"7 წელიწადს ვიყავი მარტო და ღმერთმა გამომიგზავნა ის, რომელსაც ვნატრობდი..."
"სულ დატვირთული ვიქნები, ვიდრე ცოცხალი ვარ და ვიდრე თვალი და ხელი გამიჭრის. პანდემია რა არის?! თუ ღმერთს უნდა, მაგასაც ვერ ავცდები"
შემთხვევით დავმეგობრდით, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელით. მიხვდა, რომ ხელოვნება მიტაცებს. მისმა შედევრებმა ისე მომხიბლა, ყოველ საღამოს ვათვალიერებდი და, მიუხედავად ჩვენი "ჩაკეტილობისა", მისი გამარჯვებებისა და პრიზების შესახებ ამ გზით ვიგებდი.
ამ მხატვარს ფიროსმანს ადარებენ. 29 წლის ასაკში დაიწყო ხატვა. წაერთვა მარჯვენა ხელ-ფეხი, გადაადგილდება ეტლით, თუმცა აქტიურად აგრძელებს ხატვას მარცხენა ხელით. მისი ნახატები მოხვდა საფრანგეთში, იაპონიაში, ინგლისში, ისრაელსა და რუსეთში. მან მოხატა ფრესკები რამდენიმე ეკლესიაში. მისი ხელწერით დაინტერესდა ფრანგულ-იაპონური გალერეა პარიზში. ეს მხატვარი რეზო მექვაბიშვილია. მის შესახებ ბევრი შეიძლება დავწერო შესავალში, მაგრამ ჯობს, თავად მოყვეს საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
- უპირველესად, ის მომეწონა, რომ დარდს და ამაო განსჯას არ მიეცით თავი და შემოქმედებითად სულ დატვირთული იყავით. როგორ გადაიტანეთ პანდემიის პერიოდი და რა გაძლევდათ სტიმულს? რა იყო ის გამარჯვებები, რომლის შესახებაც სოციალური ქსელით ვიგებდი?
- სიმართლე გითხრათ, ყველა მიმართულებით ჩაკეტილი იყო ყველაფერი და ისევ ინტერნეტის საშუალებით, უცხოელი კოლეგები აღიარებდნენ ჩემს გარკვეულ ნამუშევრებს. სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს ერთი ჯგუფი გვაქვს და პრიზებიც აქედან მაქვს მიღებული. სტიმულს მაძლევს სიყვარული და სიცოცხლე. სულ დატვირთული ვიქნები, ვიდრე ცოცხალი ვარ და ვიდრე თვალი და ხელი გამიჭრის. პანდემია რა არის?! თუ ღმერთს უნდა, მაგასაც ვერ ავცდები.
- ახლა უკვე ათასიდან ერთი რომ იყოს, ვიცნობ თქვენს ნახატს, იმდენად გამორჩეული ხელწერა გაქვთ. შესავალში ვთქვი, რომ 29 წლისამ დაიწყეთ ხატვა...
- ბებია, დედის დედა, სვეტიცხოველში მესანთლე იყო, ბიძა – მღვდელი… დედა მცხეთიდან იყო, სვეტიცხოვლიდან 50 მეტრში იდგა ჩვენი სახლი. ბებიას მეც ხშირად დავყავდი ტაძარში. ერთხელ, მეოთხე კლასში რომ ვიყავი, სამხატვრო აკადემიის ლექტორი შეესწრო, როგორ გამოვართვი ბებიას ფურცელი და იქვე ხატი დავხატე. - ჩემი შვილიშვილიაო, – უთხრა ბებიამ. რომ გაიზრდება, მოიყვანე აკადემიაში, ნიჭი არ დაიკარგოსო…
პარადოქსია: ბავშვობიდან ხატვა მიყვარდა, მერე ისტორიულზე ვაბარებდი, ბოლოს ინჟინერი გავხდი და ისევ ხატვას დავუბრუნდი - გავხდი ის, რასაც თავიდანვე უნდა გავყოლოდი. შემდეგ დიდი პაუზა მქონდა.
1987 წლის 6 ივნისს კი მესიზმრა, მთვარის შუქით განათებულ ტყეში მივდიოდი და წინ გამოჩნდა სოფელი და ეკლესია. რომ გავიღვიძე, სამსახურში აღარ წავედი, ბავშვობისდროინდელი გუაშები და ფუნჯი მოვძებნე და… მას მერე დავიწყე ხატვა. ხატვის გამო სამსახური მივატოვე… ერთი წლის შემდეგ ჩემი პირველი ნახატი გავყიდე...
- გადატანილი რთული ცხოვრების მიუხედავად, თქვენს ნახატებში დიდი სიმსუბუქე იგრძნობა. ლამის, ჰაერივით გამჭვირვალეა, დასამახსოვრებელი. როგორ ირჩევთ თემატიკას? - თემატიკა თვითონ მოდის, მოულოდნელად, და მე კი დამრჩენია, თავისთავად დავიცვა გამჭირვალე ჰაერი ნახატში და ჩემი ფერები... ზოგჯერ სიზმარშიც მინახავს, რაც უნდა დამეხატა.
- ასე ხომ არ მოვიდა იდეა, დაგეხატათ "ქრისტე უდაბნოში", რომელიც თქვენი უსაყვარლესი ნამუშევარია? - მისი ისტორია ასეთია: მთვარის შუქით განათებული მინდორი, ყვავილები და ხე 1995 წელს გადავშალე, უდაბნოდ ვაქციე და ქრისტე გამოვსახე, ქვაზე ჩამომჯდარი. ეს ნახატი – "ქრისტე უდაბნოში" მთელი გულით და სულით შევასრულე და უსაყვარლესია ჩემთვის. მაცხოვარს მარჯვენა ფეხი დამალული აქვს, ხოლო ხელი - გაუშლელი… დღესაც არ ვიცი, რატომ შევცვალე ნახატი, ეტყობა, წინასწარმეტყველებასავით იყო, რომელიც 12 წლის მერე, 2007 წელს ასრულდა, როცა ინსულტი დამემართა და მარჯვენა ხელი და ფეხი წამერთვა.
- თქვენს თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს. "ნიკალა ილოცება", "ექვთიმე თაყაიშვილი", "აფხაზეთის ღამე", "გალობანი სინანულისანი"... ქართველ მხატვრებს გამოსახული ჰყავთ დავით აღმაშენებელი, მაგრამ ამ შინაარსით არავის დაუხატავს...
- დიდი ფიქრის შემდეგ მოვიდა შინაარსი, თორემ სურვილი სულ მქონდა, აღმაშენებელი დამეხატა. ასეთი მარტივი არ არის, ყოველი მეორე დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს რომ ხატავს. წმინდანები არიან ისინი. დიდი პასუხისმგებლობაა. უხერხულია, თამარი ისე გამოსახო, გეგონება, ყავას გუშინ ერთად მიირთმევდით. "გალობანი სინანულისანი" ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა. დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.
- ასევე, მინდა ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ ცხინვალში ეკლესიები მოხატეთ... - სრულიად მოულოდნელად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შევხვდი. ჩემი სურვილი განვუცხადე, ეკლესიის მოხატვა რომ მინდოდა. მან გულში ჩამიკრა და ლოცვა-კურთხევა მომცა.
გორის რაიონში ფრესკები მოვხატე მეჯვრისხევის წმინდა გიორგის, ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარში და ახრისის წმ. გიორგიში...
1992 წელი იყო, წინა დღეს დავასრულე წმინდა დავით აღმაშენებლის და წმინდა ქეთევან წამებულის ფრესკების კონტურები, მეორე დღეს უნდა გამეგრძელებინა ხატვა. მაგრამ მეორე დღეს ვნახე, რომ ქეთევან დედოფლის ფრესკის კონტური გამქრალიყო და დავით აღმაშენებლის – არა. გაგვიკვირდა და ვერ ავხსენით. იმ ადგილს ხელი აღარ ვახლე და მხოლოდ დავითის ფრეკა მოვხატე ფერებით… გავიდა ხანი და ორი წლის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ის ადგილი გადასკდა, სადაც ქეთევანის ფრესკა უნდა მომეხატა…
რაც შეეხება ცხინვალს, 2000 წლის 7 აპრილს მაცხოვარი დამესიზმრა, რომელიც მოწყენილი მიყურებდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 7 აპრილს ცხინვალში დეიდაშვილთან მოვხვდი სტუმრად… ხატმწერი არ ჰყავდათ და წმინდა გიორგის სახელობის ზღუდარის ეკლესიის მოხატვა შემომთავაზეს. მამა ალექსანდრემ კურთხევა მომცა… საკურთხეველში 5 წმინდა მამა უნდა მომეხატა: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, სოფრონ იერუსალიმელი, მეხუთე მე შევთავაზე, ვუთხარი, პეტრე იბერს დავხატავ-მეთქი. მამა ალექსანდრემ ლოცვა-კურთხევა რომ მომცა, ცაში დავფრინავდი, რომ ქართულ ეკლესიაში ქართველი წმინდანი იქნებოდა გამოსახული. მაგრამ ცხინვალის ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი აენთო, როცა ფრესკაზე რუსულად მინაწერი წაიკითხა: "პეტრე იბერი"… მალე იძულებული გავხდი ცხინვალიდან წამოვსულიყავი.
- ბატონო რეზო, გამოდის რომ მარჯვენა ხელით დაიწყეთ ხატვა, მაგრამ როდესაც თქვენი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი შექმენით, უკვე მარცხენა ხელით ხატავდით. არ გაგიჭირდათ? - მარცხენა ხელით თუ დავხატავდი, ვერ წარმომედგინა. მეგონა, გამიჭირდებოდა. ავადმყოფობის მოსვლიდან, ერთი წლის თავზე უსანეთის დღეობა იყო, ზუსტად იმ დღეს დავხატე პირველი ნახატი მარცხენა ხელით და დაიწყო ხელახლა დაბადება. როცა ვხატავ, ყველაფერი მავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ეტლით ვმოძრაობ, ჩემს თავს ბედნიერ კაცად ვთვლი.
- წლების წინ ახსენეთ, რომ ბაღი გინდოდათ, გაგეკეთებინათ და რომ ეს დიდი ხნის ოცნებაა. იმასაც წუხდით, რომ მეუღლე ადრე გარდაგეცვალათ, მარტო ცხოვრობდით, ბავშვებთან ერთად. რა შეიცვალა ამ კუთხით?
- ეს დიდი ხანია, მინდოდა. დედა მცხეთელი მამულაშვილი მყავდა, მიხა პაპას (მიხეილ მამულაშვილის) ნათესავი. მეუღლესაც უყვარდა მცენარეები, მაგრამ სულ მარტო დავრჩი... ეს ჩვენი ედემის ბაღი კი გაუბედურდა. შვილებთან და შვილიშვილებთან ვერ ვიქნებოდი, მიუხედავად დიდი სიყვარულისა. ვერ ვიტან ხმაურს, როდესაც ვხატავ! იქ მხოლოდ კლასიკური მუსიკაა. 7 წელიწადს ვიყავი მარტო და ღმერთმა გამომიგზავნა ის, რომელსაც ვნატრობდი... ქალი უფლისმოყვარე, განათლებული და მშრომელი... რაც შეეხება ყვავილების ბაღს... მცენარის გაზრდა დროს მოითხოვს... ამ სურვილსაც ავისრულებ, იმედი მაქვს.
ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)