"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი "პროფილის" დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი "პროფილის" დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია გადაცემა "პროფილის" დახურვასთან დაკავშირებითგანცხადებას ავრცელებს,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - "პროფილის" ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

"პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - "შორენას ეფექტი".

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

"რუსთავი 2" წარმატებას უსურვებს "პროფილის" შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი".

"პროფილი" დაიხურა და დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში ბოლო გადაცემა გადის. ტელეკომპანიას ტოვებს მაია ასათიანიც, რომელიც არხზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ტელეწამყვანი მაყურებელს ბოლო ეთერის საშაულებით ემოციურად დაემშვიდობა.

"დღეს მე აქ ამ არხზე, ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, რადგან აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია" - აღნიშნა მაია ასათიანმა. გადაცემის ანონსში.