"ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა - კვირის პალიტრა

"ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება გააგრძელოს "ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციულ ნაწილთანაც". მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებას" აქვს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან კომპრომისული წინადადებები და გადაწყვეტის გზები.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ოპოზიუციის მხრიდან გადაიდგმება კონსტრუქციული ნაბიჯიები, მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება.

"პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე მეორე განსახილველი საკითხი იყო ყველაზე აქტუალური საკითხი დღეს ჩვენს ქვეყანაში - მოლაპარაკებები. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენებზე სამ ყველაზე აქტუალურ საკითხს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხი გაეცა. პირველი, ეს იყო ცრუ ნარატივი "ნაცმოძრაობის", რომელიც შეეხებოდა "პოლიტპატიმარ" ნიკა მელიას და პასუხი ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან იყო, რომ მან დაარღვია კანონი. მეორე ცრუ ნარატივი, ეს იყო გაყალბებული არჩევნები და სენატშიც გაისმა ციტირება ეუთო/ოდირის ანგარიშის, სადაც საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები მოხსენიებული იყო, როგორც თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან არჩევნებად. მესამე საკითხი იყო წლების გამავლობაში "ნაცმოძრაობისა" და მათი მედიასაშუალებების მიერ თითქმის ყოველდღიურ და პერმამენტულ რეჟიმში ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას ეჭვი უნდა შეეპაროს ამ ქვეყანაში "ქართული ოცნების" პროდასავლურობაში და მკაფიო განცხადება იყო ამასთან დაკავშირებითაც გაკეთებული, რომ 2012 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა "ქართულმა ოცნებამ" და ქართულმა სახელმწიფომ გადაუხვია ამ კურსს და ასეთი არც იქნება, პირობას ვაძლევ ყველას, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფიქრადაც არ გაუვლია არავის, განწყობებიდან და რაც ყველაზე მთავარია, ქართული საზოგადოების მკაფიო არჩევანიდან გამომდინარე, ეს აისახა საქართველოს კონსტიტუციაშიც.

ამ ფონზე მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მზაობაა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ბუნებრივია, როგორც აქამდე იყო ისევ ისე რჩება დღის წესრიგში. ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, არსებობს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან გვაქვს კომპრომისული წინადადებები და ასევე, გვაქვს საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის, მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მის დროს. შესაბამისად, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი და პარტიების ინტერესზე არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ. უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის ინტერესზე და ქვეყნის ინტერესია, ამ რთული გამოწვევების ფონზე ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა და არა ასე დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება და ვაქცინაცია იყო.

"ჯანდაცვის მინისტრი გვყავდა მოწვეული უმრავლესობის სხდომაზე, რომელმაც მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია როგორც ეპიდრისკების, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მოქალაქეს ვთხოვო, ძალიან დაკლებულია პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, რაც ზრდის რისკებს ვირუსის გავრცელების. ჩვენ არ გვაქვს მაინც და მაინც საქმე ისე, რომ დავმშვიდდეთ, რადგან ხალხმა და ხელისუფლებამ მოახერხა და დაასტაბილურა გარკვეულწილად ვითარება და 500-ის ფარგლებში მერყეობს და 10-ჯერ ნაკლებია პიკური სიტუაციისგან, რაც გვქონდა ქვეყანაში, ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. ზუსტად 2-3 კვირაში, თუ ჩვენ ყველა ერთად არ მოვიქცევით შესაბამისად, შეიძლება ძალიან გაგვირთულეს ეპიდსიტუაცია. ამიტომ, ყველამ ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი გზა იმისათვის, რომ რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთერლობას, ვიდრე ვაქცინაციის პროცესში ყველა არ იქნება ჩართული, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით",- განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა, უმრავლესობა განიხილავს ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან, დანარჩენი, მისივე შეფასებით, მომავლის საქმეა, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

"ჩვენ ყველა ვერსიას ყურადღებით განვიხილავთ ხოლმე და თუ არ არსებობს ძალიან მკაფიო არგუმენტი, რომელიც პირდაპირ ურტყამს არა რომელიმე პარტიის ინტერესს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ამ შემთხვევაში, პრობლემას ვერ ვხედავთ ხოლმე. ოღონდ სახელმწიფოებრიობას, ოღონდ სამართლიანობას, ოღონდ კანონს არ ურტყამდეს და ამაზე არ მიჰქონდეს იერიში, ყველა საკითხს განვიხილავთ. ნიკა მელიას უკვე ცხადად აქვს წარმოდგენა რა შემთხვევაში დატოვებს ის საპატიმროს და არ ტოვებს. დღევანდელ სხდომაზე იყო ხუმრობასთან დაკავშირებული ორი მომენტი. ერთი ბატონმა ლადო კახაძემ თქვა - "ეს პოლიტპატიმრობა კი არა პოლიტიკური თვითიზოლაციააო" და აბსოლუტურად ვეთანხმები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია. მეორე ხუმრობა შეეხებოდა ორი თვით გადადებულ აქციებს, რაზეც სერიოზულად ვერ ვილაპარაკეთ, გაგვეღიმა და გადავედით სხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე, შემიძლია გიპასუხოთ, რომ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან, დანარჩენი მომავლის საქმეა მოლაპარაკებების მაგიდასთან", - განაცხადა მდინარაძემ.