"რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს - ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს" - კვირის პალიტრა

"რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს - ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს"

კულტურის მიმართულებით აუცილებლად უნდა ელოდოთ რეფორმებს - რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, კულტურის მინისტრთან თეა წულუკიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბოლქვაძემ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შემუშავდება კულტურის კოდექსი, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და "იქნება ახალი სიტყვა, ახალი წინგადადგმული ნაბიჯი".

ბოლქვაძის თქმით, კულტურის მიმართულებით არის რიგიდული, ძველი კანონები, ახალი კანონები კი, ხალხის ინტერესებზე იქნება მორგებული.

"კულტურაში არის ძალიან ბევრი სამუშაო. პირველი რიგის ამოცანაა, რომ კულტურა იყოს ყველასთვის მისაწვდომი და ემსახურებოდეს ხალხს. აუცილებლად იქნება რეფორმები გასაკეთებელი სახელოვნებო განათლების კუთხით. რეფორმები გადაკეთებელია მომავალი თაობებისთვის. არ შეიძლება ყველაფერი ერთ გაყინულ წერტილში იყოს", - განაცხადა ბოლქვაძემ.

ბოლქვაძე იმასაც ამბობს, რომ თეა წულუკიანს სხვადასხვა მიმართულებით ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება.

"მთავარი, რასაც ის გააკეთებს, იქნება ის, რომ გააკეთებს რეფორმებს. თეა წულუკიანი გააკეთებს ყველაფერს, რაც არის ქვეყნის ინტერესებში. მეც კომიტეტის ფარგლებში გავაკეთებ იმას, რაც ქვეყანას სჭირდება" - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.