"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა"

მეთერთმეტე დღეა, რაც 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა და კვლავ უცნობია რა გახდა ფატალური შემთხვევის მიზეზი. წესით, როგორც ეს თავდაპირველად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა, ახლა ცნობილი უნდა იყოს, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ისე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგები.

თუმცა, დასკვნების გამოქვეყნების თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. ორივე უწყება აცხადებს, რომ საქმეზე სხვადასხვა სახის კვლევები მიმდინარეობს, არცერთი მათგანი არ აკონკრეტებს, თუ როდის დასრულდება ისინი.

ახალციხელი მედდის გარდაცვალების საქმეს მხოლოდ შიდა, ქვეყნის დონეზე არ აქვს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ იგი რეზონანსულია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანის გარდაცვალება "ასტრაზენეკას" ვაქცინას დაუკავშირდა. ამ ფონზე, დაზარალებული ოჯახის ადვოკატების შეფასებით, საგამოძიებო ორგანოებს მართებთ, რომ განსაკუთრებული გამჭირვალობით მოეკიდონ საკითხს და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება.

ვინაიდან გარდაცვლილის მეუღლეს, მანუჩარ კობახიძეს უკვე აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, მის ადვოკატებს აქვთ უფლება, გაეცნონ საქმის მასალებს. მეტიც, კანონით მათ დოკუმენტები უნდა გადასცემოდათ კიდეც. მიუხედავად ამისა, როგორც ადვოკატები ამბობენ, საგამოძიებო უწყება უკვე ერთი კვირაა, მათ საქმის მასალებზე წვდომის უფლებას არ აძლევს. "პროკურატურა მასალების გადმოცემაზე უარს გვეუბნება ძალიან ფორმალური მოტივით - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. წერილობითაც კი არ გამოუგზავნიათ პასუხი, სადაც ჩამოყალიბებული იქნებოდა არგუმენტი, თუ რატომ გვეუბნებიან უარს, მაშინ როდესაც ამის უფლება კანონით გვაქვს გარანტირებული. ვაძლევთ კიდევ ორდღიან ვადას და თუ ისევ უარს გვეტყვიან, გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რომ გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება ყველგან, სადაც შესაძლებელია" - ეუბნება Aმბები.გე -ს ადვოკატი ნინო ამირეჯიბი.

მისი თქმით, პროკურატურის ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ხელს უშლის "ასტრაზენეკას" ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობაშიც, რაც მისი შეფასებით, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. გააგრძელეთ კითხვა