"თავისი ფეხით შევიდა გლანდების ოპერაციაზე და იქიდან მკვდარი გამომატანეს" - რა გახდა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"თავისი ფეხით შევიდა გლანდების ოპერაციაზე და იქიდან მკვდარი გამომატანეს" - რა გახდა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

მესამე წელია, რაც რუზგარ გურიანოვი ითხოვს პასუხს კითხვაზე, - რა მოუვიდა მის 13 წლის შვილს, რომელიც გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად საავადმყოფოში მიიყვანა და იქედან კი შინ გარდაცვლილი გაატანეს.

2018 წლიდან დღემდე პროკურატურა ხელს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსკენ იშვერს და იმ ფაქტს, რომ საქმეში ბრალდებული ჯერაც არ გამოუკვეთავს, ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინით ხსნის. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, თავის მხრივ, მესამე წელია ამბობს, რომ "გონივრულ ვადაში“ მოამზადებს კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას - ხომ არ იყო ოპერაციისას სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაშვებული შეცდომა, რომელსაც შეიძლებოდა ბავშვის სიკვდილი გამოეწვია.

ტრაგიკული ოპერაცია

ეთნიკურად აზერბაიჯანელი 13 წლის მახალ გურიანოვი მარნეულში, მამასთან იზრდებოდა. მახალის დედა და და ცალკე ცხოვრობდნენ. რუზგარ გურიანოვი გვეუბნება, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. თანატოლების მსგავსად სკოლაში დადიოდა და სპორტს მისდევდა. 2017 წლის ნოემბერში, როდესაც მახალი ყელის ტკივილმა შეაწუხა, მამამ მარნეულის სამედიცინო ცენტრ "ადიკში“ კონსულტაციაზე მიიყვანა. ექიმებმა თქვეს, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა და გლანდების ოპერაცია 2017 წლის 30 ნოემბერს დანიშნეს.

ბავშვი საოპერაციოში თავისი ფეხით შევიდა. მამა იხსენებს, რომ ცუდის მოლოდინი აზრადაც არ გაუვლიათ. ოპერაცია რომ ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა, რუზგარ გურიანოვმა შვილის ნახვა მოინდომა. ექიმებმა ავადმყოფის მონახულებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ოჯახის წევრებს აუხსნეს, რომ მდგომარეობა გართულებული იყო და პაციენტს რეანიმაციაში გადაყვანა სჭიდებოდა. რუზგარ გურიანოვი ამბობს, რომ მისი შვილი მარნეულის სამედიცინო ცენტრში კომატოზურ მდგომარეობაში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

2017 წლის 2 დეკემბერს, გურიანოვის დაჟინებული თხოვნით ბავშვი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა სამედიცინო პერსონალის ძალისხმევა აქაც უშედეგო აღმოჩნდა - დაახლოებით ერთთვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, 2018 წლის 9 იანვარს, 13 წლის მახალი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი წლებია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელის

მომხდარიდან მალევე, შსს-მ საქმე სისხლის სამრთლის 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვლილის მამას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, შესაბამისად, არც იმის უფლება, საქმის მასალებში ჩაეხედა და გაეგო, როგორ მიმდინარეობდა მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება.

2019 წელს, მას შემდეგ, რაც საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი " ჩაერთო, პროკურატურამ რუზგარ გურიანოვს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ამით ორგანიზაციის ადვოკატს, დიმიტრი ნოზაძეს მიეცა საშუალება, შეესწავლა საქმის მასალები. თუმცა, შესასწავლი ბევრი არაფერი აღმოჩნდა, რადგან, როგორც ადვოკატი ამბობს, საქმე, ფაქტობრივად, თაროზე იყო შემოდებული. იხილეთ სრულად