"ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ"

ახლა გამბედაობა და კომპრომისია საჭირო , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

"საუბარია კომპრპომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა მისიის შემდეგ, ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციებთან მქონდა ურთიერთობა, ვინც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშია ჩართული. ეს ინსტიტუციები მოიცავდა როგორც პრეზიდენტ მიშელს, ასევე ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს.

ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს არ ეკისრება, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს. მგონია, რომ წინა მისია, რომელიც განხორციელდა, ამ საკითხების კარგი გაცნობა იყო. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იციან ორივე მხარის აზრი, ასევე კარგად იციან, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მათ უნდა გამონახონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, როდესაც ამ დახმარებაზეა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ახლა გამბედაობაა საჭირო და კომპრომისი. კომპრომისი არ არის იმის ნიშანი, რომ ვიღაც ძლიერი არ არის, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანი და ევროპული გზა", - განაცხადა დანიელსონმა.