"კაკაბეთის ბუთქუნები"
"ყველაზე მეტად ეს ფრინველი დასავლეთევროპელ ორნითოლოგებს იზიდავს, რადგან მათ ქვეყნებში კაკაბი არ ბინადრობს"
ლამაზი, მოცისფრო-ვერცხლისფერი ბუმბული და ფრთები, რომელთაც მოხდენილი ზოლები გასდევს - ასე გამოიყურება კაკაბი, საქართველოს ფაუნის მშვენება. "ყველაზე კარგი სანახავი კაკაბი მაშინ არის, როცა ლაპები ახლავს", - გვითხრა ორნითოლოგმა დაჩი შოშიტაშვილმა, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.
- კაკაბი ქათმისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მის ლამაზ იერს თუ არ გავითვალისწინებთ, თავისი ოჯახის წარმომადგენლებისგან გამორჩეული თვისებები არა აქვს. სხეულის წონა საშუალოდ 350-700 გრამია. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე.
საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარისა და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან და მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე. კაკაბი თავს კარგად გრძნობს ყველგან, სადაც ზომიერი სარტყელია. ის ჩრდილოეთ ამერიკაშიც გვხვდება, სადაც ევრაზიიდან შეიყვანეს სანადიროდ. დასავლეთ ევროპაში კაკაბი არ ბინადრობს, სამაგიეროდ, არის ბულგარეთში, საბერძნეთში, თურქეთში, კავკასიასა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.
- ძალიან ლამაზი შეფერილობა აქვს, მაგრამ ზოლიანი ფრთები გარემოსთან ადაპტაციაში ხელს ხომ არ უშლის? - არა, რადგან მისი შეფერილობა, ძირითადად, მონაცრისფრო-მოჩალისფროა. მართალია, ფერადი შტრიხებიც აქვს, მაგრამ კლდოვანი ადგილები მაინც კარგად ეხამება კაკბის გარეგნობას. ეს ფრინველს მტაცებლებისგან დამალვაში ეხმარება. კაკბის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ დედალი და მამალი შესახედავად არ განსხვავდებიან. საერთოდ, ფრინველებს შორის მამლები გაცილებით ლამაზები არიან, ვიდრე დედლები, მაგრამ კაკაბს მსგავსი რამ არ ახასიათებს.
- საქართველოში სად გვხვდება ეს ფრინველი? - კაკაბი უპირატესობას ანიჭებს არიდულ და მშრალ ზონებს. დიდი პოპულაცია გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში - ჭაჭუნას აღკვეთილსა და ვაშლოვნის ნაკრძალში. ამ ტერიტორიაზე ის ბევრია, ისევე, როგორც ქართლის იმ რაიონებში, სადაც მშრალი ჰავაა.
კაკბის ნახვა მთაშიც შეიძლება: ყაზბეგში, თუშეთსა და მცირე კავკასიონის მთებში. საცხოვრებელი ადგილის არჩევანში დიდ როლს ასრულებს საკვები ბაზა. ყველა ფრინველი უკეთ მრავლდება იმ ადგილებში, სადაც საკვებს უფრო იოლად მოიპოვებს. გამონაკლისი არც კაკაბია.
- ცნობილია, რომ კაკაბზე ყოველთვის სიამოვნებით ნადირობდნენ. როგორ იმოქმედა ამან მის პოპულაციაზე? - კაკბის მსოფლიო პოპულაცია მოიცავს 2 მილიონამდე წყვილს, რაც დიდი რაოდენობაა. შესაბამისად, ეს არ არის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა და განსაკუთრებულ ზრუნვასაც არ მოითხოვს. მართალია, წარსულში კაკბის გავრცელების არეალი უფრო ვრცელი იყო, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც კაკაბი დღესაც ბინადრობს, პოპულაცია მრავალრიცხოვანი და სტაბილურია. მიუხედავად ამისა, კაკაბზე ნადირობა საქართველოში აკრძალულია და მისი მოპოვება მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში შეიძლება. არსებობს პროექტები, რომლებიც კაკბის ხელოვნურად გამრავლებასა და ბუნებაში დაბრუნებას ითვალისწინებს.
ამჟამად კაკაბს გადაშენების საფრთხე არ ემუქრება. საქართველოში ის ბუდობს დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ნადირობა არ შეიძლება, თუმცა, არსებობს რეგიონები, სადაც კაკაბი ისტორიულად გავრცელებული იყო, მაგრამ ბრაკონიერობამ გააქრო.
- რა არის კაკბის საყვარელი საკვები?
- კაკაბს მოსწონს როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული საკვები: მცენარეთა მწვანე მასა, მათი თესლები, ყვავილები, ასევე მწერები, რომლებიც ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტიურდებიან. თანამოძმეებისგან განსხვავებით, კაკაბი მონოგამიური სახეობაა - გამრავლების პერიოდში ერთი მამალი ერთ დედალს უწყვილდება და მერე ლაპების გამოზრდაში ორივე მონაწილეობს.
ზამთრის განმავლობაში კაკბები გუნდებად იკრიბებიან, რადგან ამგვარი თანაცხოვრება მათ უკეთ იცავს მტაცებლებისგან და საკვებსაც უფრო იოლად მოიპოვებენ. როგორც კი გამრავლების პერიოდი იწყება, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, კაკბები უკვე წყვილდებიან. დედალი აკეთებს ორმოს, რომელიც ხმელი ბალახითა და ფოთლებით არის ამოფენილი. კაკაბი ბუდეში დაახლოებით 15-მდე კვერცხს დებს. ინკუბაციას 25 დღე სჭირდება და ამის შემდგომ იჩეკებიან ლაპები, რომლებსაც რამდენიმე საათში თავისუფლად შეუძლიათ სირბილი. პატარები საკვების მოპოვებასაც კი ახერხებენ მშობლების დახმარებით.
- კაკბის მოშენება ფერმერებისთვის მომგებიანია?
- კაკბებს ყველაზე ხშირად ეროვნული საშენი მეურნეობა ამრავლებს, რომლის მიზანია კაკბის, ხოხბის, ხონთქრის ქათმისა და სხვა ფრინველების მომრავლება ბუნებაში დაბრუნების მიზნით. კაკბები ჰყავთ კერძო კოლექციონერებსაც, მაგრამ - უფრო მცირე რაოდენობით. სხვა ღირსებებთან ერთად, კაკაბი დეკორატიული ფრინველია. ამის წყალობით მისი ფასიც მაღალია და მოშენებაც - მომგებიანი, ოღონდ ფრინველის ტყვეობაში გამრავლება არ ნიშნავს, რომ ის ბუნებაშიც გაძლებს.
ტყვეობაში გაზრდილი ფრინველის გადარჩენის შანსი ველურ ბუნებაში მცირეა, ამიტომ ბუნებაში ბევრი უნდა გავუშვათ, რომ ნაწილი მაინც გადარჩეს და ნაყოფიერი შთამომავლობა დატოვოს.
- თქვენ თუ გინადირიათ კაკაბზე და ორნითოლოგებისთვის თუა საინტერესო ეს ფრინველი?
- არა, არასდროს მინადირია, გამოგიტყდებით, ამის სურვილიც კი არ მქონია. პირველად ეს მშვენიერი ფრინველი ექსპედიციის დროს, ჭაჭუნას აღკვეთილში ვნახე - ორმა კაკაბმა გზის პირას ჩამოგვირბინა და ორივე საოცრად შთამბეჭდავი სანახავი იყო. მას შემდეგ ბევრ ექსპედიციაში ვყოფილვარ და ეს ფრინველი ბევრჯერ მინახავს, ყველაზე ლამაზი სანახავი კი მაინც კაკბების წყვილია ლაპებთან ერთად. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას - ორნითოლოგისთვის ყველა ფრინველი საინტერესოა, მით უმეტეს ისეთი ლამაზი, როგორიც კაკაბია. ყველაზე მეტად ეს ფრინველი მაინც დასავლეთევროპელ ორნითოლოგებს იზიდავს, რადგან მათ ქვეყნებში კაკაბი არ ბინადრობს და მისი ნახვა და შესწავლა მათთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენთვის.
ხათუნა ჩიგოგიძე