"ჩვენ გამოსავლად მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შერიგება გვესახება"
"ერთ მხარეს უნდა დაჯდეს მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხარეს - ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მათი დაპირისპირების გამოა პრობლემები საქართველოში. მათი დაპირისპირების გამო არიან ციხეში ნიკა მელია და გიორგი რურუა"
"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად", - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისი აზრით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაში დასავლელი პარტნიორების მეტი ძალისხმევაა საჭირო.
მოლაპარაკების მოსალოდნელ შედეგებზე, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებაზე, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევას გულისხმობს, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გვესაუბრება.
- მე არ ვიცი, ამჯერად რა წინადადებით მოდის ბატონი კრისტიან დანიელსონი, თუმცა მას უკვე აქვს ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გამოცდილება და იცის, რომ იოლი სამუშაო არ ელოდება. მართლაც საინტერესო პროცესები გველის.
- თქვენმა თანაგუნდელმა ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდეს. - კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გამოსავლად მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შერიგება გვესახება. დიახ, სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამიტომაც ვამბობთ, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენების მონაწილეთა კი არა, მიხეილ სააკაშვილის ამნისტია და მისი დაბრუნება გვჭირდება. უნდა ვაღიაროთ რეალობა - მაგიდის მეორე მხარეს არა რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, არამედ მართლა მისი ლიდერი ზის. ერთ მხარეს უნდა დაჯდეს მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხარეს - ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მათი დაპირისპირების გამოა პრობლემები საქართველოში. მათი დაპირისპირების გამო არიან ციხეში ნიკა მელია და გიორგი რურუა.
უცნაურად მოეჩვენათ, როდესაც ვთქვით, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევარიგოთ. ცოტა ხანში ამაზე საუბარი დაიწყეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი და ევროპარლამენტარების აზრი ემთხვევა ერთმანეთს - ახლა თავად ბატონმა ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ, მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.
- თუ წარმოგიდგენიათ, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ? - იმაზე, რომ ერთმანეთს არ დაიჭერენ.
- ეს დაალაგებს ვითარებას? - დიახ. როდესაც რეალური ლიდერები დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, გავიგებთ, რა უნდათ, რაზე არიან წამსვლელები და საბოლოოდ შეთანხმება შედგება.
- თქვენი და "ქართული ოცნების" ინდივიდუალური მოლაპარაკება რა ეტაპზეა? - რადგან ბატონი დანიელსონი იწყებს მოლაპარაკების მეორე რაუნდს, ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვს.
- იმ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ რას ფიქრობთ, რომლის მიღებას პარლამენტში კიდევ 17 თუ 18 ოპოზიციონერი სჭირდება და რომელიც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას გულისხმობს? როგორც ცნობილია, ეს საკითხი ყველაზე მეტად სწორედ "გირჩს" აინტერესებდა. - ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც მედიაციაში ჩართულ პოლიტიკოსებს მიმართავენ და სთავაზობენ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტს ემყარება. ჩვენს დაბალ ბარიერზე იქაც არის საუბარი. ასე რომ, პარლამენტში შესვლას ჯერ არ ვაპირებთ.
ხათუნა ბახტურიძე