სთხოვა თუ არა ანტონ ობოლაშვილმა ტიკარაძეს ახლობლისთვის ვაქცინა? - "ოცნების" დეპუტატი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - კვირის პალიტრა

სთხოვა თუ არა ანტონ ობოლაშვილმა ტიკარაძეს ახლობლისთვის ვაქცინა? - "ოცნების" დეპუტატი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"ქართული ოცნების" დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ეხმაურება "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ მან ჯანდაცვის მინისტრს ახლობლისთვის ვაქცინა სთხოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსში გასულ კადრებსა და ჟურნალისტის მიერ აშკარა ცილისმწამებლურ ბრალდებებს - თითქოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვ ახლობლისთვის ვაქცინაციის პროცესში დახმარებას. სინამდვილე კი არის ასეთი: მოქალაქე აპირებს წასვლას ერთ-ერთ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით.

მომმართა თხოვნით, რომ გამერკვია, არის თუ არა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, ვინც სამუშაო ვიზიტით გადის ქვეყნიდან.მივწერე მინისტრს კითხვით, რაზეც მივიღე პასუხი, რომ არსებული პროგრამით, აღნიშნული მოქალაქე ასაკობრივ კატეგორიას ვერ აკმაყოფილებს.

რა არის ამაში უკანონო ან სკანდალური?მე როგორც დეპუტატი, თავს ვალდებულებად ვთვლი არათუ მოქალაქეებს დავეხმარო, არამედ ხშირ შემთხვევაში ვუშუამდგომლო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.როგორც ჩანს "ობიექტურ და პასუხისმგებლიან მედიას" ეს ვალდებულებები ან სხვანაირად ესმის ან მიზნად აქვს ყველას მიაყენოს რეპუტაციული ზიანი" - ნათქვამია ობოლაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში.