"განვლილ ცხოვრებას რომ ვაკვირდები, გაცილებით უკეთ შემეძლო კარიერის გაძღოლა კინოშიც და თეატრშიც, მაგრამ ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი დავაყენეო" - კვირის პალიტრა

"განვლილ ცხოვრებას რომ ვაკვირდები, გაცილებით უკეთ შემეძლო კარიერის გაძღოლა კინოშიც და თეატრშიც, მაგრამ ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი დავაყენეო"

რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობსა და ერთხანს მის მთავარ ადმინისტრატორს, კინომსახიობსა და საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ბატონ სოსო ლაღიძეს კარგად ვიცნობდი, ბევრჯერ შევხვედრილვართ თეატრში. ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო, გამორჩეულად ლამაზი გარეგნობის და შესანიშნავი მოსაუბრე, გულისხმიერი და ყურადღებიანი, სწორედ იმ თაობისა და რანგის, ვინც კაცურად იცხოვრა, ქართული თეატრისა და კინოს ისტორია შექმნა, კვალი დატოვა და ვინც მუდამ საამაყოა.

მახსოვს, ერთხელ მითხრა, განვლილ ცხოვრებას რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ გაცილებით უკეთ შემეძლო ჩემი კარიერის გაძღოლა კინოშიც და თეატრშიც, მაგრამ ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი დავაყენე და ნაკლებად ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ამას ჩემს სიზარმაცეს უფრო ვაბრალებ. მეტის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ ახლა რაღა დროს! იმით კი ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ, რომ საოცარ ადამიანებში და პროფესიონალებში გავიზარდე და როგორ ფიქრობთ, მაქვს უფლება, რამე ცუდი გავაკეთოო? რა უნდა მეპასუხა ან მის გულწრფელობაში ეჭვს როგორ შევიტანდი? მისი ცხოვრების გზა ამის უფლებას არც მე მომცემდა და არც თქვენ.

ბევრის მომავალს ხშირად ბავშვობა და იღბალი განსაზღვრავს და, ალბათ, ამგვარი რამ მოხდა ბატონი სოსო ლაღიძის ცხოვრებაშიც, როდესაც, სავარაუდოდ, დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელი თეატრის სცენაზე აღმოჩნდა. სწორედ მისი მონათხრობით ვიცი, რომ თბილისის რკინიგზის მე-3 სკოლაში სწავლობდა, პარალელურად კი, "პლეხანოვზე", რკინიგზელთა მხატვრული აღზრდის სახლის დრამწრეზე დადიოდა და სპექტაკლებშიც მონაწილეობდა. იმავდროულად, გატაცებული იყო კინოთი და 20 კაპიკად დიდუბის კინოთეატრში ერთი ე.წ. ტრაფეინი ფილმიც არ დაუტოვებია უნახავი. ლამის, ტექსტებიც ზეპირად იცოდა, თურმე და თითოეული მსახიობის იმიტაციაც კარგად გამოსდიოდა. ხელოვნება - ხელოვნებად და, ყველაფერთან ერთად, იგი ეზოს ფეხბურთსაც კარგად თამაშობდა და მეცხრე კლასში სწავლისას მამიდაშვილმა 35-ე საფეხბურთო სკოლაში მიიყვანა.

- გუნდში მარჯვენა გარემარბად მიმიღეს, სადაც შოთა იამანიძე, მოსე დავარაშვილი, ალიოშა ჩიჩუა და მიხეილ მესხი თამაშობდნენ. მეთერთმეტეკლასელი, მიშა მესხთან და სერგო კოტრიკაძესთან ერთად ახალშექმნილ ახალგაზრდულ გუნდში მოვხვდი, თუმცა მიშა მალევე გადავიდა "დინამოში". მწვრთნელი ცენტრალურ თავდამსხმელად მათამაშებდა და პერსპექტიულ ფეხბურთელადაც მიმიჩნევდნენ - წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დამასახელეს. მახსოვს, სეზონის ბოლო მატჩს ვთამაშობდით, 5:0-ს ვიგებდით, აქედან ორი მე გავიტანე, დანარჩენები სხვებს გავატანინე, - ფეხბურთელი რომ არ ვარ, იმიტომ ვტრაბახობო, - სიცილით დააყოლა და ამბავიც განაგრძო, - თამაში ორ წუთში მთავრდებოდა, რომ წავიმეტიჩრე, საჯარიმოზე შევიჭერი, კიდევ ერთი გოლის გატანა ვცადე და საშინელი ტრავმა მივიღე, და... ასე დასრულდა ჩემი საფეხბურთო კარიერაო.

'ლონდრე' - ლეილა ყიფიანთან ერთად

ბატონი სოსო, თურმე, მამის მკვიდრი ბიძაშვილის, კომპოზიტორ რეზო ლაღიძის ოჯახში იზრდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1955 წელს სწორედ ბატონმა რეზომ მიიყვანა იგი რუსთაველის თეატრში. იქ გაესაუბრნენ, მოეწონათ, მერე თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდებიც ჩააბარა, მოეწყო და ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა. და, მართალია, სპორტული ფორმა დაიბრუნა, მაგრამ სპორტისთვის უკვე აღარ ეცალა - მისი ცხოვრების გზად მსახიობობა იქცა, ფეხბურთს კი საბოლოოდ ჩამოსცილდა...

- იმხანად კინოსტუდიაში ფილმს ფილმზე იღებდნენ, ახალგაზრდა მსახიობის პოპულარიზაციისთვის კი კინო საუკეთესო საშუალება იყო. კინოში გადაღება მასობრივი ეპიზოდებით დავიწყე - ვმონაწილეობდი "ბაში-აჩუკში", "ჩვენს ეზოში" და ამაში 3 მანეთს მაძლევდნენ. პირველი ეპიზოდური როლი კი "საბუდარელ ჭაბუკში" მომცეს, ვალიკო განვასახიერე. მერე რეჟისორმა ლეო ესაკიამ გოჩა აბაშიძესთან ერთად "გლახის ნაამბობში", სანდროს როლში გადამიღო, ამას მოჰყვა "წარსული ზაფხული". ამ ფილმზე მუშაობის პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჯაფარიძე, ეროსი მანჯგალაძე და გოგი გეგეჭკორი, ბელა მირიანაშვილი კი ჩემი უშუალო პარტნიორი გახლდათო... სოსო ლაღიძე და ბელა მირიანაშვილი

იმ პერიოდში, თურმე, კონოსტუდიას ფინანსურად არ უჭირდა, საკავშირო კინემატოგრაფიც აფინანსებდა, ამიტომ ფილმის გადასაღებად ხანგრძლივი ექსპედიციებიც ხშირად ეწყობოდა და მსახიობს ოჯახით წასვლაც კი შეეძლო. ერთ-ერთი ჩვენი საუბრისას ბატონმა სოსოს "წარსული ზაფხულის" გადაღების დღეები გაიხსენა. ფილმს აფხაზეთში იღებდნენ. შემოქმედებითი ჯგუფი გაგრის სასტუმრო "გაგრიფშში" მოათავსეს, სწორედ იმ სასტუმროში, რომელიც, ხომ გახსოვთ, პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა აგრაფინა ჯაფარიძეს მიუძღვნა. იმავე სასტუმროში მეუღლე ბუბუსიასთან ერთად ისვენებდა, თურმე, ქართველი საოპერო მომღერალი დავით გამრეკელი. "გაგრიფში" საკავშირო მნიშვნელობის სასტუმრო იყო და საკავშირო მნიშვნელობის დამსვენებლებიც ისვენებდნენ, ამიტომ ღამის 12 საათის შემდეგ შენობაში სამარისებური სიჩუმე უნდა ყოფილიყო, პატარა ხმაურზეც კი შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შექმნოდათ. - ერთ საღამოს ნომერში დათიკო გამრეკელი გვეწვია. ერთად ვიყავით ეროსი, გოგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე და მე, როგორც ეროსის შვილობილიო, - მიამბობდა ბატონი სოსო, - შეჰყვნენ საუბარს, კონიაკიც დალიეს და წამოიწყეს სიმღერა, ჯერ მოგუდულად, შემდეგ ნელ-ნელა გაახურეს, ამასობაში ღამის 2 საათიც დადგა, მაგრამ ერთი რუსიც კი არ მოსულა კართან შენიშვნის მოსაცემად და გასაჩუმებლად, ალბათ, ყველა სულგანაბული ისმენდა მათ ნამღერს.

სიმართლე გითხრათ, დათიკო გამრეკელის დარი ხავერდოვანი ხმა იშვიათად მომისმენია. ისედაც, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ამიტომ მასთან ურთიერთობა, იმ ჩვენს უნიჭიერეს არტისტებთან დაახლოება და "წარსული ზაფხული" უტკბილეს მოგონებად დამრჩა. დაუვიწყარია ჩემთვის ულამაზესი და უსათნოესი მედეა ჯაფარიძე. საოცარი ადამიანი იყო - ყოველთვის ისეთი სიყვარულით გიმზერდა თვალებში, შეიძლება გეფიქრა, ამ ქალს მე ხომ არ ვუყვარვარო. მე და რობიკო სტურუა ხშირად ვსტუმრობდით მედიკოსა და რეზო თაბუკაშვილის ოჯახს. რეზო გამორჩეულად საინტერესო მთხრობელი იყო, თითქოს მონუსხული ისმენდი მის ნაამბობს - ეტყობა კიდეც მის ფილმებს. სხვათა შორის, "წარსული ზაფხულის" სცენარი მას ეკუთვნოდა და იმდენად უკმაყოფილო დარჩა ფილმით, თუ არ ვცდები, სცენარის ავტორობაზე ხელიც კი არ მოაწერა... მერე ნიკოლოზ პიპინაშვილი აჭარაში "ზღვის შვილებს" იღებდა და შემოქმედებითი ჯგუფი 6-თვიან ექსპედიციაში გავემგზავრეთ. იმხანად რუსთაველის თეატრშიც "ზღვის შვილებში" ვთამაშობდი, ამიტომ თბილისსა და ბათუმს შორის მივდი-მოვდიოდი. ბათუმში მე, ნოდარ მგალობლიშვილი და ირაკლი უჩანეიშვილი "ინტურისტის" ლუქსში ვცხოვრობდით. იქ სულ უცხოელები იყვნენ და კარგად ვილხენდით - ირაკლის გიტარა არ გაუგდია ხელიდანო. ფლორენციაში რობერტ სტურუასთან ერთად

ბათუმურ მოგონებებში ბატონმა სოსომ დოდო აბაშიძეც გაიხსენა, მერე მისი ამბებით თვითონაც ბევრი იცინა და მეც კარგად გამამხიარულა. - იცით, რა ღონიერი იყოო? - მეუბნებოდა, - ზღვაში რომ შედიოდა, ზღვაც კი ბობოქრობდა. ზაზა, მისი ვაჟი, იმ დროს 3 წლის იყო და დოდო მას საშინელებებს უკეთებდა - შეიყვანდა საწყალ ბავშვს ზღვაში, ააგდებდა ზემოთ და დაანარცხებდა ხოლმე წყალს. რომ ვსაყვედურობდი, ცოდოა ბავშვი-მეთქი, მამშვიდებდა, არაფერი მოუვა, კაცად გაიზრდებაო. და მართლაც კაცად გაიზარდა ზაზა აბაშიძე... ერთხელ დოდომ მთხოვა, შორს გავცუროთო. ჯერ ვიუარე, არ მსიამოვნებდა ღრმად გაცურვა, არც დოდოსავით მაგარი მოცურავე ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი და გავცურეთ. მერე მითხრა, გავითამაშოთ, ვითომ იხრჩობი და მე გშველი - მაინტერესებს როგორი მაშველი ვიქნებიო. რაღას ვიზამდი? ავფართხალდი, ავყვირდი, მიშველეთ-მეთქი და შუა ზღვაში რომ დამავლო მარჯვენა ხელი, ეს ამხელა კაცი წამომიკიდა ზურგზე და ცალი ხელით, ცურვით გამიყვანა "სამშვიდობოს". გაოგნებული დავრჩიო...

რაკი კინოზე ლაპარაკობდა, რეჟისორ კოტე სურმავას გადაღებული ერთი ტელეფილმი გაიხსენა, კარგ მოგონებად დამრჩა, ცხონებული ზეინაბ ბოცვაძე თამაშობდა ჩემი შეყვარებულის როლსო. ფილმის სიუჟეტი, თურმე, ნამდვილ ამბავს ეფუძნებოდა, მისი გმირი ომარ ჯოხაძეც რეალური პიროვნება ყოფილა, ერევანში, ჯარში მსახურობდა, დაუნახავს, სატვირთო მანქანა ბავშვს ზედ უვლიდა, ომარი გადამხტარა, ბავშვი გადაურჩენია, თვითონ კი დაღუპულა.

გივი ბერიკაშვილი და სოსო ლაღიძე

- ომარ ჯოხაძე რაჭველი იყო და მახსოვს, რაჭაში ნამდვილი გმირივით შემხვდნენ, რადგან მას განვასახიერებდი, წარმოგიდგენიათ, მე რა ამაყი ვიყავი? გადაღებაზე ეტლიანი მოტოციკლით ფოტოგრაფი შალვა გვემსახურებოდა. ზეიკო ეტლში იჯდა, მე - მძღოლის უკან. ერთხელ ნაქეიფრები და ღამენათევები, დილით რაჭის ოღროჩოღრო გზაზე მოტოციკლით მივდიოდით, ზეიკო თვლემდა, მაგრამ ჯაყჯაყებდა და ვერ იძინებდა. შემეცოდა, თავი ჩემს ხელისგულებში ჩავადებინე და მართლა არ ჩაეძინა? მთავარი კი ის იყო, რომ ხელისგულებსა და, შესაბამისად, ზეიკოს თავსაც ყოველ ორმოსთან მოტოციკლის ჩახტომა-ამოხტომას ვაყოლებდი და დანიშნულების ადგილამდე ისე მივედით, ოდნავაც არ შეუღვიძია... ზეიკო ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და მისმა გარდაცვალებამ ძალიან დამწყვიტა გულიო, - მითხრა.

ასევე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თამაზ მელიავას კინოფილმ "ლონდრეში" გაბრიელის როლი და ულამაზესი ლეილა ყიფიანისა და დაუვიწყარი გივი ბერიკაშვილის პარტნიორობა, ზოგადად, მსახიობთა შესანიშნავ ანსამბლთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნა. ზოგადად, ბატონ სოსოს თეატრშიც დიდებულ რეჟისორებთან და მსახიობებთან მოუხდა მუშაობა - სერგო ზაქარიაძესთან, აკაკი ხორავასთან და აკაკი ვასაძესთან. თურმე, ისეც მომხდარა, რომ, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, უსაყვარლესი მედეა ჩახავა ერთგან მისი შეყვარებული იყო, მეორეგან - დედა... სოსო ლაღიძე და მაინც, მართალია, ბევრი როლი ჰქონდა, საკუთარი თავის მაინც უკმაყოფილო იყო, - მეტის გაკეთება შემეძლოო. მახსოვს, დანანებით მითხრა, რობერტ სტურუა ჩემი უახლოესი მეგობარია, 1975 წელს პირველ ტურისტულ მოგზაურობაშიც კი ერთად ვიყავით, პარიზში, ყველა სპექტაკლში მათამაშა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რობიკოს იმედი ვერ გავუმართლე - ბოლომდე ვერ ვწვდებოდი ხოლმე მის ჩანაფიქრს, ვერ ვახორციელებდი, რასაც მთავაზობდა. ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს თეატრალურ როლად კი მიმაჩნია რობიკოს მიერ დადგმულ შვარცის პიესა "დრაკონში" ციხის უფროსი. ვფიქრობ, რომ ის როლი გამომივიდა... ასეა, თეატრში ყველაფერი ხდება და თეატრმა დიდი სიყვარულიც იცის. ვატყობ, ჯერჯერობით გვივლიან "ხანდაზმულ ახალგაზრდებს", ამიტომაც დღემდე თეატრში ვარ და ჩემი ნებით არც მოვცილდები, თუ არ მომიცილესო.

არც მოუცილებიათ და ბოლომდე თეატრის "ძირითად შემადგენლობაში" იყო... გარდაცვალებამდე - რუსთაველელთა საუკეთესო თაობის ერთ-ერთმა, ცხოვრებით, არტისტიზმით და გარეგნობით გამორჩეულმა, ღირსეულმა წარმომადგენელმა სოსო ლაღიძემ 3 წლის წინ, 82 წლის ასაკში დაგვტოვა.

(სპეციალურად საიტისთვის)