"რა მო­უ­ვა რუ­სე­თის სამ­ხრეთს, თუ ვულ­კან იალ­ბუ­ზის ამოფრქვე­ვა და­ი­წყე­ბა" - კვირის პალიტრა

"რა მო­უ­ვა რუ­სე­თის სამ­ხრეთს, თუ ვულ­კან იალ­ბუ­ზის ამოფრქვე­ვა და­ი­წყე­ბა"

რუსული საძიებო-საცნობარო სისტემის "იანდექსის" დამატება "იანდექს-დზენმა" ("Яндекс/Дзен") გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "რა მოუვა რუსეთის სამხრეთს, თუ ვულკან იალბუზის ამოფრქვევა დაიწყება..."

გთავაზობთ პუბლიკაციას, მცირეოდენი დამატებებით:

იალბუზი (რუსულად - "ელბრუსი", ყაბარდოულად - "ოშხომახო", ბალყარულად - "მინგითაუ") კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს, მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში, რუსეთისა და საქართველოს საზღვართან. მისი დასავლეთი (5642 მ) და აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირა უღელტეხილით. იალბუზი არა მხოლოდ ევროპის უმაღლესი მთაა (იმის მიხედვით, თუ სად გადის ევრაზიის კონტინენტზე ევროპა-აზიის გამყოფი გეოგრაფიული საზღვარი), არამედ ზოგადად რუსეთის უმაღლესი მწვერვალიც.

"...მხოლოდ სძინავს და ისევე დაიღვიძებს"

სტატიის სათაური ნუ გაგიკვირდებათ: იალბუზის მთა ნამდვილად ვულკანს წარმოადგენს. მკვლევარ-ვულკანოლოგების აზრით, იალბუზი სულაც არაა ჩამქრალი, ის ჯერჯერობით თვლემს: იზოტოპურ-გეოქრონოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების ერთობლიობის საფუძველზე იალბუზი დღეს პოტენციურად აქტიურ ვულკანად განიხილება. ვულკანის მძინარე (მთვლემარე) მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ის გაიღვიძებს. ასე რომ, მთავარია კითხვაზე პასუხი - როდის მოხდება გამოღვიძება და როგორი ძალა ექნება ამოფრქვევას?

ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ვერსიები გამოითქმება. მათგან ყველაზე ოპტიმისტურის მიხედვით, იალბუზის ამოფრქვევა მომავალ ასწლეულში მოხდება, ყველაზე პესიმისტურის თანახმად კი - უახლოეს ათწლეულში.

ამოფრქვევის ძალის შესახებაც დავა მიმდინარეობს: 2016 წელს იალბუზმა თავი ბევრს გაახსენა - იმ ხანებში მოულოდნელად მთის კალთები პლუს 21 გრადუსამდე გათბა და თანაც იმ დროს, როცა საკმაოდ ძლიერი ყინვა - მინუს 20 გრადუსი იყო. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ქანების გათბობა მეტად არ გაგრძელებულა, ფერდობები ისევ გაცივდა, ანუ ვულკანის მიწისქვეშა აქტიურობა მინავლდა. კაცმა რომ თქვას, მსგავსი "გამოხტომები" იალბუზს ადრეც ჰქონია: საქმე იმაშია, რომ პირდაპირ მთის ქვეშ, სულ რაღაც 5-7 კილომეტრს სიღრმეზე არსებობს თავისებური "ბუშტი" თხევადი მაგმით (ე.წ. "მცირე მაგმური კამერა"), რომლის ზომა თითქმის 5 კილომეტრამდეა. მაგრამ ეს კიდევ არაფერი: "მცირე კამერის" ქვემოთ, 45 კილომეტრის სიღრმეზე "დიდი მაგმური კამერაც" არსებობს, რომელიც გავარვარებულ "ტბას" შეიძლება შევადაროთ, თუმცა წყლის ნაცვლად მასში 2000 - გრადუსიანი გამდნარი ქანების მასაა. ორივე კამერა ერთმანეთთან შეერთებულია "არხით", რომელშიც მაგმის უწყვეტი ცირკულაცია ხდება და რომელიც ერთგვარ "ყალიონს" შეიძლება შევადაროთ.

უკანასკნელად იალბუზის "ყალიონმა" თავი ადამიანებს 900 წლის წინ შეახსენა, 1700 წლის წინ კი მან ისე იფეთქა, რომ იქაური არე-მარე კარგად შეაზანზარა და მისი შედეგები დღემდე შესწავლის პროცესშია. მაგალითად, იალბუზის ქანების ვულკანური ფერფლი იპოვეს ასტრახანისა და ვოლგოგრადის ოლქებში, რომლებიც კავკასიის უმაღლესი მწვერვალიდან 700 კილომეტრით არიან დაშორებული. გააგრძელეთ კითხვა