ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს პოპულარული ტელეპროექტები - "ოქროპირი" და - "აუქციონი" და მისი შესანიშნავი წამყვანი - მაღალი, ქერა მამაკაცი, გამორჩეული ღიმილით. მას "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მუშაობის პერიოდიდან ვიცნობდი. ბუნებითაც გამორჩეული ადამიანი იყო და - გარეგნობითაც. დერეფანში რომ შეგხვდებოდა, შორიდანვე კეთილ ღიმილს შემოგაგებებდა და გაღიმებას ვერ ასწრებდი, რომ "გამარჯობასა" და გულითად მოკითხვას მოაყოლებდა... ასეთი იყო სამსახურში და ასეთი იყო - ტელეეკრანზე. უკვე წამოსული იყო ტელევიზიიდან, აღარც მე ვმუშაობდი იქ, მაგრამ ხშირად ვხვდებოდით ქუჩაში და ვსაუბრობდით ხოლმე. ერთხელ გახარებულმა მითხრა, იცით, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ქუჩაში მცნობენ, მაჩერებენ და მეუბნებიან, რა კარგი გადაცემა იყო თქვენი "აუქციონიო". და მართლაც, ვისაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სატელევიზიო ფილმების სტუდიის წამყვანი, რეჟისორი და მსახიობი, იოსებ (სოსო) ხაინდრავა ახსოვს, ისიც კარგად იცის, რომ მისმა გადაცემებმა საქართველოს ტელევიზიის ისტორიას ძალიან საინტერესო იუმორისტული სახე და ორიგინალური პროექტები დაუტოვა, ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფს კი - ბევრი საინტერესო პერსონაჟი. ბოლოს იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გახლდათ. ბატონი სოსო 2020 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში... თავად ძალიან ყურადღებიანი იყო, ხანდახან ტელეფონითაც მეხმიანებოდა, მომიკითხავდა, თავისას მიამბობდა... ძალიან მომინდა, იმ, თავისი ნაამბობებიდან ამომეკრიბა და ამჯერად მე მეამბო თქვენთვის ამ კეთილ, დიდსულოვან, ღირსეულ და ძალიან ნიჭიერ კაცზე, რომელიც, ვფიქრობ, მაინც სათანადოდ დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან... ტელევიზია - მისი დიდი სიხარული და დიდი ტკივილი მისი მონათხრობით ვიცი, რომ თეატრი ბავშვობიდანვე უყვარდა, იმ დროიდან, როდესაც სკოლიდან აბონემენტებით დაჰყავდათ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. გარდა ამისა, იგი იმჟამინდელი პიონერთა სასახლის (დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დრამწრეზეც დადიოდა, თურმე. იქ მისი პედაგოგი გახლდათ შესანიშნავი ადამიანი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვახტანგ სულაქველიძე, - ხომ გახსოვთ, მოკლემეტრაჟიან ფილმ "ქვევრში" ხელოსანი აბესალომის როლს რომ ასრულებს?! მოკლედ, არც ამ გაკვეთილებს ჩაუვლია ამაოდ და ბატონმა სოსომ სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრის სტუდიის სამსახიობო სტუდიაში ჩაბარება განიზრახა, სცადა ბედი და ჯგუფშიც ჩაირიცხა. სტუდიაში მას თეატრის კორიფეები: მიხეილ თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და კიდევ ბევრი ცნობილი მსახიობი ასწავლიდა. - მისი დამთავრების შემდეგ უბრწყინვალესი 10 წელი გავატარე რუსთაველის თეატრში (დღეს რუსთაველის ეროვნული თეატრი) რეჟისორის ასისტენტად და მსახიობადო, - მეუბნებოდა ბატონი სოსო. სტუდიის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტიც დაამთავრა. კინოში კი პირველად მე-11 კლასში ყოფნისას მოხვდა: - რეჟისორი დავით რონდელი "მამლუქს" იღებდა და მასობრივი ეპიზოდისთვის "ფრანგები" სჭირდებოდა, მე კი გრძელი ცხვირი და ქერა თმა მქონდა და ამიტომ შემარჩიესო, - მიამბობდა. მერეც, ტელევიზიაში მუშაობისას, შიგადაშიგ იღებდნენ ფილმებში. თეატრიდან საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადავიდა სამუშაოდ, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის რეჟისორი იყო. ტელევიზია უძვირფასესი იყო მისთვის, უძვირფასესიც და უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებულიც... ერთხელ მითხრა: - 35 წელიწადს ვემსახურე ამ ტელევიზიას და იქ დამრჩა ჩემი ყველაზე დიდი სიხარული. უდიდესი ტკივილიც იქ განვიცადე - ჩემი უმცროსი შვილი, უნიჭიერესი ბიჭი გიორგი, რომელიც 19 წლისა უკვე ტელევიზიის რეჟისორი იყო, ჯგუფთან ერთად გადაღებიდან ბრუნდებოდა, ბანდიტები დაესხნენ თავს და მომიკლეს. ამას ვერასდროს მოვინელებო... ამხელა ტკივილს დაატარებდა, მაგრამ სხვას არასდროს გადასდებდა თავის სევდას... "ოქროპირი", "აუქციონი" და... კინო-თეატრი - ტელევიზიაში ბევრი გადაცემა მომიმზადებია, ამავე დროს, მიმყავდა ორი, ძალიან პოპულარული და იმ დროისთვის უალტერნატივო გადაცემა - ჯერ "ოქროპირი", მერე კი - "აუქციონი". მახსოვს, მაშინ ტელევიზიის ხელმძღვანელი ნუგზარ ფოფხაძე გახლდათ. ერთხელ მითხრეს, ფოფხაძე გიბარებსო. შემეშინდა, ნეტავ, რა დავაშავე ასეთი-მეთქი? მივედი და ბატონი ნუგზარი მეუბნება: "ოქროპირი" უნდა წაიყვანოო. ცოტათი შევცბი, შემეშინდა. კატეგორიულად გამიმეორა და დავთანხმდი. ამ გადაცემის დახურვის შემდეგ "აუქციონი" დაიწყეს და, როგორც გამოცდილ წამყვანს, მისი წაყვანაც მე მთხოვეს. ტრაბახად თუ არ ჩამითვლით, იუმორში გადაცემის წაყვანა იმ დროისთვის უცხო იყო და, როგორც ამბობენ, თავი კარგად გავართვი. დღეს რამდენ შოუპროგრამას ამზადებენ, არადა, მაშინ "ოქროპირიც" და "აუქციონიც" შოუ არ იყოო?! - იხსენებდა. ერთხელ, საუბრისას, ვკითხე, "მამლუქს" თუ არ ჩავთვლოთ, კინოში უმეტესად მილიციელის ან ექიმის როლზე გიწვევდნენ და, ხომ არ იცით, რატომ-მეთქი? - გაეცინა, - ან კიდევ, ოფიციანტი უნდა ვყოფილიყავიო. მერე განაგრძო: - ფილმ "პიერი, მილიციის თანამშრომელში" დავით რონდელმა მიმიწვია მილიციელის როლზე. ისე, პირველი როლი, რომელიც მაყურებელს ძალიან დაამახსოვრდა, გახლდათ მილიციელის ეპიზოდური როლი "მოიტაცეს თამარ ქალში". სხვათა შორის, დღემდე არ მესმის მაგ ფილმის ფინალი - რატომღა გამოიქცნენ სუფრიდან, როცა ყველანი შეურიგდნენ და კარგადაც მოილხინესო? - მეც ჩემი ვერსია შევთავაზე, - ეტყობა, გაპარვა ჩვევად ექცათ-მეთქი... ისე, მართლაც დასამახსოვრებელია მისი ერთი გავლა სადგურზე... სამედიცინო განხრით კი, ყველას გვახსოვს მისი პერსონაჟი ელდარ შენგელაიას "შერეკილებიდან" - ექიმ ნოშრევანის (რომლის როლსაც მსახიობი აბრეკ ფხალაძე ასახიერებს) თანაშემწე. ბატონი სოსო მიყვებოდა, - ტკბილად მახსენდება ის დღეები. გადაღება მუხრანში გვქონდა. არაჩვეულებრივმა რეჟისორმა და ადამიანმა ელდერ შენგელაიამ საინტერესო ჯგუფი შეკრიბა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დიდი სიამოვნება იყო იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და შესვენებისას ხშირად ვთამაშობდით ფეხბურთსაც. ელდარ შენგელაიაც გვიერთდებოდა ხოლმე. სოფლის მცხოვრებლებს კი ისე უხაროდათ ჩვენთან შეხვედრა, საქეიფოდაც გვეპატიჟებოდნენხოლმე. რა თქმა უნდა, მათთანაც დავდიოდით. მოკლედ, გადაღებიდან ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით... კინოსტუდია "მოსფილმის" გადაღებაც მინდა გავიხსენო, ლეონიდ კვინიხიძე ფილმ "კუნძულს" იღებდა. ხუთი მსახიობი ვმონაწილეობდით და ხუთივე მთავარ როლში ვიყავით. ცნობილი მსახიობებიდან სერგეი შაკუროვი თამაშობდა, დანარჩენები ახალგაზრდები იყვნენ. მე ქართველის როლს ვასახიერებდი. შაკუროვის გმირი უსაზიზღრესი პიროვნება იყო, რომელმაც ახალგაზრდობაში ჩემს გმირს თავში რკინა ჩაარტყა და თავი გაუტეხა, ამიტომაც ყოველთვის ეშინოდა მისი... მოკლედ, შაკუროვის გმირმა ბევრი საშინელება გააკეთა, რის გამოც "მე" (ანუ ჩემი გმირი) გამწარებული ვჯდები კატერში და მილიციის მოსაყვანად მივდივარ, თუმცა მალევე ვიცვლი აზრს და უკან ვბრუნდები. ამ ეპიზოდის გადაღებისას კატერი მე უნდა წამეყვანა, ტარება კი მასწავლეს, მაგრამ მთლად დაოსტატებული ვერ ვიყავი. კატერის მეპატრონე ერთი ლოთი ბიჭი იყო. მას უთხრეს, შენ კატერში ჩაწექი და თუ სოსოს რამე გაუჭირდა, მიეხმარეო. ამან არაყი მოითხოვა - ისე არ გავყვებიო. რაღას იზამდნენ, დაალევინეს. მშვიდობიანად გავედით და უკან რომ ვბრუნდებოდით, მესმის ხვრინვის ხმა. დავიხედე და რას ვხედავ - ჩემს გამყოლს არ ჩასძინებია?! მეც იხტიბარი არ გავიტეხე და გაქანებული კატერი ნაპირზე შევაგლიჯინე. სხვათა შორის, ძალიან კარგი დუბლი გამოვიდა და უყოყმანოდ დატოვეს... ძალიან საინტერესო რეჟისორი იყო და ძალიან მიყვარდა შოთა მანაგაძე. მასთან "წუთისოფელში" ვითამაშე. "თვალი პატიოსანში" ოფიციანტს ვთამაშობდი და ერთხელაც ბატონი შოთა მეუბნება: სოსო, მალე ახალი ფილმის გადაღება უნდა დავიწყო და შენთვის ძალიან კარგი როლი მაქვსო. სამწუხაროდ, ბატონი შოთა მალე გარდაიცვალა და ვერც გავიგე, რა როლს მთავაზობდა. ასევე, რეჟისორმა დევი აბაშიძემ "წითელ პატეფონში" გადამიღო. შესანიშნავი მსახიობები თამაშობდნენ - ლეო ფილფანი, ბესო ხიდაშელი, აბესალომ ლორია, მთავარ როლს რამაზ იოსელიანი ასრულებდა. ამ ფილმს 1991-92 წლებში ვიღებდით, მაგარი შიმშილობა და არეული პერიოდი რომ გვქონდა. ზესტაფონში ვიყავით და ისე მაინც ვერ გვხვდებოდა იქაური ხალხი, როგორც ყოველთვის სჩვეოდათ. საჭმელს ჩვენით ვაკეთებდით. ლევან ფილფანი ისეთ ლობიოს აკეთებდა, თითებს ჩაიკვნეტდი, მე "სალიანკის" მომზადება მევალებოდა, ბაზარშიც ჩვენ დავდიოდით. მოკლედ, მოლხენას მაინც ვახერხებდით. ულამაზეს სოფლებში ვიღებდით, მაგრამ ფილმი ცოტა სქემატური გამოვიდა... კიდევ გივი ვეფხვაძის ორ ტელეფილმში - "კეთილ კაცსა" და "ხსოვნაში" ვითამაშე მთავარი როლები... ტელევიზიიდან ჯერ არ ვიყავი წამოსული, რომ თეატრი მომენატრა, ამიტომ თენგიზ ჩანტლაძის სახელობის თეატრში მივედი - თენგიზი უკვე გარდაცვლილი იყო. ხუთი წლის განმავლობაში იქ ხუთი მთავარი როლი ვითამაშე. ბოლო ორ სპექტაკლში ხათუნა იოსელიანი მიწევდა პარტნიორობას. მერე, სამწუხაროდ, ეს თეატრიც დაიხურა. სხვატა შორის, ტელესერიალ "ცხელ ძაღლშიც" გადამიღეს და - "ყავა და ლუდშიც". ამ უკანასკნელში ამერიკიდან ჩამოსული კინორეჟისორის, პალიკო ნოზაძის ასისტენტს ვთამაშობ. მერაბ კოკოჩაშვილმაც გადამიღო ფილმში "ქეთოს და კოტეს შესახებ"... ასევე, გიორგი ოვაშვილმა - "გაღმა ნაპირშიო"... და მაინც, ვიცოდი, რომ ტელევიზია ძალიან ენატრებოდა. 2000-იანი წლების დასაწყისში, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იუმორისტული გადაცემის პროექტიც შეუტანია, მაგრამ არც არავინ შეხმიანებია, თუნდაც იმის სათქმელად, თქვენი პროექტი არ მოგვწონს ან არ გვაწყობსო. მერე, 2006 წელს, "მაუწყებლის" იმჟამინდელ ხელმძღვანელობას, ალბათ, წინა საუკუნის ნოსტალგია მოაწვა და, თურმე, ძველი წამყვანები და დიქტორები საახალწლო პროექტში მათი გადაცემების გასახსენებლად მიიწვიეს, ცხადია, ერთჯერადად. თავად ერთი საყვედურიც არ დასცდენია, მხოლოდ ის მითხრა, - რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება და ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ ასპარეზიო... ასეთი - დიდსულოვანი, მოკრძალებული და მოსიყვარულე კაცი იყო ბატონი სოსო ხაინდრავა, ძალიან ნიჭიერი კაცი! (სპეციალურად საიტისთვის)