"მეც ვიბრალებ, რომ ამაში ვარ დამნაშავე - ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს" - კვირის პალიტრა

"მეც ვიბრალებ, რომ ამაში ვარ დამნაშავე - ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს"

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მედიატორებმა დაინახეს ის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა ჰგონიათ მკლავჭიდის დაფა, სადაც აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი მოწინააღმდეგეს.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საერთშორისო პარტნიორებმა კარგად იციან საქართველოს რეალობა და კარგია, რომ დანიელსონი ამ რეალობის სრული აღქმით ჩამოვა.

"ეს ჩამოსვლა დამაიმედებელი არის იმით, რომ პატარა ბავშვები არავინ არის, დაინახეს ჩვენი რეალობა, ჩვენი გაჯიუტება, დაინახეს ის, რომ კომპრომისი ძალიან გვიჭირს და ისიც, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა ჰგონიათ მკლავჭიდის დაფა, სადაც აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი მოწინააღმდეგეს. კარგად იციან ჩვენი რეალობა და კარგია, რომ ამ რეალობის სრული აღქმით ჩამოვა ბატონი დანიელსონი. რა იქნება არ ვიცი, ან რომელი მხარე რა კომპრომისზე წავა, მაგრამ მე ვიცი რა უნდა იყოს - უნდა იყოს ის, რომ 5 თვის თავზე უნდა დავასრულოთ ამ ქვეყნის წვალება და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. მე ვიცი, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მოხდება თუ არა კაცმა არ იცის.

წესით, ძალიან უნდა გვრცხვენოდეს ქართველ პოლიტიკოსებს, როცა ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ "კომპრომისი არ არის სისუსტე", "თქვენი პარტიის ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენეთ", "პასუხისმგებლობით შეხედეთ თქვენი ქვეყნის მომავალს", "ერთადერთი, ვინც ამ გაჯიუტებით ხელებს იფშვნეტს და იცინის არის რუსეთი" - ამის მეტი რა უნდა გვითხრან? წესით ძალიან უნდა გვრცხვენოდეს, რომ რეალური მზაობა უნდა გვქონდეს კომპრომისებისთვის, მაგრამ გაჯიუტებულები ვართ აგერ უკვე 5 თვეა", - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომ მხარეებს აქვთ სურვილი ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუმცა, ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯის გადადგან წინ, წავიდნენ კომპრომისზე, ელისაშვილი ამბობს, რომ "შეუთანხმებლობა და პოლიტიკური კრიზისი რომ არის, ყველას ბრალია ვინც იქ ვსხედვართ".

"მეც ვიბრალებ, რომ ამაში ვარ დამნაშავე. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და დაუსვას კითხვა საკუთარ თავს, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება. ეს ხომ ჩვენი შექმნილი კრიზისია, იმიტომ, რომ ზოგი თავისი სიტყვის მძევალია, ზოგი თავისი ამბიციების, ზოგს სხვა ინტერესები აქვს თავში ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ვინმე ზარალდება, ზარალდება ქვეყანა და ხალხი. ეს უნდა დავასრულოთ და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

სენატში რაც ითქვა, ოპოზიციამ და "ქართულმა ოცნებამ", ვისაც, როგორ აწყობდა ისე თარგმნეს სათავისოდ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, სინამდვილეში სენატორები კრიტიკულები იყვნენ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მიმართაც.

"ჩვენ დავინახეთ, რომ შეერთებული შტატების სახით გვყავს ერთგული მოკავშირე და ერთგული მეგობარი, რომელმაც რჩევები მოგვცა შეთანხმების აუცილებლობასთან და ქვეყნის განვითარებასთნ დაკავშირებით. ასევე, გვითხრეს, რომ თქვენი პარტიული ინტერესების მიღმა ქვეყანა დაინახეთ და ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო. ძალიან უხერხული მოსასმენია, ამას ვაშინგტონში ან ბრიუსელში გეუბნებიან ქართველ პოლიტიკოსს. ვინც ელჩებს აკრიტიკებს, ვინც ანტიდასავლურ პოზიციას აღვივებს, რა თქმა უნდა, ის ვნებს საკუთარ თავსაც და ამ ქვეყნის მომავალსაც",- განაცხადა ალეკო ელისაშვილი.