"ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სენატში მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ჯორჯ კენტს, გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისა და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ჩვენს რეგიონში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და დასრულდა აბსურდული ბრალდებები, სპეკულაციები და ცილისწამებები, რომელიც ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გვესმოდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალსწინოთ, რომელიც აშშ-ს სენატის მხრიდან იყო. მინდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბორელის განცხადებები,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტებსი კითხვას ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე. პრემიერის თქმით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია.

"რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, მე არ ვიცი... დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს? საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ოპოზიციას დღეს ორი არჩევანი დარჩა.

"მინდა გამოვეხმაურო ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს.

აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც 2 არჩევანი. ერთი ის, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკრადი, მათი აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები, მეორე, თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ამ მარგინალიზაციის გზით სიარული",-აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ტოვებს.

"თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟი. ეს არის აბსურდი და არავითარი სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება გავაკეთო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ნატალი საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვებასაც გამოეხმაურა:

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტირებას არ საჭიროებს"

მისი თქმით, ელჩი საბანაძე ზაფხულში ისედაც აპირებდა გადადგომას.

"ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ ელჩი ნატალია საბანაძე აპირებდა წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უფრო დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტირებას არ საჭიროებს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით