პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია /PET - კიბოს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი - ქირურგიის ეროვნულ ცენტრში! - კვირის პალიტრა

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია /PET - კიბოს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი - ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამოქმედდა ციფრული პეტსკანერი Philips Vereos (Amsterdam, Netherlands), რომელიც წარმოადგენს უახლეს მაღალტექნოლოგიურ აპარატს და ხასიათდება მინიმალური ზომის სიმსივნის გამოვლენის ფუნქციით, რაც ექიმებს ონკოლოგიური პაციენტების მათ დაავადებაზე ზედმიწევნით მორგებული მკურნალობის ჩატარებაში დაეხმარება.

PET/CT - პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ბირთვული კვლევის მეთოდია და კიბოს დიაგნოსტიკისთვის უალტერნატივოა. დროული დიაგნოსტიკა კი, როგორც მოგეხსენებათ, განკურნების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის! უფრო დეტალურად, პეტ-ისა და მისი გამოყენების შესახებ "კვირის პალიტრას" ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, ბირთვული მედიცინის ექიმი შორენა ესიაშვილი ესაუბრა:

PET/CT ფუნქციური კვლევის მეთოდია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ისეთი წარმონაქმნების გამოვლენა, რომლებიც არ ჩანს სხვა ინსტრუმენტული კვლევებით (CT, MRT). PET/CT გვიჩვენებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ (ქიმიური რეაქციებით განპირობებულ) ცვლილებებს, რომლებიც, როგორც წესი, წინ უძღვის მორფოლოგიურს, ამიტომ PET/CT ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს. მისივე გამოყენებით შეგვიძლია სიმსივნის ზუსტი ანატომიური და ფუნქციური სურათის დადგენა, ქირურგიული, ქიმიური და სხივური თერაპიის შედეგების შეფასება.

- კვლევა ერთ დაზუსტებულ მონაკვეთზე უნდა ჩატარდეს, თუ მთელი სხეულის პროფილაქტიკური შემოწმებაც შესაძლებელია?

- მიმართავენ როგორც მთელი სხეულის პროფილაქტიკურ შემოწმებას სიმსივნური კერების არსებობაზე (დაახლოებით 20-წუთიანი პროცესია), ისე ცალკეული ორგანოს ან ორგანოთა სისტემის გამოკვლევას.

- როგორ ტარდება პროცედურა?

- PET/CT დიაგნოსტიკის არაინვაზიური საშუალებაა. ჩვენი კლინიკა PET/CT დიაგნოსტირებისთვის იყენებს პრეპარატ ფთორდეოქსიგლუკოზას - FDG.F(18)-ს. ვენაში იზოტოპის შეყვანიდან ერთი საათის შემდეგ პაციენტს უტარდება პეტ-ი და მასთან ერთად დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. საბოლოოდ ორივე კვლევის მონაცემები ჯამდება.

- თუ შეიძლება, აღწერეთ ამ მეთოდით კვლევის შესაძლებლობები და უპირატესობები... - PET/CT კვლევით შესაძლებელია: ონკოლოგიური დაავადების სტადიის დადგენა, იზოტოპის აკუმულაციის მიხედვით დაავადების აგრესიულობის ხარისხის შეფასება;

თავის ტვინის სტრუქტურის შეფასება ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებისას;

ოპერაციის შემდგომი ფიბროზისა და პოსტრადიაციული ცვლილებების ფონზე განვითარებული რეციდივის დიფერენცირება და შეფასება.

PET/CT-ით მიღებული დეტალური მონაცემების საფუძველზე პაციენტთა თითქმის 36%-ს ეცვლება მკურნალობის ტაქტიკა.

ახალი ციფრული დეტექტორი, რომლითაც აღჭურვილია ჩვენი აპარატი Philips Vereos, ანალოგიური მოწყობილობებისგან განსხვავებით, აღრიცხავს ყველა უნიკალურ ფოტონს, რომლებიც ქსოვილებში იზოტოპის დაშლის შემდეგ წარმოიქმნება. ამის შედეგად ხილული ხდება უმცირესი ზომის კერები, რომელთა ვიზუალიზაცია სხვა დეტექტორებით ვერ ხერხდება. ციფრული პეტ-სკანერი საშუალებას გვაძლევს, უფრო ზუსტად აღვწეროთ წარმონაქმნი. ის საგრძნობლად ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას, აქედან გამომდინარე, ორგანიზმის სხივურ დატვირთვასაც.

საყოველთაოდ ცნობილია, - PET/CT-ს უმთავრესად ონკოლოგიაში იყენებენ, მაგრამ უკანასკნელ ხანს დარეგისტრირდა ბევრი ახალი იზოტოპი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია გულისა და ნერვული სისტემის უფრო დეტალური და ფუნქციური გამოკვლევა. მაგალითად, ამ გზით განისაზღვრება გულის მკვებავი სისხლძარღვების იშემიის ხარისხი, ისმება დემენციის, პარკინსონის დაავადების, გულყრის სხვადასხვა ფორმის დიაგნოზი.

- ამ უახლესი მეთოდით დიაგნოსტირებას და შესაბამისი მკურნალობის განსაზღვრას ალბათ შესაბამისი გამოცდილება და პროფესიონალიზი სჭირდება... - 2004 წლიდან ვმუშაობ ბირთვულ მედიცინაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტში, ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის სამეცნიერო კვლევის ასისტენტად მიმიღეს. სწორედ ამ ცენტრში ამოქმედდა აშშ-ში ერთ-ერთი პირველი პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფი. მისმა სამეცნიერო ჯგუფმა დანერგა არაერთი საერთაშორისო დონის სიახლე ბირთვულ კარდიოლოგიაში, რომლის სამეცნიერო ჯგუფის წევრი საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად მეც გახლდით და მონაწილეობა მრავალ კვლევაში მივიღე. არაერთი ტრენინგი გავიარე ევროპის ქვეყნებშიც. 2012 წელს ვუხელმძღვანელე ბირთვული მედიცინის განყოფილების შექმნას, სადაც ამოქმედდა კავკასიის რეგიონში პირველი პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფი და დაინერგა რადიაქტიური იოდით მკურნალობა - ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ჩიყვის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდი.

- ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის შესაძლებლობებზე რას გვეტყვით, როგორ შეაფასებთ? - ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ორი უახლესი - Varian TrueBeaм და VitalBeam მოდელის - ხაზოვანი ამაჩქარებლით. ახლა უკვე, როგორც მოგახსენეთ, პაციენტებს მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ: მთელი რიგი სიმსივნეების შემთხვევაში სხივური თერაპია დაიგეგმება PET/CT-ის საშუალებით, რაც ამ სერვისის უმაღლესი სტანდარტია.

გარდა ამისა, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ბევრ სხვა მიმართულებასთან ერთად, ფუნქციონირებს უდიდესი ტრადიციების მქონე ჰემატოლოგიის დეპარტამენტი, ლიმფომების მკურნალობის სწორად წარმართვისთვის კი PET/CT კვლევის უალტერნატივო მეთოდია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ემორის უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის განყოფილების პროფესორ რაგუვეერ ჰალკართან, ჩემს უშუალო ხელმძღვანელთან ამერიკაში მუშაობისას და შემდგომაც... აღსანიშნავია, რომ ბატონი ჰალკარი 2019 წელს საქართველოს ეწვია და ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის შესახებ საინტერესო ლექცია ჩაატარა. ის პოზიტიურად აფასებდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის მიდგომებსა და სიახლეების დანერგვის მცდელობებს ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უახლესი აპარატურა და კვლევის მეთოდები სასურველი შედეგების მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ეკა ასათიანი

(R)