"ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ"

ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო.

"ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან მიმართებაში. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით თუ დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

"დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ვაქცინაციის პროცესში იქნებიან ჩართული", - როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას.

ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამინები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა ტიკარაძემ.

"დანაკარგია ვაქცინის 3%-მდე, რაც არის 181 დოზა", - მისივე განმარტებით, ფიქრობენ, რომ ე.წ. დანაკარგი დოზებით პოლიციის და ჯარის წარმომადგელები აცრან, რომლებიც "სათადარიგო სიაში" იქნებიან.

"იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პოლიციის და ჯარის ჩართულობა პროცესში და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომლებზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს", - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: