"ჯერ პრემიერის, ახლა კი ფინანსთა მინისტრის გადადგომა, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"ჯერ პრემიერის, ახლა კი ფინანსთა მინისტრის გადადგომა, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა"

"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ჯერ პრემიერ-მინისტრის, ახლა კი ფინანსთა მინისტრის გადადგომა აჩვენებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა.

როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით განუცხადა, არსებული ვითარებიდან გამოსავალი არა მინისტრთა გადადგომა, არამედ ეფექტიანი პოლიტიკური შეთანხმებებია.

"ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახლა კი ფინანსთა მინისტრის, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა და გამოსავალი, სამწუხაროდ, მინისტრების გადადგომა არ არის. გამოსავალს გაცილებთ უფრო ეფექტიანი პოლიტიკური შეთანხმებები სჭირდება, რათა ამ ქვეყანამ თავი დააღწიოს იმ პრობლემებს, რაც „ქართული ოცნების" 9-წლიანმა მმართველობამ შექმნა",- განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მაჭავარიანი არ ასახელებს თანამდებობის დატოვების მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

"ინტერპრესნიუსი"