"პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს" - რას აცხადებს ანრი ოხანაშვილი ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებაზე? - კვირის პალიტრა

"პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს" - რას აცხადებს ანრი ოხანაშვილი ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებაზე?

პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მაჭავარიანის გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას, ოხანაშვილი პასუხობს, რომ მისთვის ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ახლა გახდა ცნობილი და მიზეზებთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია რაიმე სახის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაურის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. არ მგონია, რომ ვინმე, რაიმე პასუხისმგებლობას გაურბოდეს. ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი, არ ვიცი რაშია საქმე, გავარკვევთ გუნდში. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და არავინ არ გავექცევით პასუხისმგებლობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, ეს არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, გვაქვს პანდემიის სიტუაცია, სადაც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა უპირველესია, ასევე ეკონომიკა, სოციალური მიმართულება. ამ დროს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საზოგადოებას ტვირთი. არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა“, - აცხადებს ოხანაშვილი.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ივანე მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ახალ გუნდს, ოხანაშვილი პასუხობს, რომ „ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს“.

ოხანაშვილის თქმითვე, მაჭავარიანის მიმართ საკომიტეტო მოსმენების დროს არანაირი კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ.

"ინტერპრესნიუსი"