"აზერბაიჯანში ჩვენი მატყლით ქსოვდნენ ხალიჩებს, მაგრამ არავინ ახსენებდა, რომ ეს თუშური იყო" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანში ჩვენი მატყლით ქსოვდნენ ხალიჩებს, მაგრამ არავინ ახსენებდა, რომ ეს თუშური იყო"

"საკმაოდ პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი. არც ვიცნობდი, ასაკით უფროსი იყო ჩემზე. ოჯახებს მოსწონდათ ერთმანეთი და ასე გადაწყდა ჩვენი საქმე"

ლილი მურთაზაშვილს მალე 80 წელი შეუსრულდება, მაგრამ წლები ხელს არ უშლის საქმის კეთებაში. თუშეთში დაბადებულსა და გაზრდილს შრომა პატარაობიდანვე უწევდა. ხელსაქმე ბებიებმა ასწავლეს და სკოლაში 55-წლიანი პედაგოგობის შემდეგ კვლავ გაიხსენა ეს ტრადიციული საქმიანობა. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს - "აწარმოე საქართველოს" მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ყველა საჭირო ნივთი შეიძინა და როგორც თავად ამბობს, თუშურ მატყლს ახალი სიცოცხლე შესძინა.

- ახმეტაში, ქვემო ალვანში ვცხოვრობ. თუშეთში, მეცხვარის ოჯახში დავიბადე, იქ გავიზარდე და დავბერდი. მშობლები წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი, პატარაობიდანვე შრომის ფერხულში რომ არ ჩაბმულიყვნენ, იმ მიკარგულ მთებში სხვანაირად ვერ იცხოვრებდნენ. კაცები ცხვრის მოვლით იყვნენ დაკავებულები, ქალები კი ცხვრის ნაწარმის დამუშავებით. გაუსაძლისი იყო ქალების ხვედრი - ქსოვა, საოჯახო საქმე, შვილების გაზრდა, ყველაფერი მათ კისერზე გახლდათ. რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება. მგზავრობა ისეთი საშიში იყო, ერთი არასწორი ნაბიჯი და კლდიდან შეიძლება ისე გადავარდნილიყავი, ვერც გიპოვიდნენ. ისე კარგად მახსოვს, თუშურ ხურჯინს გადაჰკიდებდნენ ხოლმე ცხენს, ერთ მხარეს მე ვიჯექი, მეორე მხარეს ჩემი ძმა. ბუნებასთან თანაშეზრდილები ვიყავით, ბედნიერები, მიუხედავად ბევრი პრობლემისა და მკაცრი პირობებისა. მენატრება ის დრო და ის ადამიანები, ვისი სითბოც დღემდე მომყვება.

- მატყლზე მუშაობა, ქსოვა როდის ისწავლეთ?

- 8 წლისა შემიყვანეს ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში და მაგ დროს მატყლზე მუშაობა უკვე ვიცოდი. ჩემს ოჯახში ყველა ამ საქმეს ემსახურებოდა - უფროსი დები, ბებია, მამიდები, დეიდები. ჩემი მამიდები არაჩვეულებრივი ხელის პატრონები იყვნენ. დღესაც კი იხსენებენ, როგორ ფარდაგებს, წინდებს, ჩითებს ამზადებდნენ. ადრე ყველა ქსოვდა ფარდაგს. ქალი ვერ გათხოვდებოდა, თუ ხელსაქმე არ იცოდა - წინდის, ფარდაგის ქსოვა, შალის დამზადება, მისგან კერავდნენ პალტოებს, ჩოხებს. ოჯახში დასანიშნად მისულებისთვის საპატარძლოს თავის ხელით მოქსოვილი ნივთები უნდა ეჩვენებინა და ეჩუქებინა, ამით აფასებდნენ მის სიკარგეს. თუში ქალების უმეტესობა მხატვრობის ნიჭით იყო დაჯილდოებული, საოცარ ფერთა შეხამებას და სტილს იყენებდნენ ქსოვისას.

- პროფესიით ფილოლოგი ხართ. თუ მუშაობდით პედაგოგად? - ბებიას, რომელსაც ბერდედას ვეძახდით, არ უნდოდა მატყლის დამუშავებას გავყოლოდი, რადგან ძალიან შრომატევადი იყო. ამან ჩაგვხოცაო, იტყოდა ხოლმე, შენ აუცილებლად უნდა ისწავლოო. მისი შეგონებითა და სიყვარულით მართლაც კარგად ვსწავლობდი სკოლაში. 3 ფაკულტეტი დავამთავრე - პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და ხელოვნების. 55 წელი ვიმუშავე ქვემო ალვანის სკოლაში და სამივე პროფესია გამოვიყენე. მე-4 კურსზე ვიყავი, როცა დაუსწრებელზე გადავიტანე საბუთები და სკოლაში დავიწყე მუშაობა. 7 წელია უკვე აღარ ვასწავლი. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, განათლების დღევანდელი სისტემიდან რაღაცები მიუღებელია, პირველ რიგში, გოგებაშვილის "დედაენის" უარყოფა. "აი იათი" რომ არ დაიწყოს ბავშვმა პირველი ნაბიჯები, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. დღევანდელობის ისიც არ მომწონს, ტრადიციებს რომ ვივიწყებთ. ყველაზე მეტად ის სითბო და სიყვარული მენატრება, რაც უფროს-უმცროსს, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის იყო. მთაში დღესაც იგრძნობა ეს დამოკიდებულება, იქ უფრო იციან უფროს-უმცროსობა და ერთმანეთის პატივისცემა. ეს ყველაფერი, მგონია, ზედმეტმა თავისუფლებამ გამოიწვია.

- თუშებში ხართ გათხოვილი? - დიახ, პირველ კურსზევე გავთხოვდი, 19 წლისა. საკმაოდ პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი. არც ვიცნობდი, ასაკით უფროსი იყო ჩემზე. ოჯახებს მოსწონდათ ერთმანეთი და ასე გადაწყდა ჩვენი საქმე. კარგი დედამთილ-მამამთილი და მშობლები მყავდა, მათი ხელშეწყობით შევძელი უნივერსიტეტის დამთავრება.

- როგორ გაჩნდა იდეა, ხელსაქმისთვის კვლავ მოგეკიდათ ხელი? - როდესაც კონკურსი გამოცხადდა, გადავწყვიტე, ბედი მეცადა და ტრადიციული ხელსაქმე ავირჩიე, რადგან ცხვარსა და მატყლს შესაბამისი ყურადღება აღარ ექცეოდა. დღესაც ჩალის ფასად გადის აზერბაიჯანში თუშური მატყლი - გუდის ყველსა და მატყლს ერთნაირი ფასი ჰქონდა, ახლა კი გუდის ყველი 20-25 ლარი ღირს და მატყლი - 20 თეთრი. გული მწყდება ამის გამო. აზერბაიჯანში ჩვენი მატყლით ქსოვდნენ ხალიჩებს, მაგრამ არავინ ახსენებდა, რომ ეს იყო თუშური. გული მტკიოდა, რომ ჩვენი მამა-პაპა ამ საქმეს შეელია და მათი შრომა უშედეგო აღმოჩნდა. არ მქონდა იმედი, რომ ჩემი პროექტი გაიმარჯვებდა. ჩემს მოსწავლეს გავატანე თბილისში, ფოსტის ყუთში ჩააგდე, იქნებ ყურადღება მომაქციონ-მეთქი და მოვიდა პასუხი, გაიმარჯვეთო. მერე იყო სატელევიზიო პროექტი "იდეა, ფული და ერთი შანსი", სადაც პაატა კურტანიძემ და "ჯეოსელის" გენერალურმა მენეჯერმა, ოსმან თურანიმ დამაფინანსა. სწორედ მათ გახადეს ჩემი საქმიანობა მსოფლიოში ცნობადი. ამას იცით, რატომ ვამბობ? ახლაც კი, როცა პანდემიის პერიოდში ბევრი უმუშევრად დარჩა, მე და ჩემი თანამშრომელი ქალბატონები უსაქმოდ არ ვყოფილვართ. ჩემს მცირე საწარმოს, რომელსაც "თუშური ფარდაგი" ჰქვია, უამრავი შეკვეთა ჰქონდა თუშურ ჩითზე, დეკორატიულ, მოთელილ თექის პანოებსა და სხვა ნაწარმზე. ძალიან მეხმარებიან ამ საქმეში ქართველი გიდები. ახლაც ვამზადებ ჩითებს, რომელიც პერუში უნდა გავგზავნო. მაქვს შეკვეთები ჰონკონგიდან და ლონდონიდან. ვქსოვთ წინდებს, გამაშებს, გეტრებს, ცხენის აღკაზმულობას, დაახლოებით 20 სახეობის ნივთებს. 3 ოთახში მაქვს ეს ყველაფერი გამოფენილი.

- ჩითებს როგორ ამუშავებთ?

- ძალიან შრომატევადია, უნდა გამზადდეს ძაფი, უნდა შეიღებოს ბუნებრივ საღებავებში. დაახლოებით 50 ფერი მაქვს მიღებული. ფარდაგების ერთ-ერთ გამოფენაზე, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა, ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ჩემი ნამუშევრები ბრწყინავდა, რაც სწორედ ფერებისა და ორნამენტების დამსახურებაა. თუშური ნაქსოვები ყველასგან განსხვავდება - ფარდაგს თავისებური ორნამენტები აქვს, არაჩვეულებრივი ფერებია შეხამებული. რომ გადავხედავ მთელი კავკასიის ფარდაგებს, გეტყვი, რომელი ფშაურია, რომელი ხევსურული, რომელი თუშური, ყველას თავისი ხელწერა აქვს.

განსაკუთრებული პოპულარობა მომიტანა ჩემმა დამზადებულმა სასმელმა. ფუტკარი ჰყავს ჩემს შვილს და თაფლის არყისგან, ველური კენკრისგან, ფოთლებისა და ძირებისგან 20 სახის ლიქიორს ვამზადებ. ძალიან მოსწონთ ტურისტებს. თუშეთში უამრავი სამკურნალო მცენარეა, რომლითაც ჩემი ბებია, ბერდედა იყო დაინტერესებული და მეც მასწავლიდა მათ სამკურნალო თვისებებს. 4 შვილი და შვილიშვილები ისე გავზარდე, ჯერ მათთვის წამალი არ მიმიცია. თუშეთში ყოველ ზაფხულს ავდივართ და იმ პერიოდში ვაგროვებთ მცენარეებს. ტურისტებს ამ სამკურნალო მცენარეებით დაყენებული ჩაიც ძალიან მოსწონთ.

- ტურისტებს სახლში მასპინძლობთ? - დიახ, ერთი საუკუნის ხელუხლებლად შენახულ სახლში, მარანში, რომელიც მსოფლიოს ღვინის გზისა და ტურისტულ მარშრუტებშია ჩასმული. სახლი 1918-20 წლებშია აშენებული ჩემი მამამთილის მიერ. ის მთელ კახეთში ცნობილი თამადა და ტრადიციების დიდი მოყვარული იყო. 30 წელია, რაც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ დღესაც გვაცხოვრებს თავისი შრომითა და შექმნილით. ზამთარ-ზაფხულ უამრავი სტუმარი გვყავდა, ვუმასპინძლდებოდით, ვაცნობდით თუშურ სამზარეულოს, მატყლზე მუშაობის ეტაპებს, ღებვის პროცესს. ბოლო ერთი წელი, როგორც ყველა, ჩვენც გაჩერებულები ვართ პანდემიის გამო.

- ახალგაზრდებს თუ აინტერესებთ ან თქვენი შვილები თუ აგრძელებენ ამ ტრადიციას? - წლების წინ მეორეკლასელი ბავშვების ჯგუფი ავიყვანე და ქსოვა შევასწავლე. წელს უკვე სკოლას ამთავრებენ. როდესაც ტელევიზიით სიუჟეტები გავიდა ჩემზე, მიხვდნენ, თუშური ხელსაქმე როგორი პოპულარული გახდა და ბევრი დაინტერესდა. ჩემს შვილებს რაც შეეხებათ, ვაჟზე უკვე გითხარით, რომ მეფუტკრეა, ერთი გერმანისტია, მეორე ინფორმატიკის სპეციალისტი, მესამე - ისტორიკოსი და როცა თავისუფალი დრო აქვთ, ქსოვენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქალი მეხმარება, მეც ვერ ვისვენებ უსაქმოდ - ვთელავ, ვღებავ, ვქსოვ, ძალიან მამშვიდებს ეს საქმე.

- წარმატებებს და წელთა სიმრავლეს გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"