"სიკვდილს ვერავინ გაექცევა, მაგრამ გააჩნია ქვეყანას ვინ უკვდება... ბატონი ანზორი იყო ერის ადამიანი და სულ მინდოდა, ქედი მომეხარა მის წინაშე" - კვირის პალიტრა

"სიკვდილს ვერავინ გაექცევა, მაგრამ გააჩნია ქვეყანას ვინ უკვდება... ბატონი ანზორი იყო ერის ადამიანი და სულ მინდოდა, ქედი მომეხარა მის წინაშე"

ელდასავით იყო დღეს ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების ამბავი. მასთან და მის მეუღლესთან დიდი ხნის ახლობლობა მაკავშირებდა, ჯერ კიდევ - რადიოს პირველი არხიდან. ვიცოდი, კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ლოცულობდა მის გამოსაჯანმრთელებლად. სამწუხაროდ, ვირუსს ვერ მოვერიეთ. 80 წლის ფოლკლორისტი და ერის კაცი - ანზორ ერქომაიშვილი დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

მან მთელი ცხოვრება ქართული ხალხური სიმღერების მოძიებას, აღდგენასა და მათი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციას მიუძღვნა. წლების განმავლობაში დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მაგნიტოფონით უძველეს სიმღერებს იწერდა. მან დააარსა ანსამბლები "გორდელა", "რუსთავი" და "მართვე". როდესაც მის 80 წლის იუბილეზე ბრწყინვალების ორდენი გადასცეს, აღნიშნა, ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ეს არის იმ ხალხის დამსახურება, რომელმაც ასეთი ფოლკლორი შექმნა, მოიტანა აქამდე და ანცვიფრებს მსოფლიოსო.

ბატონ ანზორზე სასაუბროდ, მის მოსაგონებლად იმ ადამიანებს დავურეკე, ვისთვისაც სწორედაც რომ უპირველესად უნდა მიმესამძიმრებინა ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო - მისთვის ძვირფასებსა და უახლოესებს. და ვერც ერთმა მათგანმა - ქალბატონმაც და მამაკაცმაც მასზე საუბრისას ცრემლი, ქვითინი ვერ შეიკავა. ეს ცრემლი მათ ყოველ სიტყვაში იგრძნობოდა.

ეთერ თათარაიძე, პოეტი, ფოლკლორისტი:

- რა უცნაურია, ალბათ, ფოლკლორთან კავშირში, მე და ამირანს (მეუღლე ამირან არაბული - ი.ხ.) დილიდან გვირეკავენ და სამძიმარს გვეუბნებიან. ყველასთვის ძალიან მძიმე დღე გათენდა დღეს. სიკვდილს ვერავინ ვერც დაემალება, ვერც გაექცევა. მაგრამ გააჩნია ვინ კვდება, ქვეყანას ვინ უკვდება. მე ძალიან დიდ სამძიმარს ვეუბნები ოჯახს და... პირველ რიგში, მაინც ჩვენს ქვეყანას ვეუბნები სამძიმარს, იმიტომ, რომ მე მგონია, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად არის - როცა შენს საგანძურს მთელი სიცოცხლე დაჰკანკალებს და უვლის ადამიანი... თავისი ქვეყნის სულიერ საგანძურს... რომელიც ამის გარეშე ერთ დღესაც არ ცოცხლობს ცნობიერად და... დღეს აი, იმან დახუჭა თვალები. მაგრამ სულ მგონია, მისი სული იქიდან მაინც ძალიან ბევრ რამეს შეძლებს-თქო... ეგეთი ადამიანები რო უკვდება თავის ქვეყანას, ის ძალიან დიდი დანაკლისია. ეს არც ახალი ამბავია და - არც სიბრძნეა ჩემგან, არც სიჭკვიანე. ვეუბნები მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, ლალი სეთურიძეს, ნამდვილ სამძიმარს, იმიტომ, რომ მან თავი შესწირა ბატონ ანზორს და ბატონმა ანზორმა - თავის ქვეყანას. გამოდის, რომ ორივემ ერთად იღვაწა. გამონაკლისი წყვილი იყო. ქალბატონ ლალის ვეუბნები, რომ მე ძალიან მტკივა მისი სიმარტოვე და ვუსურვებ გამძლეობას. არც ერთი ადამიანი არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას დასაკარგი, არც ერთ ასაკში. ხალხურში იტყვიან, - მიუხვალ მამა-პაპათო, "ამოღებულის ხმალითა"... ეგ წინათ, რა თქმა უნდა, ბრძოლაში იტყოდნენ, ბატონი ანზორიც მიუვა ნამდვილ მამა-პაპათა - ღირსეული შვილი ღირსეულ წინაპრებს. გამდიდრდა საიქიო, ძალიან ბევრი, ჩვენს თვალწინ მოქმედი ერისკაცი დაწვება მიწაში, წვება და დაწვა, მათ შორის არის ბატონი ანზორი და ვალმოხდილია - ეს დიდი ამბავია ადამიანისთვის. ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ გაძლება გვინდა. სხვა, ჩვენ ვერ ვეწინააღმდეგებით ვერც სიკვდილს, ვერც ამ საშინელ პანდემიას, დედამიწა რომ გააოგნა.

დათო ცინცაძე, ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი:

- უპირველესად, რაც კი რამ ფერადი იყო ქართულ ხალხურ სიმღერაში, რაც კი ხვალინდელ დღეს გვიხარებდა და გვაიმედებდა, ყველაფერი შავ-თეთრი გახდა; რამდენ სისუფთავეს ინახავდა და სხივს, ნამუსსა და სინდისს, აწი რა გაუძლებს მის გარეშე, ახლა ეს არის საფიქრალი; მესამე ის არის, რომ რამდენად ღირებული და ღირსეული ადამიანი იყო, რომ ეკითხებოდნენ, შინიდან არ გადიოდით, როგორ, საიდან, ვისგან გადაგედოთ "კოვიდი", ბატონო ანზორო, მოკლედ პასუხობდა, ხანდახან ერთი დადიოდა ჩვენთან, სახლში და იმან გადამდოო - არაფრით თქვა, ვისგან გადაედო, ვის ჰქონდა მასთან კონტაქტი... ამ შემთხვევაში, ცუდ ადამიანად კი არ ვახსენებ გადამდებს, უბრალოდ, ბატონი ანზორის დამოკიდებულებას ვუსვამ ხაზს... ძალიან ნამუსიანი კაცი იყო...

- დათო, ბატონი ანზორის აღზრდილი იყავი და მუდამ გვერდში ედექი, თითქოს, გათანაბრებულიც ჰყავდი ხალხურ სიმღერებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობისას... - თვითონ იყო ასეთი - თანაბარუფლებიანობის განცდა ბატონ ანზორთან მარტო მე კი არა, ყველას გვქონდა, პატარა ბავშვსაც - კი. გურიაში იყო, ჩემთან, სახლში და ჩემი პატარა შვილი რომ შემოვიდოდა ოთახში, ფეხზე დგებოდა. ასეთი იყო "მართვეს" ბავშვებთანაც. თითოეული გაიხსენებს, რომ ბავშვობაში მასთან რომ შედიოდნენ, ყოველთვის ფეხზე დგებოდა და ისე ესალმებოდა. ის იყო კაცი, რომელსაც არ ეთაკილებოდა სხვისი პატივისცემა - არასდროს და არაფერში... ძალიან რთულია მასზე წარსულში ლაპარაკი. ერთს გავიხსენებ: ბოლოს, რეანიმაციაში რომ იყო, იქაც ნიღაბი ეკეთა და ტელეფონით ისე მელაპარაკებოდა. ბოლო საუბრისას მითხრა, დათო, თუ გამოვძვერი, ის საქმე უნდა დავამთავროთო - დაწყებული გვქონდა ახალი საქმე, რომელიც გულისხმობდა 100 ხალხური სიმღერის ვიდეოკატალოგის გაკეთებას. ეს უნდა გაგვეკეთებინა "საზოგადოებრივ მაუწყებლის" პირველ არხთან ერთად. დავიწყეთ ეს პროექტი და პირველი ნაბიჯიც გავიარეთ - მე და მიშო ჯავახიშვილმა გუშინ დავასრულეთ იმ 100 სიმღერის პირველი პირის ჩამოწერა, რომელზეც უნდა გადაღებულიყო ვიდეოები. სწორედ გუშინ ვეუბნებოდი მიშოს, ერთი გამოკეთდეს, რომ ვაჩვენო-თქო, დღეს დილით კი ეს ამბავი მოხდა... ძალიან რთულია ანზორ ერქომაიშვილზე ლაპარაკი... მახსენდება, "შავნაბადას" ბიჭები, ძალიან პატარები, ჰოლანდიაში ვიყავით და რემბრანტის სახლ-მუზეუმში მოეწყო წვეულება - სუფრას ჰოლანდიის და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ჩვენ სუფრას არ ვუსხედით, დაგვიძახეს იმისთვის, რომ "შავნაბადას" ემღერა. პატარები ვიყავით და ცოტათი უსიამოვნო განცდა გვქონდა, ვითაკილეთ, ისინი ქეიფობდნენ და ჩვენ უნდა მივახლებოდით და გვემღერა, არადა, რა სათაკილო ეს იყო, მაგრამ - ასაკის გამო დაგვემართა. რომ დაგვიძახეს და შევედით, ეტყობა, ბატონმა ანზორმა იგრძნო ჩვენი განწყობა, სუფრიდან წამოდგა, მოვიდა, შუაში ჩაგვიდგა და თვითონ დაიწყო "ცედური მრავალჟამიერი". ამით წაშალა ზღვარი იმ სუფრასა და ჩვენ - მიწვეულ მომღერლებს შორის. ასეთი კაცი იყო! დათო ცინცაძე და ანზორ ერქომაიშვილი - შენი აზრით, რა დააკლდება მისი ამქვეყნიდან წასვლით ქართულ სიმღერას? - ყველაზე მეტად, სინდისი დააკლდება ხალხურ სიმღერას, სადაც ზღვარი იყო გავლებული და ბევრ რამეს ინახავდა... თორემ თვითონ ბატონი ანზორი ცხონდება და იქ უკეთესად იქნება, ჩვენ რა გვეშველება, ესაა საქმე. სხვა მხრივ, მან ისეთი დიდი ღვაწლი დასდო ხალხურ სიმღერას, რაც არ იყო, ლამის, ისიც ბატონმა ანზორმა გააკეთა და გააკეთილშობილა. და კიდევ რამდენს მოიგონებდა და რამდენ კარგ საქმეს გააკეთებდა, კაცმა არ იცის.

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი, მუსიკისმცოდნე:

- რომ მახსენდება, ვგიჟდები, მამაჩემის შემდეგ ასეთი განცდა არავისზე მქონია. მარიამიც მეუბნებოდა, სულ ვგრძნობდი, რომ ჩემი ბაბუ იყოო. ეს, რაც ჩემთვის იყო და რაც ერისთვის, ქვეყნისთვის იყო? ისეთი გაოგნებული ვარ, არც ვიცი, რა ვთქვა. აღარ ეყო საქართველოს ამდენი დანაკლისი? უცნაური არ არის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში გომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი და ანზორ ერქომაიშვილი - უცბად გაქრა ანსამბლ "გორდელას" პირველი თაობა, რომელმაც უდიდესი საქმეები აკეთა, დიდი სიტყვა თქვა და თაობებს გზა გაუკვალა! მისგან განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი, რომ იტყვიან, ჩახუტებული ვყავდი მთელი ჩემი ოჯახით. მას ჩვეულებრივ, ჩემთვის საყვარელ ადამიანად არ აღვიქვამდი, ეს იყო ერის ადამიანი და სულ მინდოდა, ქედი მომეხარა მის წინაშე. ასე მგონია, რაღაცები მაინც დავაკელით... ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ძალიან. თან, იცი, რა არის? იმდენად ენერგიული იყო, კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო და ამაზე მწყდება გული. თითქოს, სოლიდურ ასაკში წავიდა, მაგრამ მას ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა...

ოჯახებით ძალიან ვახლობლობდით და ჯერ კიდევ კოკო და მარიამი პატარები რომ იყვნენ, ტრადიციად გვქონდა, ყოველ 2 იანვარს, მასთან უნდა ვყოფილიყავით. წელს თვითონ დამირეკა, ისიც დამელაპარაკა და ლალიც, მისი მეუღლე, - ამ პანდემიის პერიოდში როგორ გითხრათ, მოდით, თან მისაქციელში ვართ და სად ჩამოხვალ ახლაო... თვითონვე გამათავისუფლეს უხერხულობისგან.

ვერ ვინელებ... ძალიან მენანება... ისეთი იმედი მქონდა, რომ გამოუძვრებოდა ამ საშინელ ვირუსს. გული ჩამწყვიტა ამ კაცმა!

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- ყველა ერს, თუ მართლაც ერი არის, აქვს განსაკუთრებული იდენტობა, რის გარეშეც შეუძლებელია, ის ერი არსებობდეს, რადგან ინდივიდუალიზმზე არის, გარდა ყველაფრისა, ერებიც დაფუძნებული. რაღაც უძლიერესი აქვთ მათ, რაშიც ვლინდება იგი. ჩვენთან ეს არის მრავალხმიანობა. ანზორი ის კაცი იყო, ვინც ამას - ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, რაც ჩვენ ძალიან განგვასხვავებს ბევრი სხვა ერისგან, დღედაღამ უჯდა, მასზე ფიქრობდა, პრაქტიკულად ამას ახორციელებდა, ეძებდა, როგორც ისტორიკოსი, მასალებს. საქართველოსთვის უზარმაზარი საქმე გააკეთა ამ უდიდესმა პიროვნებამ, ამ უდიდესმა ადამიანმა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული სხვადასხვა მიმართებებით, მაგალითად, კინოს მიმართ. "თუში მეცხვარე" - შესანიშნავი ფილმი, ქართული კლასიკა, სრულიად ახალი სიტყვა ქართულ კინოში, რომელიც სოსო ჩხაიძემ გააკეთა, ვერაფრით იქნებოდა ასეთი ანზორ ერქომაიშვილისა და გურული მოხუცი მომღერლების გარეშე. გადაღებებზე ანზორი გვერდიდან არ მოშორებია სოსო ჩხაიძეს. ბედნიერი ვარ, რომ მეც მომიწია მასთან მუშაობამ. 1970-იან წლებში ერთი ფილმი იყო მხატვრული, მეორე იყო "გზა", სადაც საქართველოს ისტოიაზე იყო ლაპარაკი და მესამე იყო "ფენომენი", რომელიც სწორედ ქართულ მრავალხმიანობაზე გადავიღე და ანზორი მუდამ გვერდში მედგა, როგორც კონსულტანტი ეს საოცარი პიროვნება, საოცარი მეცნიერი, უთავმდაბლესი ადამიანი... ადამიანი, რომელიც, ამავე დროს, უპრინციპულესი იყო... ადამიანი - სიკეთით, სიყვარულით სავსე. არ ვიცი, როგორი ადამიანი დაკარგა საქართველომ - უდიდესი პიროვნება. როგორ გინდა წარმოიდგინო, რომ ასეთი, ენერგიით სავსე ადამიანი უცებ წავიდა კორონავირუსის გამო, რომელიც ასე მოედო მთელ მსოფლიოს და ანადგურებს ხალხს.

პ.ს.

ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ერთხელ უთქვამს, ადამიანი ცოცხლობს და ფასდება იმის მიხედვით, რაც მან გააკეთა თავისი არსებობის განმავლობაში. რაც უფრო დიდხანს მოვიგონებთ მის გაკეთებულ საქმეს, უფრო დიდხანს ვაცოცხლებთ. ბაბუა რომ კვდებოდა, მითხრა - ეჰ, დიდხანს ის კაცი ცოცხლობს, ვისაც დიდი სახელი რჩებაო. თუ ჩემს საქმეს გააგრძელებენ ჩემი გაზრდილები, - კარგია თუ ცუდია ეს საქმე, ნუღარ შევაფასებთ, - მაშინ მე დიდხანს ვიცოცხლებო.

რედაქციის სახელით და პირადად, ჩემი სახელით ვუსამძიმრებ საქართველოს და ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს, მის შესანიშნავ მეუღლეს - ლალი სეთურიძეს, ნათელი არ მოჰკლებოდეს ამ უდიდესი ქართველის სულს!

(სპეციალურად საიტისთვის)