ლეხაიმ! - კვირის პალიტრა

ლეხაიმ!

26 მარტს აღინიშნება ებრაელი ხალხის უდიდესი დღესასწაული,- ფესახი. ვულოცავთ ებრაელ ხალხს და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით გთავაზობთ პოეტ დათო მაღრაძის ლექსს-  " - ლეხაიმ!" ქართული ლექსის ბწკარედი ეკუთვნის პროფესორ რუვენ ენოხს, ხოლო ივრითის ენაზე ლექსი თარგმნა გამოჩენილმა ისრაელელმა პოეტმა ორციონ ბართანამ.

ლეხაიმ!

- ლეხაიმ, ხაიმ!

- ხაიმ, ლეხაიმ!

მუდამ რბევა და ძებნა საშველის…

სიკვდილის ბანაკს ერქვა `დახაუ~

და კედელს ეცხო სისხლი ქაშერის.

ქუსლი ქუსლზე და მჭახე

- ზიგ ჰაილ!

და წინ, სივრცეში გაჩრილი ხელი,

ძველი აღთქმიდან მოვა მიხაილ,

რომ დაგიამოს ჭრილობა ძველი.

კითხვა და ზედვე გინება ჯიშის,

- ვის გადაარჩენ? მოკლედ, ხანა ან

სარა! - ბავშვების თვალებში შიში,

რა შორს იყავი მაშინ ქანაან.

და ეცხო კედელს სისხლი ქაშერის

და გრძნობდი აღთქმულ მიწის სიშორეს.

მე კი ამ ლექსში მისთვის დავშვერი,

რომ თვალზე ცრემლი ვერ მოვიშორე.

იყო შეკვეთა:

- უფრო სასტიკად!

ჯილდოვდებოდა უსასტიკესი

და სამკლავურზე ჩანდა სვასტიკა,

სვასტიკათაგან უსვასტიკესი.

ანტისემიტის ვაქცინით აცრის

ბელადი მასებს, შველად მამულის,

ეპოქა იყო ხან უფრო მკაცრი,

ხან ცოტა ვეგე-ტარი-ანული.

კითხვა და ზედვე გინება ჯიშის,

- ვის ირჩევ, შენი! სწრაფად, ხანა ან

სარა! - ბავშვების თვალებში შიში,

…რა შორს იყავი მაშინ ქანაან.

ჯოხით ჰურია შემოდგა ბექობს

და ეგვიპტელებს დაუდგა შოუ,

მერე არმსტრონგის გაისმა ექო

- Let my people go!

სად დაიკარგა თეთრი ბატკანი

და ვარსკვლავების ცაში თარეში,

მოწყდება ალბათ ერთი მათგანი

და შეცურდება იორდანეში.

იკითხავს მწყემსი:

ცაზე ის რა ელ -

ვარებს, ან რისი არის ნიშანი?

გზა უდაბნოზე გადის, ისრაელ,

ზემოთ ცაა და ქვემოთ ქვიშანი.

მისწვდა უდაბნოს წყალი და თოხი

და ზეითუნის მოჩანს ნაყოფი,

ახლა სცენიდან ქადაგებს ჯოხი, -

წითელი წყალის ორად გამყოფი.

აღთქმულ მიწისკენ მივყავართ შოსეს,

გზადაგზა ვწრუპავ ქაშერის ღვინოს,

სადირიჟორო პულტთან დგას მოსე:

- მცნება პირველი,

ლა ბემოლ მინორ!