტურეს, რომ გვანცას სასიცოცხლო ხაზი არ დასრულებულა, რომ თბილისიდან ძალიან შორს იზრდებოდა და გვითხრეს ის დროც, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ჩვენს შემთხვევაში, გვანცას გარდაცვალების "გაფორმება" ყველა წესის დაცვით მოხდა, მათ შორის - მამას გამოატანეს ბავშის ცხედარი, თუმცა, როგორც მამამ გვითხრა, არ შეუმოწმებია, ვის მარხავდა. ჯგუფში "ვეძებ" დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როცა ჭირისუფალს გამოატანეს გარდაცვლილი გოგონას ცხედარი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა მამრობითი სქესის ბავშვი. საბედნიეროდ, მათ მალევე მოახდინეს რეაგირება და თავიანთი გოგონა ჯანმრთელი წამოიყვანეს სახლში.

- დაბოლოს, თუ გამართლდა თქვენი ეჭვი, რას ეტყოდით თქვენი დის აღმზრდელ დედ-მამას, რომლებმაც შესაძლოა ფოტოებით ამოგიცნონ? - ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ ჩემი და წამოიყვანეთ, როგორც დედისგან უარყოფილი და არა - მისგან მოპარული. ასევე, გამიხარდება, თუ გავიგებ, რომ გვანცას (მე და მირანდა დღემდე ამ სახელით მივმართავთ ჩვენს დას) ჰქონდა ბედნიერი, უდარდელი ბავშვობა და ცხოვრება, რომ თქვენთან უამრავი ტკბილი მოგონება აკავშირებს და ძალიან უყვარხართ. ეს მომცემს ცოტა შვებას.

გთხოვთ, ნუღარ დაგვაკაარგვინებთ წლებს. ჩვენ ერთმანეთის ტყუპი და ცხოვრების ნაწილი ვართ, უნდა "გავმთლიანდეთ". თუ თქვენ მართლა გიყვართ ჩვენი და, ამ სიყვარულს გასამმაგებულად დაგიბრუნებთ, რადგან ეს გვანცას ცხოვრების ნაწილია; ჩვენ პატივს ვცემთ მის განვლილ ცხოვრებას და იმ ადამიანებს, რომლებმაც გაზარდეს, მასზე ზრუნავდნენ.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)