რესტორანი, სადაც რუსი ჟურნალისტი იმყოფება, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა - კვირის პალიტრა

რესტორანი, სადაც რუსი ჟურნალისტი იმყოფება, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, ობიექტი, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, 10 000 ლარით დაჯარიმდა.

ამასთან, როგორც შრომის ინსპექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტს მიეცა გაფრთხილება, რომ მიმდინარე სოციალური ღონისძიების დაშლა მოხდეს.

"შრომის ინსპექციამ ზედამხედველობა განახორციელა და აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯარიმდა ობიექტი. რაც შეეხება პირების მიერ დარღვევას, შესაბამისი სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ქმედებაზე. აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და მასალები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს“,- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი განცხადებით, ის ქვეყანაში დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფება. აღნიშნულს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, ისინი ითხოვენ, პოზნერმა საქართველო დატოვოს.

"ინტერპრესნიუსი"