"კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის"

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა საგანგაშო სიგნალია, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღის რისკი გაჩნდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების დაცვაა საჭირო, რაც არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.

"ბოლო 3 დღეში ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. საბედნიეროდ, ჯერ სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, დღეს იყო გარდაცვალების 5 შემთხვევა, მაგრამ 616 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 676 მაშინ, როდესაც 200-300 შემთხვევაზე მეტი არ იყო. ეს ძალიან სერიოზული სიგნალია, თუმცა ჯერ საგანგაშო არ არის. ეს ჯერ არ ნიშნავს მესამე ტალღას, მაგრამ ძალიან სერიოზული სიგნალია იმისთვის, რომ თუ ჩვენ არ მოვეგებით გონს, არ დავუბრუნდებით სიფრთხილის ზომებს, რომელიც გვქონდა, მხედველობაში მაქვს პირბადეების მასობრივი ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებები, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი.

ჩვენ არ ვცხოვრობთ ევროპისა და მსოფლიოს გარეთ, მათგან დამოუკიდებლად და თუ უკვე მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაიწყო ან ზოგან იწყება, სამწუხაროდ, ჩვენც შეიძლება ვერ ავცდეთ მესამე ტალღას, თუ პირბადეების მასობრივ ტარებაზე არ გადავედით და სოციალურ დისტანცირებაზე, ამას რა მოყვება ყველამ ვიცით. ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის",-განაცხადა ცერცვაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ თუ ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზრდება, შესაძლოა, ქვეყანაში შეზღუდვები განახლდეს.

თენგიზ ცერცვაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვაქცინების სრულად ათვისება არ მოხდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

"თუ დაინახავენ, რომ ის მარაგი, რომელიც შემოტანილია, მოთხოვნილებას აჭარბებს, ახლა ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ არის, შემდეგ დაიწევს 55 წელს ზემოთ და შემდეგ სრულად საყოველთაო გახდება, მაგრამ თუ ათვისება მოხდება, მაინც გახდება საყოველთაო, ოღონდ ივნისიდან. თუ ათვისება არ იქნება იმ ტემპით, როგორც საჭიროა, მაშინ შეიძლება ახლავე საყოველთაო გახდეს",-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ორივე ვაქცინის, როგორც "ასტრაზენეკას", ასევე "ფაიზერის" ჩატარება ძალიან სასარგებლოა.

"ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გააქტიურდა, თუ თავიდან, პირველი 11 დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში 150 ადამიანი იცრება დღეში. ფაქტია, რომ 14 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია არა მარტო "ფაიზერზე", არამედ "ატრაზენეკაზეც". პრაქტიკულად, გათანაბრდა მოთხოვნა ორივე ვაქცინაზე, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე ლიდერია, არაფრით სჯობს "ფაიზერი" "ასტარზენეკას", ეს ბოლო ძალიან დიდ კვლევით დადასტურდა, რომელიც ამერიკელებმა ჩაატარეს, სადაც სხვათაშორის, "ასტრაზენეკამ" და არა "ფაიზერმა"100%-იანი დაცვა აჩვენა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, ხოლო სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა",-განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის აზრით, თუ ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

"დაახლოებით კიდევ ორჯერ უნდა გაიზარდოს ის ნაკადი, რომელიც დღეს არის, მაგრამ უკვე იმედი მომეცა. ჩემში უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს პირბადეების ტარება. ვაქცინაციის ტემპი თუ გაიზარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასობრივ ვაქცინაციას მივაღწევთ, მაგრამ პირბადებზე ამას ვერ ვიტყვით. სამწუხაროდ, პირბადებიის გამოყენება 40%-მდე შემცირდა", - განაცხადა ცერცვაძემ.

პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებით, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას იძლევა თუ არა ვაქცინა იმის გარანტიას, რომ პოსტკოვიდური გართულება არ იყოს.

როგორც მან აღნიშნა, "ატსრაზენეკას" ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს, რომ კორონავირუსი მძიმედ არ წარიმართოს და სიკვდილით არ დასრულდეს.

"ვაქცინამ იმის გარანტია უნდა მოგვცეს, რომ კოვიდის შემთხვევები ძალიან შემცირდეს, 100%-ით ვერ იცავს, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 70-დან 95%-მდე იცავს. მძიმე შემთხვევებიდან "ასტრაზენეკა"100%-ით იცავს. მძიმე შემთხვევა რას ნიშნავს იცით, "ასტრაზენეკას" რომ გაიკეთებ, ის ვერ გიცავს მთლიანად, რომ ავად არ გახდები, შეიძლება ვინმე დაინფიცირდეს, მაგრამ მძიმე ფორმა, მძიმე მიმდინარეობა არ განუვითარდება და სიკვდილით არ დამთავრდება. პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებით. არავითარი კავშირი არ აქვს. ვაქცინამ უნდა დაგვიცვას ინფიცირებისგან. ვაქცინას პოსტკოვიდურ სინდრომთან არავითარი კავშირი არ აქვს", -განაცხადა ცერცავძემ.

მან ასევე ჩინურ ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ისიც ეფექტიანი იქნება, რადგან მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე იყენებს.

"ჩვენ ამ შემთხვევაში მკაცრი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ვუყურებთ. რამდენადაც ვიცი, ერთი-ორი მკაცრი მარეგულირებლის რეკომენდაცია ჩინურ ვაქცინას უკვე აქვს. უნგრეთი მკაცრ მარეგულირებლად ითვლება. ველოდებით, როდესაც ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აღიარებას მიიღებს. დიდი ალბათობით, ცუდი ვაქცინა არ არის. ალბათ, კარგია, თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას,რომ ჩინური ვაქცინით იცრებიან თურქეთში, აზერბაიჯანში, ბრაზილიაში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და ძალიან ბევრ საკმაოდ შეძლებულ და გავლენიან ქვეყანაში", - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"