"მისი აქედან გაძევება უსამართლობა იქნება" - რატომ გაიმართა საფრანგეთში აქცია ქართველი სტუდენტის დასატოვებლად - კვირის პალიტრა

"მისი აქედან გაძევება უსამართლობა იქნება" - რატომ გაიმართა საფრანგეთში აქცია ქართველი სტუდენტის დასატოვებლად

როგორც ფრანგული გაზეთი "არდენე" (L’Ardenais) იუწყება პუბლიკაციაში, სათაურით "დემონსტრაცია რევენში: ახალგაზრდა ქართველის დასატოვებლად" (ავტორი - ჟულიენ რეპრიერი), არდენის დეპარტამენტის ქალაქ რევენში 150-კაციანი დემონტრაცია ჩატარდა, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ახალგაზრდა ქართველს - 19 წლის ვიტალის და მისი სავარაუდო დეპორტაცია გააპროტესტეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ვიტალი ქალაქ რევენში არსებულ ჟან მულენის ლიცეუმში სწავლობს და კულინარის პროფესიას ეუფლება. მას მიგრაციის სამსახურმა თავშესაფრის მიღებაზე უარი განუცხადა.

ქართველი ახალგაზრდის დეპორტაციის წინააღმდეგ მიმართულ დემონტრაციაში მონაწილეობდნენ როგორც ვიტალის მეგობარი სტუდენტები, ასევე -  ლიცეუმის თანამშრომლები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

"საფრანგეთიდან მისი გაძევება უსამართლობა იქნება, იგი საუკეთესო სტუდენტია, რომელსაც სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაო გარანტირებული აქვს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება", - ამბობს ვიტალის მეგობარი, 21 წლის დუნია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ